Batumelebi | მოსამართლე: ხელისუფლების მხრიდან ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა მოსამართლე: ხელისუფლების მხრიდან ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა – Batumelebi
RU | GE  

მოსამართლე: ხელისუფლების მხრიდან ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა

 

“ნებისმიერმა ორგანომ, ვინც არის  გადაწყვეტილების აღმსრულებელი, უნდა შეხედოს იმას, არის თუ არა გადაწყვეტილება მიღებული კანონით დადგენილი ფორმით,”- განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ.

მისი კოლეგების გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ტურავას არ შეუფასებია, თუმცა განმარტა, რომ პლენუმი სამართლებრივად სწორად მოიქცა გუშინწინ, როცა მისი ხელმოწერის გარეშე გადაწყვეტილება არ გამოაცხადა:”მერე შეიცვალა მოცემულობა, კანონი არ შეცვლილა ერთ დღეში”. 

 

 

 

 

 

მერაბ ტურავა

“თუ ჩვენ ჰიპოტეტურად ვივარაუდებთ, რომ ჩემზე იყო რაიმე ზემოქმედება, იგივე შეიძლება მე ვთქვა დანარჩენ სხვა მოსამართლეებზე, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს, ხომ არ მოექცნენ ისინი ზეგავლენის ქვეშ? ჩემზე არავითარი ზემოქმედება არ ყოფილა, რომც ყოფილიყო, მე ხომ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი და ჩემზე ზემოქმედებას რა მნიშვნელობა ექნებოდა, მე ვითხოვდი კონკრეტულ დროს გადაწყვეტილების წასაკითხად, არაა გამორიცხული იგივე პოზიცია მქონოდა, რაც სხვა მოსამართლეებმა გამოხატეს. მე არ ვიცი მსოფლიოში ქვეყანა, სადაც მოსამართლეს რამდენიმე დღეს არ აძლევენ 50-გვერდიანი გადაწყვეტილების წასაკითხად. ”

მოსამართლემ დისციპლინარულ დევნაზეც გააკეთა განმარტება: „მე ხელოვნურადაც რომ ვაფერხებდე ამ პროცესს [გადაწყვეტილების გამოცხადებას], ამას არავითარი გამართლება არ აქვს, მე რომ დროში გამეწელა გადაწყვეტილების მიღება, მეთხოვა ერთი კვირა, ამის შემდეგ კიდევ მეთქვა – ახლა არ მცალია, მერე ორი კვირით ან ერთი თვით გადამედო ხელმოწერა, ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, არაგონივრული ვადების გაჭიანურება, მაგრამ მე სამი-ოთხი დღე ვითხოვე გადაწყვეტილების გასაცნობად.”

მოსამართლის შეფასებით, ეთიკისა და სადისციპლინო კომისიის შექმნა იყო ზეწოლა მასზე, როგორც მოსამართლეზე.

მისივე განმარტებით, საერთო სასამართლოს მოსამართლემ უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ ვის შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მოსამართლე მერაბ ტურავასთან ინტერვიუს სრულ ჩანაწერს “ბათუმელები” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა