სიახლეები

ვის არა აქვს შვებულება აჭარის მთავრობაში

12.08.2015 • 1548
ვის არა აქვს შვებულება აჭარის მთავრობაში

 

აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა

ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში და ამავდროულად პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მაჟორიტარის რეჟიმი დასვენებას არ ითვალისწინებს: „ჩვენ სულ ვხვდებით ამომრჩეველს, მუდმივ რეჟიმში. ახლაც ჩამოსული ვარ ბათუმში, ამომრჩეველთან შეხვედრები მქონდა. გამომდინარე იქედან, რომ პარლამენტს მუშაობა არ შეუწყვეტია, გვქონდა რიგგარეშე სხდომები და ახლა ვართ რეჟიმში, როცა ვეტო არის დასაძლევი. მაჟორიტარ დეპუტატს დასვენება არ შეუძლია. ახლა მე ვარ სახლში და არსად ვაპირებ წასვლას, შეიძლება ფიზიკურად წავიმუშაო. მოვკრეფ კიტრს, პომიდორს და მივიტან სახლში. გასვლას არ ვაპირებ არსად.“

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს შვებულებით არ უსარგებლია და არც გეგმავს, რადგან „ბევრი საქმე აქვს.“

 

რაც მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ჩააბარეს, კუთვნილი შვებულებით არც არჩილ ხაბაძეს უსარგებლია: „სამწუხაროდ, ვერასოდეს ვახერხებ კუთვნილი შვებულებისა თუ დასვენების დღეების გამოყენებას. ზედმეტია საუბარი დღის განმავლობაში შესვენებაზე. პირდაპირ გეტყვით, დილით 10 საათზე, როცა სამსახურში მოვდივარ, მთელი დღე ისეა გაწერილი, რომ ღამის 2-3 საათამდეც კი სახლში ვერ მივდივარ. რაც ამ თანამდებობაზე ვმუშაობ, შვებულება არ გამომიყენებია. დასვენებას ვერც წელს ვახერხებ“.

 

აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი დასვენებას თითქმის ყოველ წელს გეგმავს, მაგრამ ვერ ახერხებს:

 

„შვებულება? სად არის? რომელია ეგ?“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა განათლების მინისტრს შვებულების გაგონებაზე. მისივე თქმით, მინისტრი დასვენებას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ თანამშრომლებს კუთვნილი შვებულების გამოყენებაზე უარი არ უთხრას.

 

„არასოდეს გავსულვარ შვებულებაში. მე ხომ არქეოლოგი ვარ, ჩემი შვებულება ექსპედიციაა. ზაფხულობით დავდიოდი ექსპედიციაში და ვმუშაობდი. კვლევით ინსტიტუტში ხელფასს რომ არ მაძლევდნენ, მაშინ ვგებულობდი, რომ შვებულებაში ვყოფილვარ. წინა სამსახურიდან, კვლევითიდან შვებულებაში გავდიოდი. რაც ამ სამსახურში, ამ საინტერესო ადგილზე მოვედი, არასოდეს მისარგებლია შვებულებით. არც ვგეგმავ? – რომ იცოდეთ, როგორ ვგეგმავ. უტელეფონო ადგილზე წავიდოდი, მაგრამ შეუძლებელია. თანამშრომლებს უარს ვერ ვეუბნები. არც სახლში უნდათ ჩემი შვებულებაში გაშვება და არც სამსახურში. ყველას უნდა გამომწუროს ბოლომდე“.

 

შვებულებით ვერც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ისარგებლა: „18 წელია არ ვყოფილვარ შვებულებაში. წელს, შემოდგომაზე ვამთავრებთ, ანგარიშების პერიოდი მოდის. გაზაფხულზე პროგრამები უნდა ავამოქმედოთ. აპრილში აზრი არა აქვს შვებულებაში წასვლას. ზაფხული ისედაც რთულია და ამის დრო არაა. ვერც წელს ზაფხულში ვგეგმავ, რადგან დატვირთული რეჟიმი მაქვს. გვიან შემოდგომაზე თუ მოვახერხე, კარგი იქნება. სად წავალ? – გამომიჭირეთ. იმდენი მაქვს წასასვლელი. მაქვს 800-მეტრიანი მეურნეობა და ჩემს ხეებს მოვეფერები.“

 

იმაზე, რომ შვებულების აღებას ვერ მოახერხებდა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მეუღლეს უკვე შეთანხმებია: „ვუთხარი, მარტო წადი-მეთქი, უკვე შევუთანხმდი. შვებულებით ვერ ვისარგებლებ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, რუსეთის ემბარგომ საქმე გაგვირთულა“.

 

შვებულებაზე „ბათუმელებთან“ საუბარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ არ ისურვა. ის უკვე იმყოფებოდა შვებულებაში.

 

შვებულებით არც ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილის უსარგებლიათ.

გადაბეჭდვის წესი