სიახლეები

”დამოკიდებულების გამო ისჯებიან მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანები”

07.10.2015 • 2087
”დამოკიდებულების გამო ისჯებიან მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანები”

 

„საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანები დისკრიმინირებული ჯგუფია, ისინი მარგინალიზებული არიან საზოგადოებაში. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მათი დახმარებით, ვახორციელებთ პროექტს – „დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს“. პროექტის მიზანი საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებაა, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის პოლიტიკა, რომელიც ნარკოდამოკიდებული ადამიანებს კი არ დასჯის, არამედ მკურნალობის საშუალებას მისცემს,“ – განაცხადა პროექტის წარმომადგენელმა გიორგი მარჯანიშვილმა პრეზენტაციაზე.

 

კამპანია ხორციელდება საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია AIDS Foundation East West (AFEW – Ukraine) -ის მხარდაჭერით, პროექტის “Bridging The Gaps: Health and rights for key populations”-ის ფარგლებში, ასევე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან – “თანადგომასთან” და “ბემონთან” თანამაშრომლობით.

 

შეხვედრაზე დღეს კამპანიის ფარგლებში მომზადებული კლიპიც აჩვენეს.




„როდესაც ჩვენ ვკითხეთ ადამიანებს ფოკუსჯგუფში, თუ რას შეიძლება ეძღვნებოდეს ეს კამპანია, უმრავლეობამ თქვა, რომ სიტყვა „დამოკიდებულება“ მათში იწვევს ნარკოტიკების ასოციაციას. ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მესიჯია ის, რომ დამოკიდებულება არის სხვადასხვაგვარი, დამოკიდებულება შეიძლება იყოს ყავაზე, ნიკოტინზე, ადამიანზე, წამალზე… ბევრი დამოკიდებულება, იგივე ნიკოტინი, ვნებს თვითონ ადამიანს და ასევე გარშემომყოფებსაც, თუმცა, საკუთარი დამოკიდებულების გამო ისჯებიან მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანები.

 

საზოგადოებაში არსებობს სტერიოტიპები ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ, ნარკოდამოკიდებული ადამიანი მიიჩნევა კრიმინალად, რომელიც გაყიდის ყველაფერს, მოიპარავს და ა.შ. როცა არსებობს ასეთი სტერეოტიპები, ხელისუფლება რადიკალურ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს არსებული სიტუაციის შესაცვლელად არ გადადგამს. ჩვენი მიზანია მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია, ყველა ის ორგანიზაცია და ყველა ის პირი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე, გაერთიანდეს და ეს იქნება ერთიანი ხმა, რომელიც შეიძლება მივიდეს ხელისუფლებამდე,“ – განაცხადა სანდრო გვინდაძემ.

 

საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის ნათია ხარატის თქმით, ნარკომანიასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითები უკვე არსებობს მსოფლიოში და „ველოსიპედის თავიდან გამოგონება“ საჭირო არ არის:

 

„ნარკომანიასთან ბრძოლაში ჩვენ დავმარცხდით, ძალიან დიდი ფულია და ყოველთვის გამოჩნდება ერთი-ორი ადამიანი, რომელიც ამის გამო ყველაფერს გააკეთებს.

 


მსოფლიოში არის ხუთი ქვეყანა, რომელთაც, ასე თუ ისე, მოაგვარეს ეს პრობლემა და არ გვჭირდება ველოსიპედის მოგონება. უბრალოდ, შევადაროთ ერთმანეთს, მაგალითად, აშშ-ს და შვეიცარიის მდგომარეობა, სადაც 1980-იანი წლებიდან, როგორც კი შიდსის პრობლემა დადგა, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩაერთვნენ ნარკომომხმარებლები. შვეიცარიაში ნარკოტიკების მოხმარება არის ევროპის მთელ ქვეყნებთან შედარებით 50 პროცენტით ნაკლები.

 

ავიღოთ ურუგვაი, რომელიც ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ნარკოტიკები ლეგალიზებულია და დაბალი მოხმარებაა ამ ქვეყანაშიც. პორტუგალიაში, სადაც იყო ჰეროინის ეპიდემია, დეკრიმინალიზებულია 2001 წლიდან და ახლა მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი მოიხმარს ნარკოტიკებს, როცა იყო საუბარი ძალიან დიდ ციფრზე. ჰოლანდიაში ასევე… ჩეხეთში ამოქმედებულია ზიანის შემცირების ქსელი, შპრიცების გაცვლის პროგრამა მიდის და შესაბამისად, აივინფექცია ევროპის ყველა ქვეყანასთან შედარებით ნაკლებად ვითარდება. გვაქვს საშუალება ავირჩოთ უკვე გამოგონებული, მოსიარულე ველოსიპედი. ეს საზოგადოებისა და პოლიტიკის გადასაწყვეტია და თუ ნარკოლოგები იმას აღიარებენ, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები უფრო მათი პაციენტები არიან, ვიდრე ციხის კლიენტები, მგონი სიტუაცია უკეთესისკენ შეიცვლება,“ – განაცხადა ნათია ხარატმა.



გადაბეჭდვის წესი