მთავარი,სიახლეები

ძლიერმა ქარმა ძირითადად ქობულეთი და ბათუმი დააზარალა

04.03.2018
ძლიერმა ქარმა ძირითადად ქობულეთი და ბათუმი დააზარალა

ძლიერმა ქარმა ძირითადად ქობულეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების, ასევე ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღის სახურავი, მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა გზები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

„წუხანდელი ქარიშხლის შედეგად მუნიციპალიტეტს ზიანი მიადგა. ამ დროისათვის მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება მოვახდინოთ. დაწყებულია საბავშვო ბაღის სახურავის აღდგენითი სამუშაოები, ასევე, ინტენსიურად იწმინდება მოგლეჯილი ხეებისგან ჩახერგილი გზები. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები და ვაწარმოებდით პატრულირებას, დაწყებულია ზარალის დათვლა,“ – აღნიშნულია ქობულეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ცენტრალურ პარკში დაზიანდა და წაიქცა რამდენიმე ხე, რომლებიც გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა გაიტანეს.

„შპს ,,სანდასუფთავების“ მობილურმა ჯგუფებმა დანაგვიანებული ქუჩების დასუფთავება ქარის ჩადგომისთანავე განახორციელეს. დასუფთავდა ქალაქის ცენტრალური ნაწილი და გარეუბნები, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ზღვის სანაპირო ზოლზე. ძლიერი ქარის შედეგად მშენებარე ობიექტიდან ჩამოცვენილმა სამშენებლო მასალებმა დააზიანა და ჩაანგრია ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახლის სახურავი. აღნიშნულ მისამართზე უკვე დაიწყო აღდგენითი სამუშაოები,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ძირითადად ზღვისპირა მუნიციპალიტეტები დააზარალა. მთავრობის საგანგებო შტაბი ამ შემთხვევაში არ შეკრებილა.

საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშაოები. ფოტო: ქობულეთის მერია

ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა. ფოტო: ბათუმის მერია

ძლიერი ქარი ბათუმში. 04.03.2018 ფოტო: ბათუმის მერია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: