Batumelebi | საკუთრების უფლების მოპოვება და დაცვა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საკუთრების უფლების მოპოვება და დაცვა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს – Batumelebi
RU | GE  

საკუთრების უფლების მოპოვება და დაცვა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს


საკანონმდებლო ცვლილების მოლოდინში

 

მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონის გამო, წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემა სვანეთში ისევ გადაუჭრელი რჩება. კერძოდ, 2012 წლამდე მესტიაში განვითარებულმა მოვლენებმა, ადგილობრივი მოსახლეობა საგრძნობლად დააზარალა; მოსახლეობას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფომ მცირე კომპენსაციებით ან სრულიად უსასყიდლოდ იძულებით ჩამოართვა. იმ დროს შექმნილი კანონმდებლობის გამო კი, ადგილობრივები დღემდე ვერ ახერხებს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებას.

თუმცა, მესტიელების და მთის რეგიონების პრობლემა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადაიჭრას – საკანონმდებლო ორგანო კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, რაც მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების დაკანონებას შესაძლებელს გახდის.

 


პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა

 

ოფიციალური დოკუმენტაციის არარსებობის ან სიმცირის გამო, მიწის დაკარგვის და მიწის დაპატრონების რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ თემებში, სადაც ურთიერთობები ტრადიციულ და ადათ-წესებით დადგენილ უფლებებს ეყრდნობა. ზემო სვანეთში დაგეგმილი და უკვე გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები კი (აეროპორტი, სათხილამურო ტრასა და საბაგირო, სასტუმრო), უმეტეს შემთხვევაში, ტრადიციულ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების, ძირითადად, საძოვრებისა და სათიბების ტერიტორიაზე გახორციელდა. ვინაიდან ადგილობრივების უმეტესობას მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ჰქონდა, ან ჰქონდა, მაგრამ მიწის ნახაზების ელექტრონული ვერსიები აკლდა, ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებისას, მიწის ტრადიციულ მესაკუთრეთა ინტერესების დაცვა გართულდა. ამავე დროს, მიწის დარეგისტრირების თუ ნახაზის ელექტრონული ვერსიით შეცვლის ყველანაირი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა – რეესტრის კანცელარია, უბრალოდ, აღარ იღებდა სარეგისტრაციო დოკუმენტებს და მოქალაქეებს უარით ისტუმრებდა. მესტიელები რეესტრის უარს “თბილისიდან სატელეფონო ზარით” ხსნიდნენ. სახელმწიფო ადგილობრივებს წლების განმავლობაში მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში ან მწირ კომპენსაციას (1 კვ. მ.-ზე 3-4 ლარს) სთავაზობდა ან უსასყიდლოდ, ძალით ართმევდა.

 

ადგილობრივების თქმით, კომპენსაციები ვერანაირად ვერ ანაზღაურებდა იმ დანაკარგს, რაც მიწების ჩამორთმევას მოჰყვა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა ასეთ მწირ კომპენსაციებს დათანხმებოდა. ვინც კომპენსაციას არ დათანხმდა, მათ მიწა სახელმწიფომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩამოართვა, წინააღმდეგობის გამწევი რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს კიდეც.

 

მესტია
მესტია

 

მესტიაში არსებული მდგომარეობა, 2011 წელს, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით პროექტის – “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” – ფარგლებში, არასამთავრობო ორგანზაციების კვლევის საგანი გახდა.

 

“ზემო სვანეთში დაგეგმილი და უკვე გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები (აეროპორტი, სათხილამურო ტრასა და საბაგირო, სასტუმრო), უმეტეს შემთხვევაში, ტრადიციულ ფლობაში მყოფი მიწის ნაკვეთების ტერიტორიაზე ხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა ისე დაიწყო, რომ ადგილობრივებს არ მიეცათ ამ ტერიტორიებზე ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციის შესაძლებლობა. მშენებლობის დაწყების შემდეგ, არ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილება, რადგან ამისთვის საჭირო იყო მიწის ნაკვეთების მოქალაქეთა საკუთრებაში რეგისტრაცია. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, მაგ. ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის შედეგად, დაზარალებული რჩება, მინიმუმ, კიდევ 20 ოჯახი, რომლებიც ვერ ირეგისტრირებენ მიწებს საკუთრებაში და შესაბამისად, მათთვის არც საკომპენსაციო თანხის გაცემა იგეგმება”, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვლევისას შერჩევითი სამართლის ნიშნებიც გამოიკვეთა, რასაც მესტიის საჯარო რეესტრის მიერ დადგენილია შეზღუდვები და ე. წ. აკრძალული სარეგისტრაციო ზონა (წყლის გაღმა ტერიტორია) წარმოშობდა.

 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ ზონაში არსებული ნაკვეთების რეგისტრაციაზე საბუთებს რეესტრის კანცელარია აღარ იღებდა. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქეებისათვის ე. წ. აკრძალულ სარეგისტრაციო ზონაში მაინც ხორციელდებოდა მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია. ანგარიშში მოტანილია ფაქტები, როდესაც საუკუნეების მანძილზე მოქალაქეების მიერ ტრადიციულ კუთვნილებაში მქონე მიწები, აღმოჩნდა სხვა მესაკუთრის – კერძოდ, პარლამენტის წევრის შვილის ხელში, რომელმაც ამ მიწაზე სასტუმრო ააშენა.

 

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლო კონფლიქტები და უარყოფითი შედეგები. მათ შორის, მიწის საკითხი, რომელიც სვანებისათვის ერთგვარად იდენტობის განმსაზღვრელია. არ გათვალისწინებულა მიწის ფლობის გარშემო აგებული ურთიერთობების რღვევა და მიწის ნაკვეთის, როგორც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი სარჩო-საბადებლის, შესაძლო დაკარგვა. მესტიაში მოსახლეობა განსაკუთრებულ სირთულეებს წააწყდა ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთების (რაც მესტიის რაიონის დაახლოებით 80% მოიცავს) რეგისტრაციისას. საქართველოს კანონმდებლობით შემოთავაზებული საკუთრების უფლების ლეგალიზების ორი საფუძვლიდან _ “თვითნებური დაკავება” და “მართლზომიერი ფლობა” – უმრავლეს შემთხვევაში, ვერც ერთი ვერ ესადაგება მესტიაში (ისევე როგორც, ზოგადად, სვანეთში) გავრცელებულ საკუთრების ფორმას – ტრადიციულ ფლობას”, – წერია ანგარიშში.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულ მოსახლეობას, რომელიც არასამთავრობოების ინფორმაციით, 120 ოჯახს მოიცავდა, სამართლებრივი გზით არ უდავია და სასამართლოსთვის არ მიუმართავს, ამას კი დოკუმენტაციის არქონით ხსნიდნენ.

 

არსებული მდგომარეობა

 

დღევანდელი მდგომარეობით, დაბა მესტიაში, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება და მისი დაცვა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რასაც კანონმდებლობის გაუმართაობით ხსნიან. მოსახლეობა მაშინაც და ახლაც ითხოვს ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწების დარეგისტრირების საშუალება მიეცეთ, რის საფუძველზეც ისინი შეძლებენ, რომ რიგ შემთხვევებში, მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, ერთჯერადი კომპენსაცია მიიღონ ან საკუთრებაში დაიტოვონ და ინვესტორთან სეზონური გამოყენების თაობაზე მოლაპარაკებას მიაღწიონ.

 

როგორც მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე ზაურ ჩართოლანი ამბობს, რეგისტრაციის პროცესი ისევ შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან კანონმდებლობა მიწის მართლზომიერი და არამართლზომიერი საკუთრების გარდა, სხვა პრეცედენტს დაკანონების პროცესში არ ცნობს:

 

“სამწუხაროდ, ჩვენ საკანონმდებლო ბაზის პრობლემა გვაქვს, სადაც სვანეთის და საერთოდ, საქართველოს მთის რეგიონების რეალობა არ არის ასახული. მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ ორ ცნებას იცნობს, მართლზომიერ ფლობასა და არამართლზომიერ ფლობას. მართლზომიერი ფლობაა, როცა ყველა დოკუმენტი გაქვს, რასაც კანონმდებლობა ითხოვს. თუმცა, სვანეთში მხოლოდ 50-60% ფლობს ამ დოკუმენტაციას; დანარჩენები, გამოდის, რომ მიწის არამართლზომიერი მფლობელები არიან. ისინი არიან სამემკვიდრეო მიწებზე, მათი წინაპრების მიწაზე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ფლობენ. აქ გვაქვს კაზუსი _ ერთის მხრივ, როგორ შეიძლება წინაპრების დატოვებული მიწა არამართლზომიერი იყოს და მეორე, არ გვაქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში ხელს უშლის. ეს კი სვანეთში ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარებას შეაფერხებს. საკმაოდ დიდი მშენებლობები მიმდინარეობს მესტიაში და ყველა მესაკუთრეს თუ რეგისტრირებული არ აქვს მიწა, ცენტრალური ხელისუფლება ანაზღაურებას ვერ უხდის. ეს ყველანაირ მშენებლობას აფერხებს. ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა, რადგან თუ მიწას საკუთრებაში არ ფლობ, ინვესტირებას ვერ ახორციელებს. ამას მარტივი გადაწყვეტილება უნდა ცენტრალური ხელისუფლებისგან და პარლამენტისგან – დაუკანონდეს მოსახლეობას მიწები არსებულ რეალობაში ისტორიული ფაქტორით, გარდა იმ მიწებისა, რომელიც დღეს სახელმწიფოს აქვს დაკავებული”, – ამბობს ჩართოლანი.

 

პრობლემის გადაჭრის გზა

 

აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონების უფლების მინიჭებაში ხედავს, როგორც მოსახლეობა, ასევე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძე. მისი თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა კანონში ცვლილების შესატანად და უახლოეს მომავალში პროექტის ვარიანტიც საჯარო გახდება. როგორც ჯაფარიძე ამბობს, პროექტის პირვანდელი ვერსია სამინისტროებისთვის უკვე გადაგზავნილია, თუმცა, მათი შენიშვნების მიღებისა და შესწორების შემდეგ, როგორი სახით შევა კანონში ცვლილება, ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია. ერთი რამ კი ცხადია – მესტიის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება მემკვიდრეობით მიღებული მიწების დაკანონებას ითხოვს, რაც “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში “ისტორიული ფაქტორის” მუხლით უნდა შევიდეს.

 

“ახლა ჩვენ არ ვითხოვთ იმ მიწებს, სადაც სახელმწიფოს გზა ან რაიმე სტრატეგიული ობიექტი აქვს, მაგრამ, რაც ახლაც მოსახლეობის მართლზომიერ მფლობელობაშია, ის მიწები დააკანონონ. უსამართლობაა, რომ მოსახლეობას, რომელსაც ეს მიწები საკუთრებაში აქვს, არ დაუკანონდეს. ამ მიმართულებით ვაპირებთ კანონში ცვლილებების შეტანას. პრობლემა აქ იმაშია, რომ არქივის ცნობას, მიხეილ სააკაშვილის შექმნილი კანონმდებლობა არ ცნობს. 1991 წელს გაცემული მიწის საკუთრების დოკუმენტაცია ვისაც აქვს, ის ითვლება კანონიერ მფლობელად. ეს დოკუმენტები ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოსახლეობამ მიწის გადასახადების გამო ვერ აიღო. ახლა კი, ადგილობრივები ითხოვენ, რომ 1954 წელს, არქივში არსებული ცნობების საფუძველზე მოხდეს მიწის დაკანონება. ამასთანავე, გამგებლის ან მომიჯნავე მეზობლების განცხადებების საფუძველზე მოხდეს დაკანონება, რადგან მოსახლეობა ერთმანეთში ფართობების საზღვრებს არ დავობს. თავისუფლად შეიძლება ხალხის სასარგებლოდ უმტკივნეულოდ გადაწყდეს, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოც მოგებული დარჩება და მოსახლეობაც”, – ამბობს ჯაფარიძე.

 

ამასთანავე, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობას უკანონებენ მხოლოდ 5000 კვ. მ. მიწას; ამის ზემოთ რეგისტრაცია არ მიმდინარეობს. ხალხს 2-3 ჰა მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც რეგისტრაციისას პრობლემას ქმნის: “სააკაშვილმა ისე მოაწყო ყველაფერი, რომ მესტიის დაბაში მიწის რეგისტრაცია საერთოდ არ ხდებოდა. არქივის ცნობაც რომ გქონოდა, არავინ გირეგისტრირებდა. მე, მაგალითად, მესტიის ცენტრში ვცხოვრობ და მაქვს სათიბი მიწის ფართობი, რომლის მხოლოდ ნახევარი მაქვს დაკანონებული, მეორე ნახევარის დაკანონებას კი ვერ ვახერხებ. დღესაც დგას ეს პრობლემა, მაგრამ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან და გვინდა, არსებული მდგომარეობა კანონით დავარეგულიროთ”, – ამბობს ჯაფარიძე, თუმცა დეპუტატს უჭირს სავარაუდო თარიღის დასახელება, როდის შეიძლება შევიდეს კანონში ცვლილება პრობლემის გადასაჭრელად.

 

კითხვაზე – თუ კანონში აღნიშნული ცვლილება ვერ შევა, ხომ არ არის საშიშროება, წინა ხელისუფლების დროს დაწყებული უკანონობა დღესაც გაგრძელდეს? – მესტიის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე ზაურ ჩართოლანი გვპასუხობს: “დღევანდელი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, არავინ არაფრის ჩამორთმევას არ აპირებს მოსახლეობისთვის. შესაძლოა, იყოს ერთეული შემთხვევები, ისეთი, როდესაც ხელისუფლება ანაზღაურებს დანაკარგს, მაგრამ მესაკუთრე არ არის თანახმა არც ერთ შეთავაზებულ ვარიანტზე, ამ შემთხვევაში, ისევ ექსპროპრიაციის შესახებ კანონის ფარგლებში, მოხდება მიწის საკუთრების იძულებით ჩამორთმევა. როცა ათასისგან ერთი ადამიანი განსხვავდები და ამით აზარალებ სახელმწიფო ინტერესს, ვფიქრობ, ეს კანონიც უნდა ამოქმედდეს”, – ამბობს ჩართოლანი და დასძენს, რომ “მომავალი წლიდან მთის კანონი ამოქმედდება, რომელიც ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს, მაგრამ მიწის გარეშე ბიზნესის განვითარება დედამიწაზე ჯერ ვერავის მოუფიქრებია და არც არსებობს. ამიტომ, როცა ერთი კანონით ხელს უწყობენ ამის გაკეთებას, მეორე კანონი ხელს არ უნდა უშლიდეს”.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” – ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.

პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.


 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
[რეკლამა]