სიახლეები

7 ბათუმელი ამერიკულ უნივერსიტეტში

30.08.2015 • 2273
7 ბათუმელი ამერიკულ უნივერსიტეტში

 

შეხვედრა აბიტურიენტებთან. ფოტო სან დიეგოს უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან

 

მარიამ ბასილაიამ სკოლა „თაობა 21″ დაამთავრა ბათუმში. იგი სან დიეგოს უნივერსიტეტში, სადაც სწავლა 7 500 დოლარი ღირს, სრულიად უფასოდ ისწავლის. მარიამი სან დიეგოს ამერიკულ უნივერსიტეტში ქიმია-ბიოქიმიას შეისწავლის. „ყოველთვის მიყვარდა ბიოლოგია. არ არის საქართველოში ამ სპეციალობაში ძლიერი მიმართულებები, ამიტომ არ ვფიქრობდი ამ მიმართულებით ჩაბარებს, რადგან მინდოდა ხარისხიანი განათლება მიმეღო. როცა სან დიეგოს უნივერსიტეტის შესახებ გავიგე, სადაც სხვა დონის სწავლაა, ასწავლიან ამერიკელი პროფესორები და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია ამ უნივერსიტეტის დიპლომით იმუშაო, გადაწყვეტილება მივიღე. მე გამიმართლა, რადგან, რაც მინდოდა და მაინტერესებდა, იმაზე ჩავაბარე.”

 

სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზეა. უნივერსიტეტმა საქართველოს სამ ქალაქში _ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უნივერსიტეტში სწავლით დაინტერესებული აბიტურიენტები წინასწარ გადაამზადა უფასოდ. მარიამი ამბობს, რომ ინგლისურზე მნიშვნელოვანი საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა და მოტივაცია იყო: „ცოტას ვნერვიულობ ინგლისურის გამო, მაგრამ იმედია ყველაფერი გამომივა. არ მქონდა 100-პროცენტიანი დაფინანსების მოლოდინი, ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან მიხარია”.

 

ამერიკული უნივერსიტეტის 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო ვახო დონაძემაც. იგი კომპიუტერულ ინჟინერიას შეისწავლის. უნივერსიტეტის შესახებ ვახომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს გაიგო: „ჯერ სკოლაში მოვიდა უნივერსიტეტის წარმომადგენელი და ინგლისური ენის კურსისთვის შეგვარჩია ბავშვები. “ტოეფელისთვის” გვამზადებდნენ უფასოდ. ბათუმის „შერატონშიც” იყო უნივერსიტეტის პრეზენტაცია, იქ უფრო დაწვრილებით აგვიხსნეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდებოდი, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა, რომ 100-პროცენტიანი დაფინანსება მივიღე.” ვახო სკოლა “გორდას” ყოფილი მოსწავლეა.


კომპიუტერულ ინჟინერიას ისწავლის ზურა ბაკურიძეც, #2 საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე. „ვფიქრობ, არ გამიჭირდება ინგლისურ ენაზე სწავლა. ქულებიდან გამომდინარე მქონდა მოლოდინი, რომ გრანტს მივიღებდი. ეროვნულ გამოცდებზე ოთხი საგანი ჩავაბარე: ინგლისური, უნარები, ქართული და მათემატიკა”, – ამბობს ზურა.
სან დიეგოს უნივერსიტეტი ფონდის – „ათასწლეულის გამოწვევა -საქართველოს” დაფინანსებით გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია.

 

„სან დიეგოს უნივერსიტეტი გახლავთ აშშ-ში ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტი ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის დარგში. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა, დასაქმების კუთხით, ძალიან მაღალია. მთავარი ღირსება ამ პროგრამების გახლავთ ის, რომ პროგრამები აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლესი ლაბორატორები, აუდიტორიები და ბიბლიოთეკა იქნება მოწყობილი. პროგრამა უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ სტუდენტები ჩაირიცხებიან არა მარტო სან დიეგოს უნივერსიტეტის ბაზაში და ექნებათ სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტის წითელი საიდენტიფიკაციო ბარათი, არამედ, ასევე ჩაირიცხებიან ქართული უნივერსიტეტის ბაზაშიც და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ქართულ და ამერიკულ დიპლომს”, – ამბობს ნინო ჩუბინიძე, სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტის საქართველოს აკადემიურ ურთიერთობათა დირექტორი.

 

სან დიეგოს უნივერსიტეტის სამი საბაკალავრო პროგრამა: კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია და ქიმია/ბიოქიმია საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება: ივ. ჯავახიშვილის, ილიას და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში. სტუდენტებს ლექციებს ძირითადად უცხოელი პროფესორები წაუკითხავენ. უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე იქნება.

 

„ჩვენ არ ველოდებით, რომ სტუდენტებს დიდი პრობლემები ექნებათ ინგლისურ ენასთან დაკავშირებით. სტუდენტებს, რომლებმაც მოგვმართეს დაფინანსების თხოვნით, აქვთ ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა, ისინი თავისუფლად შეძლებენ სწავლას. თუმცა უნივერსიტეტი პარალელურ რეჟიმში აპირებს სტუდენტების მომზადებას, იმ მთავარი პირობისთვის, რომელიც სტუდენტებმა უნდა შესრულონ პირველი სასწავლო წლის ბოლომდე – ეს გახლავთ ენის სერტიფიკატის, „ტოეფელის” ან „აელტის” აღება პირველი სასწავლო წლის ბოლოს. წელს ამ სერტიფიკატის გარეშე მიღება იყო გამონაკლისი, რომელიც უნივერსიტეტმა მხოლოდ საქრთველოში დაუშვა, რადგან სან დიეგოს უნიევრსიტეტში ვერ აბარებს ვერავინ, ვისაც „ტოეფელის” ან მისი ტოლფასი ენის დამადასტურებელი სერტიფკატი არა აქვს წარდგენილი მათემატიკისა და სასკოლო ნიშნებთან ერთად”, – ამბობს ნინო ჩუბინიძე.

 

სან დიეგოს უნივერსიტეტი წელს დაახლოებით 120 სტუდენტს მიიღებს. მათგან უნივერსიტეტი მინიმუმ 82 სტუდენტს დააფინანსებს, 50, 70 და 100-პროცენტიანი გრანტით.
„მობილობაში მონაწილე სტუდენტებმა ასევე შეიძლება მიიღონ უნივერსიტეტის დაფინანსება. მობილობა დასრულდა და დაახლოებით 10-12 ადამიანია რეგისტრირებული. პროგრამების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენ მათაც შევთავაზებთ დაფინანსებას.

სან დიეგოს დაფინასება სტუდენტებს დაუმტკიცდათ ოთხი წლის ვადით, მაგრამ სტუდენტებმა უნივერსიტეტის წესებიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე უნდა აჩვენონ მაღალი აკადემიური მოსწრება. მათ აუცილებლად უნდა დაასრულონ სასწავლო წელი არანაკლებ 2, 5 საშუალო ქულისა. ეს ნიშნავს რომ მათ A, B და c-ზე უნდა ისწავლონ და არა უფრო ნაკლებ შეფასებაზე”, – ამბობს ნინო ჩუბინიძე.

2016-2017 სასწავლო წელს სანდიეგოს უნივერსიტეტი უკვე არსებულ სამ პროგრამასთან ერთად მიღებას კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე დაიწყებს, შემდეგ წლებში სამოქალაქო ინჟინერიისა და სამშენებლო სამბაკალავრო პროგრამებზე.

 

წელს კი, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, მომავალ აბიტურიენტებს საქართველოს ექვს ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდსა და თელავში სან დიეგოს უნივერსიტეტი აქ ჩაბარების მსურველებს ინგლისურ ენაში უფასო კურსს შესთავაზებს გადამზადების ცენტრებში. ნინო ჩუბინიძის თქმით, ეს პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება და ამის შესახებ ყველა სკოლა და რესურსცენტრი იქნება ინფორმირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: