Batumelebi | ზუთხსაშენი ცარიელი აუზებით ზუთხსაშენი ცარიელი აუზებით – Batumelebi
RU | GE  

ზუთხსაშენი ცარიელი აუზებით

 

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ხიზილალას წარმოების დაწყებაზე ინფორმაცია წლის დასაწყისში გავრცელდა. მაშინ ითქვა, რომ კომპანია  „იუნიფიშმა“ ზუთხსაშენი მეურნეობა გახსნა. თავად კომპანიის წარმომადგენელი ამბობდა, რომ სექტემბრისთვის ზუთხსაშენში ეყოლებოდათ 75 ტონა თევზი, რომლისგანაც 2,5 ტონა შავი ხიზილალას წარმოებას გეგმავდნენ.  „ბათუმელების“ ინფორმაციით, მახოში არსებულ აუზებში ამჟამად მხოლოდ 39 ზუთხი ჰყავთ.

აუზი სოფელ მახოში, სადაც რამდენიმე თვის წინ საქართველოსა და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები ზუთხსაშენის გახსნაში მონაწილეობის მიზნით შეიკრიბნენ, დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული. აქაურობა მეურნეობაზე უფრო ღია აუზებს ჰგავს, რომელიც რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი. წყალი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანში მიედინება – ზუთხებიც, ცხადია, აქ ბინადრობენ.

სხვა მხრივ აქაურობას მეურნეობას ვერ უწოდებ. ერთადერთი, ვინც მახოს აუზში განთავსებულ ზუთხებთან  „ბათუმელებს“ დახვდა, შოთა გოგიძე იყო, რომელიც კომპანიას ავზების საყარაულოდ დაუქირავებია. შოთა გოგიძე ყვება, რომ საწარმოს გახსნის დროს აქ 63 ცალი ზუთხი მიიყვანეს, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა განახევრებულია:  „ექვსი დაკლეს და ხიზილალა ამოიღეს – შავი ხიზილალა იყო, ოთხი მოკვდა, ორი შეჭამეს, ერთი მეპატრონე იყო სომხეთიდან მოსული და მაშინ დაკლეს, მეორე მინისტრს დაუკლეს [საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია], მასთან ერთად იყო ხაბაძეც. თერთმეტი ზუთხიც მოიპარეს. ახლა დარჩა 40 ცალი“, – უთხრა შოთა გოგიძემ  „ბათუმელებს“. მისი თქმით, ყველაზე მეტი თევზი სწორედ მაშინ დაიკარგა, როდესაც მან, ხელფასის ვერმიღების გამო, ყარაულობა მიატოვა. კომპანიას მისთვის ამ საქმეში 500 ლარი უნდა გადაეხადა.

კომპანია „იუნიფიშს“ ოთხი დამფუძნებელი ჰყავს, მათგან სამი საქართველოს, ერთი კი სომხეთის მოქალაქეა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს დარეგისტრირებული კომპანიის წილები ასე გამოიყურება: ირმა დოლიძე – 20%, მამუკა სხვიტირიძე – 20%, თამარ სიხარულიძე – 10% და სომხეთის მოქალაქე ვააგან მკრტიჩიანი – 50%.

მამუკა სხვიტირიძე ამბობს, რომ მათ საქმის დასაწყებად ყველაფერი მზად აქვთ, უბრალოდ, ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„ახლა ვართ გადამამუშავებელი საწარმოს კეთების პროცესში, ანუ ვაპირებთ გავაკეთოთ ზუთხის დაფასოების საწარმო. მიწის ნაკვეთი, სადაც წარმოების გაფართოებას ვაპირებთ, არის ხელვაჩაურში, წერეთლის შესახვევის #9-ში“.

მამუკა სხვიტარიძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მახოში ვიზიტის დროს თქვა, რომ მათ სჭირდებათ 50 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. იმავე დღეს კი არჩილ ხაბაძემ ბიზნესის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

როგორც ჩანს, მოხელეების საჯარო განცხადების გაკეთების შემდეგ საქმე წინ არ წასულა, რადგან, როგორც მამუკა სხვიტარიძემ  „ბათუმელებს“ უთხრა, ჯერჯერობით ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან. “არ ვიცით ამდენ ხანს რატომ გაიწელა პროცესი. ეტყობა არის რაღაც დამაბრკოლებელი გარემოება. ჩვენ მზადყოფნაში ვართ. ვნახოთ. თუ გამოგვიყოფენ მიწას, მაშინ გავაკეთებთ საწარმოს, რადგან, ის რაც ახლა გვაქვს მახოში, არის მინიმასშტაბის“, – ამბობს მამუკა სხვიტარიძე.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ წლის დასაწყისში დაანონსებული გეგმა 2.5 ტონა ხიზილალას წარმოების შესახებ ჩავარდა? – ყველაფრის მიუხედავად, მამუკა სხვიტარიძე მიიჩნევს, რომ არა: „იმიტომ, რომ აჭარის ხელისუფლებისგან ველოდებით მიწის ნაკვეთის გადმოცემას, ასევე ველოდებით ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ახალი რეგულაციების ხელმოწერას, რაც გულისხმობს ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოების ჰარმონიზაციას. ეს ნაბიჯი სახელმწიფომ უნდა გადადგას“.

