სიახლეები

სასამართლომ იარაღის უკანონო ტარებში ბრალდებული გაამართლა

17.08.2015 • 1626
სასამართლომ იარაღის უკანონო ტარებში ბრალდებული გაამართლა

 

მამუკა ზოიძის სასამართლო პროცესი

 

საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის 21 აგვისტოს ბათუმის ბულვარში დააკავეს ბრალდებული, რომელსაც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა იარაღი. როგორც ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, იარაღი 105 წლის ანტიკვარია.

“ჩემი დის მეგობრების სანახავდ მივდიოდი ბულვარში. უკანა მხრიდან მუხლებში ვიგრძენი ძლიერი ჩარტყმა, დავეცი მიწაზე, ხელებზე ბორკილები დამადეს, პირისახით მიწას ვეხებოდი, წელის არეში ვიგრძენი სიცივე და მერე გავიგონე ხმა, იარაღი აქვსო. მივხვდი, რომ ჩამიდეს, დავიწყე ყვირილი, მიშველეთ ხალხო, იარაღი ჩამიდეს-მეთქი, პირზე ამაფარეს ხელი… შორტებით მოვედი სასამართლოში, მინდოდა პროკურორს ენახა, როგორ შეიძლება შორტებში იარაღის შენახვა, მანდატურემა მოკლე შარვლით სასამართლო დარბაზში არ შემომიშვეს”, – ეს ამონარიდია ბრალდებულის ჩევნებიდან, რომელიც სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობით, მოწმის სტატუსით დაკითხა.

 

სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხეს ბრალდებულის მეზობელი, რომელმაც მანქანით ის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულს დაკავების დღეს ნამდვილად მოკლე შარვალი, ე.წ. შორტი ეცვა.

ბრალდებულმა პროკურორს სთხოვა ამოეღოთ მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რითაც დადასტურდებოდა, თუ სად და რატომ მიდიოდა ბრალდებული ბულვარში. “თუ ვინმესთვის იარაღის გადაცემა მინდოდა, ბულვარში რატომ შევხვდებოდი, მე მაინტერეებს რატომ ჩამიდეთ იარაღი?” – ჰკითხა პროკურორს ბრალდებულმა.

 

ბრალდებულის ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე, სადაც ის დააკავეს, დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, თუმცა დაცვის მხარის ინფორმაციით, საქმეში ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალები არ დევს.
საქმის პროკურორი ირაკლი დონდოლაძეა, ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი შავაძე იცავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: