სიახლეები

მოსამართლე ბრალდებულს: “იმედი მაქვს, ეს იქნება კარგი გაკვეთილი თქვენთვის”

29.08.2015 • 2188
მოსამართლე ბრალდებულს: “იმედი მაქვს, ეს იქნება კარგი გაკვეთილი თქვენთვის”

 

როგორც პროკურორმა ქეთევან ადამიამ სასამართლო პროცესზე განმარტა, ბრალდებული თურქეთ-საქართველოს საზღვართან დააკავეს. საქმის მასალებში ინახება ბრალდებულის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები, ასევე საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სახელმწიფო ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დებს ბრალს – სსკ 260-ე და 262-ე, რაც საბოლოო ჯამში, სულ ცოტა, რვაწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ მხარეების სურვილია საქმე არსებითი განხილვის გარეშე, საპროცესო შეთანხმებით დასრულდეს.

 

ბრალდებულმა თქვა, რომ ბრალდებას აღიარებს. მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, საპროცესო შეთანხმება შანტაჟით, იძულებით ან ძალადობრივი გზით ხომ არ გაფორმებულა. ბრალდებულმა უპასუხა, რომ -არა.
მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს მიესაჯა ერთწლიანი პატიმრობა და ხუთი წელი პირობითი მსჯავრი. ექვსი წლის განმავლობაში ბრალდებულს აეკრძალა ავტომობილის მართვა, სამედიცინო საქმიანობა, აფთიაქის გახსნა, პედაგოგიური და საადვოკატო საქმიანობა, ასევე იარაღის დამზადება, შენახვა და ტარება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული 6 წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს თვითმართველობის ორგანოებში და ვერც ერთ საჯარო სამსახურში. “არსებითი განხილვის შემთხვევაში თქვენ სულ ცოტა რვაწლიანი პატიმრობა გელოდებოდათ, კანონი უფრო მსუბუქ სასჯელს არ ითვალისწინებს ამ ბრალდებისთვის, თქვენ საპატიმროს დატოვებდით 2023 წელს, საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში კი თქვენ თავისუფალი იქნებით 2016 წელს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი დასასრულია თქვენი საქმის და იმედი მაქვს, ამ შანს გამოიყენებთ, საპატიმროს დატოვების შემდეგ დაუბრუნდებით თქვენს ძველ ცხოვრებას და ეს იქნება თქვენთვის კარგი გაკვეთილი”, – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ბრალდებულს ასევე დაეკისრა 7 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებულს უფლება აქვს შეწყალების თხოვნით მიმართოს პრეზიდენტს. იმ შემთხვევაში თუ მას პრეზიდენტი შეიწყალებს, იგი საპატიმროს ერთ წელზე უფრო ადრეც დატოვებს. ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ჯემალ კიკნაძე იცავდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: