სიახლეები

ველომსვლელობა თამილა მახარაძის მხარდასაჭერად

23.09.2015
ველომსვლელობა თამილა მახარაძის მხარდასაჭერად

 

„სექტემბრის ველომსვლელობა  განსაკუთრებული იქნება. ჩვენთან ერთად ველომსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს ადამიანი, რომლის შემართება და შეუპოვრობა აღფრთოვანების ღირსია. ეს პიროვნება თამილა მახარაძეა, მას მძიმე სნეულების დასაძლევად საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. ავადმყოფობის გამო ამ ახალგაზრდა გოგონამ უკვე დაკარგა ერთი ხელი. საუბარი უკვე მისი მეორე ხელის შენარჩუნებაზეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის შესანიშნავად ატარებს ველოსიპედს და დიდი ხალისით უერთდება ჩვენს აქციას. ჩვენ  მცირედი აქტივობით, რაც სპეციალურ ნომერზე განხორციელებული ზარით გამოიხატება,  მხარში დავუდგებით ამ საოცარ ადამიანს. ეს ის მცირედია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მისთის. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მნიშვნელოვანი წამოწყებითვის გამართულ ველომსვლელობაში უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და ველოთი თუ ვერ შემოგვიერთდება, ერთ სატელეფონო ზარს მაინც განახორციელებს მითითებულ ნომერზე“ – ამბობს დათო ტრაპაიძე, ველომსვლელობების ერთ-ერთი ორგანიზატორი.  

 

თემატური ველომსვლელობის იდეის ავტორი ხათუნა ჩხარტიშვილია, ორგანიზაცია „დიაკონიას“ ხელმძღვანელი. „ჩვენ თამილას ვეხმარებით მარცხენა ხელის შენარჩუნებაში, რითაც შეგვიძლია., მას უიშვიათესი დაავადება აქვს და იმის გამო, რომ ვერ შეძლო ოჯახმა მისი მკურნალობისათვის საჭირო თანხის შეგროვება, მან სამწუხაროდ მარჯვენა ხელ დაკარგა. სრული გამოკვლევა რომ ჩატარდეს, საჭიროა თანხა. თამილა არაჩვეულებრივად ატარებს ველოსიპედს მარცხენა ხელით, რომელზეც უკვე დაეწყო დაავადების განვითარება. თამილა იბრძვის, იგი ძლიერი გოგოა და მას აქვს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ველომარათონში,“  – ამბობს ხათუნა ჩხარტიშვილი.

 

 

 

ზარი თამილას ანგარიშზე:   09 01 70 10 70  [მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი] 

 

 

ველოსმვლელობა ბათუმში უკვე ტრადიციისამებრ, ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება. დათო ტრაპაიძე ამბობს, რომ ყოველ ჯერზე მოხალისეთა და მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდენობა იმატებს, ისევე როგორც ზოგადად ველოთი მოსიარულეთა რაოდენობა ქალაქში: „აქცია ამართლებს თავის იდეას, რაც ველოსიპედის, როგორც ყველაზე კომფორტული სატრანსპორტო საშუალების პროპაგანდაში გამოიხატება“.

 

კითხვაზე, უერთდებიან თუ არა ჩინოვნიკები ველომსვლელობას, დათო ტრაპაიძე პასუხობს, რომ მათ სამთავრობო სტრუქტურებს, მერიასა და თვითმმართველობის ორგანოებს შესთავაზეს, შეერთებოდნენ ველომსვლელობას: „ყველა ამბობდა, რომ მშვენიერი იდეაა. მაგრამ აქციაზე ჯერ არც ერთი არ მინახავს. სავარაუდოდ, არჩევნების მოახლოებისას გააქტიურდებიან და შემდეგ უფრო დასჭირდებათ “ხალხთან დაფიქსირება” . არადა, ველოსპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ის ელემენტარული რამაა, რაც ისედაც, საკუთარი ინიციატივითა და მაგალითით უნდა უწევდნენ პოპულარიზაციას. აქციაზე მათ გამოჩენას არ ველით. თუმცა გაგვიხარდება, ჯიპებიდან  ჩამოქვეითებულებიც თუ შემოგვიერთდებიან თუნდაც ერთსაათიან ველომსვლელობაში.“




გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.