მამუკა სხვიტარიძის თქმით, ის ავზი, რომელიც სოფელ მახოში იჯარით აიღეს, მათი კომპანიისთვის არარენტაბელურია და მხოლოდ სადემონსტრაციო დანიშნულება აქვს: “მახოში არსებული ავზები ძალიან პატარაა ჩვენი ბიზნესიდეისთვის. ჩვენ სტარტაპი გავაკეთეთ – თვალსაჩინოებისთვის ხიზილალაც დავამუშავეთ და ვაჩვენეთ კიდეც, რომ ეს შესაძლებელია“.

ზუთხი წითელ წიგნში შეტანილი თევზია, ღია წყლებში მისი დაჭერა აკრძალულია. შესაბამისად, ზუთხის მისაღებად თევზი დახურული ტიპის ავზებში გამოჰყავთ. მისგან მიღებული ხიზილალა კი ერთ-ერთი ძვირადღირებული პროდუქციაა – 1 კილოგრამი შავი ხიზილალა 800-დან 1000-დოლარამდე ღირს ევროპის ბაზარზე.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, სომხეთის რესპუბლიკაში ზუთხის მოსაშენებლად საუკეთესო ბუნებრივი პირობები არსებობს, თუმცა სომხეთის ბაზრიდან ხიზილალას ევროპაში გატანა ბევრად უფრო დიდ ბარიერებთან არის დაკავშირებული, ვიდრე საქართველოდან.

სადემონსტრაციო აუზის შექმნა ხომ არ ემსახურება იმას, რომ სწორედ სომხური წარმოების ხიზილალისთვის გაიხსნება ევროკავშირის ბაზარი, ოღონდ საქართველოს გავლით? – მამუკა სხვიტარიძე ამბობს, რომ არა, რადგან  „იუნიფიში ქართული საწარმოა და მათ თევზის წარმომავლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი უკვე მოიპოვეს“:

„პირველ ეტაპზე საწარმო სომხეთიდან შემოყვანილი ზუთხით მომარაგდება. კომპანიაში თევზის შემომყვანი სწორედ ჩვენი სომეხი პარტნიორია. ჩვენ გვყავს ყველა ასაკის თევზი და როცა საწარმო გაფართოვდება, მათ აქ შემოვიყვანთ, რის შემდეგაც ქართული კომპანია დამოუკიდებლად იმუშავებს, ანუ თევზის სომხეთიდან შემოყვანა საჭირო აღარ იქნება. იგეგმება ლიფსიტების გამოყვანაც“.

მამუკა სხვიტარიძის თქმით, პირველი წლისთვის სომხეთიდან 20 ტონა ზუთხის შემოყვანა იგეგმება, რომლისგანაც ერთი ტონა ხიზილალა მიიღება. მეორე წლისთვის – 40 ტონის. საქართველოში გამოყვანილი ლიფსიტები მათ თანდათანობით ჩაენაცვლება. უწყვეტი ციკლის შექმნას ისინი ამ გზით აპირებენ.

მამუკა სხვიტარიძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლების მხარდაჭერა ექნებათ, ანუ თუ აჭარის ხელისუფლება მათ დროულად გადასცემს მიწის ნაკვეთს ხელვაჩაურში, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება დროულად მოაწერს შესაბმის ხელშეკრულებას ხელს ევროკავშირთან, მათი კომპანია 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას დააბანდებს ხელვაჩაურში ზუთხის საწარმოს შესაქმნელად.

აპირებს თუ არა აჭარის ხელისუფლება კომპანია „იუნიფიშისთვის“  ხელვაჩაურში 50 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემას? – ამ კითხვით „ბათუმელები“ აჭარის მთავრობას დაუკავშირდა. როგორც პრესცენტრში განმარტეს, რადგან არჩილ ხაბაძე საქართველოში არ იმყოფება (აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთშია ოფიციალური ვიზიტით), ამ საკითხზე ვერაფერს განმარტავენ.

წლების წინ აჭარაში ხიზილალას დამუშავებაზე განაცხადი კიდევ ერთმა იურიდიულმა პირმა  „იხტიოსმა“  გააკეთა. ეს კომპანია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის ძმას ეკუთვნის. ნუგზარ დუმბაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას, როგორც ბიზნესმენს სახელმწიფომ იაფი კრედიტი მხოლოდ იმიტომ არ მისცა, რომ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ძმაა. ნუგზარ დუმბაძე სახელმწიფოს მხრიდან  „იუნიფიშის“  მხარდაჭერას აფასებს, როგორც ბიზნესის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე