სიახლეები

სულხან ღლონტი უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად?

20.09.2015
სულხან ღლონტი უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად?


17 სექტებერს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო  ჩაიშალა, სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია მხოლოდ ცხრა დეპუტატმა გაიარა. უმაღლესი საბჭოს რვა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სამმა  –  ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან “ სხდომაზე დასაწრებად რეგისტრაცია არ გაიარეს. ამ ფორმით დეპუტატებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის სხდომაზე არ გამოცხადება გააპროტესტეს:

 

„დღეს მეტი მნიშვნელოვანი საკითხი ამ სხდომაზე არ განიხილება, ერთადერთი, რაც ჩვენი წევრების მოთხოვნით დღის წესრიგში გახლდათ, ეს იყო მთავრობის თავმჯდომარის მოწვევა, მაგრამ იგი კვლავ არ ცხადდება. მას არ უნდა რომ გასცეს კითხვებზე პასუხები.  აქედან გამომოდინარე, ჩვენ მიზანშეუწონლად მიგვაჩნია არაარსებითი საკითხების გადაწყვეტაში მივიღოთ მონაწილეობა.  “ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ სხდომის დაწყებამდე.


არჩილ ხაბაძის სხდომაზე არ მისვლა გააპროტესტეს „თავისუფალმა დემოკრატებმაც“.

 

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

„არჩილ ხაბაძემ მიიღო ლეგიტიმაცია უმაღლესი საბჭოსგან და ის არ მოდის უმაღლეს საბჭოში. უამრავი კითხვა და უამრავი პოზიციაა დასაფიქსირებელი. სანამ ის არ მოვა, ეს ასე გაგრძელდება. სწორედ ამიტომ არ მივიღეთ ჩვენ მონაწილეობა და ეს არის სწორი“ –  განაცხადა სულხან ღლონტმა ჟურნალისტებთან.

 

„იმიტომ რომ არჩილ ხაბაძე არ მივიდა სხდომაზე თუ იმიტომ, რომ კანჭისყრის შემთხვევაში სულხან ღლონტის კანდოდატურა ჩავარდებოდა?“ – ეს კითხვა უმაღლესის საბჭოს წევრმა, ყოფილმა ვიცე-სპიკერმა დავით ბაციკაძემ დასვა. მანვე გამოთქვა ეჭვი, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ვერ შეძლეს დამეტებით 2 ხმის  მოპოვება, რომელიც საკითხის დასამტკიცებლად დასჭირდებოდათ.

 

თუ სულხან ღლონტი  ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რვა ხმას მიიღებს, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატის მედეა ვასაძის ხმას, იგი 12  ხმის შეგროვებას შეძლებს, რაც ვიცე-სპიკერის პოსტზე დასამტკიცებლად საკმარისი არ არის, მას კიდევ ორი ხმა დასჭირდება, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ უნდა მიიღოს. დავით  ბაციკაძე ეჭვობს, რომ სწორედ ამ  ორ ხმასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები  დასრულდა უშედეგოდ, რის შემდეგაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სხდომაზე მონაწილეობა აღარ მიიღეს.

 

სულხან ღლონტი კი ამბობს, რომ მისი არჩევა – არ არჩევის საკითხი მნიშვნელოვანი არ იყო. მისი თქმით მთავარი იყო არჩილ  ხაბაძის სხდომაზე მისვლა მისგან  კითხვებზე პასუხების მოსმენა.

  

საგულისხმოა ისიც, რომ ჯემალ ფუტაკარაძე , როელიც ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა, რომ უმაღლესი საბჭოს არჩეული წევრია და ამის დასამტკიცებლად „ბოლომდე იბრძოლებს“, ახლა იმ ფრაქციის წევრია, რომელმაც ვიცე-სპიკერობის კანდიდატად სულხან ღლონტი დაარეგისტრირა.


აჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის უმაღლესი საბჭო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.