სიახლეები

საკუთრების უფლების დაცვის სფეროში პრობლემები ისევ არსებობს

23.09.2015 • 2062
საკუთრების უფლების დაცვის სფეროში  პრობლემები ისევ არსებობს

 

ბახმარო
ბახმარო

სანამ კანონმდებლობა მესაკუთრის ინტერესებსმორგებული გახდება, ხელისუფლება არსებული კანონებით ცდილობს საკუთრების უფლების საკითხის დარეგულირებას. გადამოწმების პროცესში გავარკვიეთ, რომ უკვე აღდგენილია მიწის ლეგალიზაციის პროცესი, რომელიც წინა წლებში შერჩევითი სამართლისა თუ სახელმწიფოს ნების არარსებობის გამო, შეჩერებული იყო.

 

წინა წლებში, ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ან დაწყებისთანავე, მოქალაქეები საკუთარ ქონებაზე მისი სახელმწიფოსათვის ჩუქების ან მიტოვების გზით მასობრივად უარს ამბობდნენ. პრობლემები ექმნებოდათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთრებაში არსებული მიწის დაკანონების სურვილი ჰქონდათ, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელმწიფოს ან ჩინოვნიკის ინტერესი არსებობდა.

 

მოქალაქეების მიერ ქონების მიტოვების და ელიტური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი კურორტი ბახმაროა, სადაც კერძო პირების მიერ უძრავი ქონების მიტოვების 79 ფაქტია დაფიქსირებული.

 

პრობლემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კურორტების განვითარებაზე და ინვესტორების მოძიებაზე დაიწყო საუბარი. სხვადასხვა ტურისტულ თუ ინდუსტრიულ ზონებში მოქალაქეებმა ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმეს. თუმცა, დათმობამდე, ამ პირებმა ქონების დასარეგისტრირებლად უამრავი პროცედურა გაიარეს: მათ მიმართეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, შეაგროვეს და წარადგინეს სხვადასხვა დოკუმენტი, რაც ამ ნაკვეთებზე მათ მფლობელობას ადასტურებდა; გააკეთეს აზომვითი ნახაზები, ნოტარიულად დაამოწმებინეს მოწმეთა ჩვენებები, გადაიხადეს საფასური, აიღეს საკუთრების მოწმობა, მიმართეს საჯარო რეესტრს და კვლავ გადაიხადეს მომსახურების საფასური. ყოველივე ამის შემდგომ, მათ მიატოვეს აღნიშნული ქონება, რაც საფუძვლიან ეჭვს იწვევდა. საინტერესოა, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნებთან დაბარების და საუბრის შემდეგ, მოქალაქეები მასობრივად ჩუქნიდნენ ქონებას სახელმწიფოს და ამ პროცედურაშიც დადგენილ საფასურს იხდიდნენ.

 

მიტოვების შემდეგ, კანონის მიხედვით, ქონება სახელმწიფო საკუთრებაში საჯარო რეესტრისათვის გაკეთებული მიმართვისა და წერილების საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღრიცხა. რეესტრმა კი, ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში 2011 წლის 13, 14, 20, 24 და 25 იანვარს დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან დგინდება, რომ ზემოხსენებული 79-დან 78 შემთხვევაში, ქონება მათ წინა მესაკუთრეებს (ფიზიკურ პირებს) მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდათ. 2008 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, ამ მიწის ნაკვეთების მფლობელებზე საკუთრების მოწმობები გაიცა. ამ მოწმობების საფუძველზე მიწის ნაკვეთის მფლობელებმა უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს.

 

„პირები, რომლებმაც ბახმაროში საკუთრება მიატოვეს, დიდი ხნის განმავლობაში მიზეზების შესახებ არ საუბრობდნენ, რის გამოც, გართულდა იმის დადგენა, მათ კანონიერი გზებით ჰქონდათ თუ არა საკუთრების უფლების მოწმობა მიღებული და შემდეგ საკუთრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. მაგრამ, თუ კომისიამ მართლაც უკანონოდ გასცა რომელიმე პირზე საკუთრების მოწმობა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ მოწმობის გაუქმების სამართლებრივ გზებს. კომისიას უფლება აქვს, გამონაკლის შემთხვევაში, ხელახლა შეისწავლოს საქმის გარემოებები და გააუქმოს მის მიერ გაცემული მოწმობა“, _ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში, რომელიც ბახმაროს პრობლემის მოკვლევის შემდეგ, 2011 წელს გამოიცა.

 

2010 წლის ზაფხულში, გარემოს დაცვის ინსპექციამ, პატრულირებისას “აღმოაჩინა”, რომ მის საკონტროლო ტერიტორიაზე, ტყეში, სახლები იყო აშენებული. ამ ინფორმაციის თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო და 7 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი გელა დოლიძე დააკავა. შემდეგ ჯერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მიდგა, რასაც საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, შოთა სირაძის თანამდებობა შეეწირა. გამოძიების პროცესში გაირკვა ისიც, რომ  შოთა სირაძის თავმჯდომარეობის დროს გაცემული საკუთრების მოწმობების 388 შემთხვევიდან კომისიას არც ერთზე არ უმსჯელია. იმ პირების უმრავლესობა კი, ვისაც საკუთრების უფლების მოწმობები გადაეცათ, „გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს (გურიის სამხარეო პოლიცია, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის პოლიცია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო) თანამშრომლები ან მათი ოჯახის წევრები იყვნენ.

 

სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, შოთა სირაძემ 132 ყალბი დოკუმენტი გასცა. თუმცა, თავდაპირველი ვერსიით და ჩოხატაურის საჯარო რეესტრიდან წაღებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტების რაოდენობა 388 აღწევდა. არავინ იცის, რა ბედი ეწია 256 დოკუმენტს. სხვათა შორის, ეს დოკუმენტაცია ორიგინალებს წარმოადგენდა და დღეს ვერცერთი უწყება ვერ ძლევა პასუხს, დაუბრუნდება თუ არა ნივთმტკიცებად წაღებული დოკუმენტაცია ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელსაც მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად და საქმეების ინდივიდუალური შესწავლისთვის, სასიცოცხლოდ სჭირდება საბუთები.

 

დაზუსტებით ცნობილია 132 დოკუმენტის მფლობელთა ბედი – მათ, უკლებლივ ყველამ, მიწა, ზედ არსებული ქონებით, სახელმწიფოს ჩააბარა. მათი უმრავლესობა თანამდებობის პირი იყო – ბევრი პოლიციის მაღალჩინოსანი და მათ თანამდებობები დაატოვებინეს კიდეც. სირაძემ აღნიშნული დანაშაულის გამო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასჯელიც მოიხადა.

 

ბახმარო ცალკე სარეგისტრაციო სექტორად არის გამოყოფილი და სპეციალური კოდი 28.24. აქვს მინიჭებული. რადგან კურორტს არ ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, არ ჰყოლია არჩეული მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანო, არ შექმნილა პრივატიზაციის კომისია, არ განაწილებულა მიწები.

 

წლების განმავლობაში, მოქალაქეები ბახმაროში ეწეოდნენ სააგარაკე სახლების ერთობლივ მშენებლობას და მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ისინი ინაწილებდნენ ოთახებს (ბინებს) შეტანილი წვლილის შესაბამისად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მრავალი ასეთი სააგარაკე სახლი დღეის მდგომარეობით დანგრეულია დიდთოვლობის გამო და მათზე მონაცემები დაცულია საგადასახადო სიებსა და ტექბიუროს არქივში, თუმცა ძალიან მცირე ნაწილზე (დაახლოებით 15%-ზე).

 

სარეგისტრაციო სამსახურში ასევე დაცულია მიწის მართვის სამსახურიდან გადმოცემული ბახმაროს მიწის მესაკუთრეთა საგადასახადო სიის ელექტრონული ვერსია და არ არსებობს ამ სიის ქაღალდის ვერსია; აღნიშნულ სიაში ძალიან ბევრი უზუსტობაა და სიის მონაცემები ხშირად არ შეესაბამება ტექნიკური ბიუროს არქივში დაცულ მონაცემებს. სია არ არის დამოწმებული რომელიმე უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამ სააგარაკე სახლებზე არ ყოფილა თავის დროზე გაცემული გადაწყვეტილება მიწის გამოყოფის შესახებ, არ ყოფილა გაცემული მშენებლობის ნებართვები, შენობის ექსპლოატაციაში მიღების აქტი; არ არის გაცემული ბინებზე ორდერი და პრივატიზების ხელშეკრულება.

 

წინა ხელისუფლების პირობებში, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია უარს ამბობდა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ქონება განეკუთვნება ბინის კატეგორიას და ბინებზე საკუთრების მოწმობა არ გაიცემოდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული  #73 ბრძანებულებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე უარს ამბობდა საკრებულო და განმარტავდა, რომ აღნიშნული ბრძანებულება ითვალისწინებდა სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებულ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელი  ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს,  პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს.

 

საკრებულოდან მოქალაქეებს ამისამართებდნენ საჯარო რეესტრში და განუმარტავდნენ, რომ სააგარაკო სახლები აგებულია 50, 60 … მეტი წლის წინ და განეკუთვნება მიწისა და უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობას. ამდენად, ამ ქონების რეგისტრაცია, კანონიდან გამომდინარე, უნდა მოეხდინა საჯარო რეესტრს. თუმცა, მესაკუთრეები არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო, რეგისტრაციას მაინც ვერ ახერხებდნენ. არსებობდა მხოლოდ სიტყვიერი ნებართვა, რომლის თანახმად, ბახმაროში მხოლოდ აუქციონის წესით შეძენილ მიწას და ქონებას არეგისტრირებდნენ.

 

ახალი ხელისუფლების პირობებში, ზემოთ აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია.

 

როგორც ჩოხატაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ჩხიკვაძე ამბობს, ლეგალიზაციის პროცესი შეუფერხებლად, კანონის დაცვით მიმდინარეობს:

„ლეგალიზაციის პროცესი რეალურად 2008 წელს დაიწყო, როცა 2005 წელს მიღებული კანონი  ძალაში შევიდა. თუმცა, ბახმაროსთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, რის გამოც, 2009 წლიდან 2015 წლამდე პრაქტიკულად არ ხდებოდა ლეგალიზაცია, მცირეოდენი გამონაკლისების გარდა. დღეს ჩვეულებრივად, კანონის შესაბამისად მიმდინარეობს ლეგალიზაციის პროცესი. ვიხილავთ განცხადებებს და ვაძლევთ დაკანონების უფლებას“, _ ამბობს ჩხიკვაძე, თუმცა, ზუსტ მონაცემებს, რა რაოდენობის ქონება აქვთ მესაკუთრეებს დარეგისტრირებული ბახმაროში, ვერ ასახელებს:

 

„ზუსტი ინფორმაცია, რამდენ პირს აქვს დღეს დაკანონებული შენობა, არ მაქვს. ამის სტატისტიკური მონაცემები დამუშავების პროცესშია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მცირე პროცენტია ლეგალიზებული. არის შენობები, რომელიც რეგისტრირებულია და გაცილებით მეტი, რომელიც ჯერჯერობით რეგისტრირებული არ არის. ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გვექნება სრული ინფორმაცია რამდენ პირს აქვს ლეგალიზების უფლება მიცემული, რამდენს ჰქონდა განაცხადი შემოტანილი კომისიაში და ვის ეთქვა აქედან უარი. ამ პერიოდის შემდეგ, მომავალი წლის სეზონამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მიწის ლეგალიზების პროცესის გაგრძელება, რადგან სეზონის დახურვის გამო, ბახმაროში ასვლა შეუძლებელი იქნება. ამის შემდეგ დაამუშავებს კომისია მონაცემებს და უკვე ხელმისაწვდომი იქნება“, – ამბობს ჩხიკვაძე და განმარტავს, რომ იმ პირების მოთხოვნა, რომლებსაც საკრებულოს მიწის აღიარების კომისიამ უარი უთხრა, კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა; კომისია პრინციპულ პოზიციაზე დგას და აქამდე არსებულ “შერჩევითი სამართლის“ პრაქტიკაზე კატეგორიულად ამბობს უარს:

 

„ზოგი ნანგრევებიღა იყო, ზოგან ფართი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ლეგალიზებას ექვემდებარება… სხვადასხვა პრობლემების გამო ეთქვათ უარი. ძირითადად, იმ შემთხვევაში ხდება უარის თქმა, როდესაც არ დგას შენობა-ნაგებობა, ან საცხოვრებელი სახლის ნანგრევი არ არის ადგილზე. თითოეულ უარს თავისი, დასაბუთებული და კანონიერი მიზეზი აქვს“, _ აცხადებს ჩხიკვაძე.

 

რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს ბახმაროში დაკანონებულ მიწებს ჩხიკვაძე ამბობს, რომ ამის კანონიერების გამოკვლევა მისი საქმე არ არის:

 

„მაშინ ვის რა დაუკანონეს, ეს ჩემი საქმე არ არის. მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც ახლა კომისიაში  შემოდის. თითოეულ განაცხადს სახელის და გვარის გარეშე განვიხილავთ. თუ ეკუთვნის ლეგალიზაცია, ამის უფლებას ვაძლევთ. თუ მისი მოთხოვნა კანონმდებლობას აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია დაიკანონოს საკუთრებაში არსებული ქონება“, – ამბობს ჩხიკვაძე.

 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბახმაროს სტატუსი საბოლოოდ განისაზღვროს და კანომდებლობის რეგულაციებში მოექცეს.

 

საბოლოოდ, სტატიების ციკლი რომ შევაჯამოთ, ცალსახად შეიძლება დავასკვნათ: იუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან შეიცვალა მიდგომები კანონიერ საკუთრებასთან მიმართებაში, სამართლიანობა ბოლომდე აღდგენილი მაინც არ არის – მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა თუ განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონის გამო, საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემები ჯერჯერობით კვლავ გადაუჭრელი რჩება.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში

“საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”.

 


 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი

“ღია საზოგადოება საქართველო”.


პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები,

შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.

 

 

გადაბეჭდვის წესი