Batumelebi | სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლებიდან 6 ოჯახი გაიყვანეს სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლებიდან 6 ოჯახი გაიყვანეს – Batumelebi
RU | GE  

სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლებიდან 6 ოჯახი გაიყვანეს

 

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მეწყრული პროცესების გამო ხუთი ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან მაშველებმა გაიყვანეს. სტიქია მოსახლეობას პრობლემებს ქობულეთშიც უქმნის.

 

დოლოგანი

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი სოფელ აჭყვისთავში, ასევე ბიაძეების ოჯახს დაატოვებინეს საკუთარი სახლი. ბიაძეების ოჯახმა თავი ნათესავებს შეაფარეს.


კითხვაზე, სად შეაფარეს თავი დოლოგნიდან გამოსახლებულმა ოჯახებმა, ქედის გამგებლის მოადგილე, გურამ ბერიძე ამბობს, რომ დოლოგანში მოქალაქეებს სახლები არც დაუტოვებიათ: “არც ერთი ოჯახი არ გახიზნულა, სანამ წყლის დონემ დაიწია ხალხი მანამდე იყო ქუჩაში გამოსული, როგორც ასეთი ევაკუაცია არ მომხდარა. მდინარის კალაპოტი რომ გაიხსნა, წყლის დონემ დაიწია და ხალხი დაბრუნდა საკუთარ სახლებში, არც აპირებენ იქედან გასვლას. ვთხოვეთ, რომ სხვაგან გადასულიყვნენ, მაგრამ უარზე არიან”.


კითხვაზე, ვინ იღებს ამ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, რადგან მდინარის კალაპოტი გახსნილია: “თუ ისევ ადიდდა მდინარე, საფრთხე იქნება. თუ მეწყრული მოვლენები განვითარდა, იქედან ვერავინ გაასწრებს. იქ ახლა მორიგეობს როგორც პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, წვიმამ იკლო”. 


გურამ ბერიძე ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლის შემდეგ მდინარის კალაპოტი გაიხსნა და სტიქიის ზონაში მცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანა არც იყო საჭირო. 


მისივე ინფორმაციით, დაიხოცა რამდენიმე ქათამი, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე. 


დოლოგანში მცხოვრები ზაზა ჯინჭარაძე კი ამბობს, რომ ამ დროისთვის ის და მისი მეზობლები, – 5 ოჯახი ქუჩაში დგას. მისი თქმით, სახლებში დაბრუნება წარმოუდგენელია, რადგან სახლებიდან რამდენიმე მეტრში მეწყერული პროცესები ვითარდება, ხოლო მდინარე ძალიან ადიდებულია. ზაზა ჯინჭარაძე ამბობს, რომ გამგეობის წარმომადგენლებს არათუ არ შეუთავზებიათ სახლებიდან გახიზვნა, არამედ არც კი მისულან მათი მდგომარეობის გასაცნობად. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა