Batumelebi | რას შეცვლის „ქალთა კლუბი“ ქალებისთვის რას შეცვლის „ქალთა კლუბი“ ქალებისთვის – Batumelebi
RU | GE  

რას შეცვლის „ქალთა კლუბი“ ქალებისთვის

 

ცოტა ხნის წინ ბათუმში ქალთა კლუბი დაარსდა. მას ხუთი დამფუძნებელი ჰყავს. კლუბის მიზნებზე „ბათუმელები“ ორ მათგანს – ჟურნალისტ ნატა იმედაიშვილს და იურისტ ნინო ტავლალაშვილს ესაუბრა. კლუბის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ მათი საქმიანობის მთავარი მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების გააქტიურება და ადამიანის უფლებების სფეროში მათი განათლების ამაღლებაა. 

ნატა იმედაიშვილი და ნინო ტავლალაშვილი

კლუბის დაარსების იდეა ქუთაისის ქალთა კლუბიდან წამოვიდა. როგორც ნინო ამბობს, კლუბის ხელმძღვანელი პირველად მას დაუკავშირდა და ბათუმში მსგავსი კლუბის დაარსების იდეა გააცნო. „ქუთაისში ქალთა კლუბი ცხრა წელია არსებობს. მათი სურვილია მსგავსი კლუბები სხვა ქალაქებშიც არსებობდეს, რადგან ქალთა უფლებების საკითხებში ახალი მიდგომები და იდეები გაჩნდეს,“ –  ამბობს კლუბის პრეზიდენტი ნინო ტავლალაშვილი.
„ქალთა კლუბს“ ნინოს და ნატას გარდა, კიდევ სამი დამფუძნებელი ჰყავს, – ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი მედეა ჩარკვიანი, პედაგოგი ნარგიზ ბასილაძე და მედიკოსი ლია ჯაში.

„სწორედ ამით არის საინტერესო ეს კლუბი, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ და შეგვიძლია რამდენიმე მიმართულებით გავშალოთ ჩვენი შესაძლებლობები. იდეაც იმიტომ მოგვეწონა, რომ ის მთლიანად ქალების განათლებაზე, მათი ინიციატივების გაძლიერებაზეა ორიენტირებული,“ – ამბობს ნატა იმედაიშვილი.

ბათუმის „ქალთა კლუბს“ ამ დროისთვის დებულება არ აქვს. როგორც ამბობენ, სასტარტო პირობებში მუშაობენ და იდეები დახვეწის პროცესშია.
„ქუთაისის კლუბს აქვს დებულება და ჩვენიც მასთან მიახლოებული იქნება, თუმცა იქნება განსხვავებებიც. ქუთაისის კლუბს ჰყავს თავმჯდომარე, ჩვენსას კი პრეზიდენტი. გარდა ამისა, ქუთაისის კლუბის წევრები ძირითადად წარმატებული, ცნობადი და რეალიზებული პირები არიან, ჩვენ კი ვაპირებთ, რომ კლუბის წევრობის უფლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის დიასახლისსაც, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს თავისი იდეები და მოსაზრებები კლუბის განვითარებაზე. მთავარია, საკითხი აინტერესებდეს და აქტიური იყოს,“ – გვეუბნება ნატა.

კლუბის შემოსავლის წყარო საწევრო გადასახადი იქნება, რომელიც ნატას თქმით, 5-დან 10 ლარამდე განისაზღვრება. „შემდეგ ეტაპზე კი მოვიძიებთ გრანტებსაც.“

კლუბის დამფუძნებლების თქმით, პირველ ეტაპზე საუბარი იყო იმაზეც, რამდენად შეძლებდა კლუბი კონკურენტულ გარემოში ეფექტურ მუშაობას. „ქალთა საკითხებზე დღეს ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, ბევრი ადამიანი საუბრობს გენდერზე და იყო მომენტი, როცა ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს თემა მოსაბეზრებელი გახდა, რომ ქალთა უფლებებზე საუბარი თითიდან გამოწოვილია და საქართველოში ეს პრობლემა არ დგას. თუმცა, ეს მოსაზრებები არ იყო არგუმენტირებული, რადგან კონკრეტული კვლევები და ფაქტები გვაჩვენებს, რომ ქალთა უფლებები არ არის სათანადოდ დაცული. ამიტომ, ჩვენი მთავარი ორიენტირი ქალთა განათლება იქნება, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საკუთარ უფლებებზე და შეძლონ არა მარტო საკუთარი თავის, სხვების უფლებების დაცვაც,“ – ამბობს ნატა იმედაიშვილი.

„ქალთა კლუბის“ წევრების აზრით, თემებს რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე შეარჩევენ. ნატას აზრით, ბათუმისა და მაღალმთიანი რეგიონების პრობლემა არის ის, რომ ქალებს ნაკლები მოტივაცია აქვთ.

„არის ფაქტები, როცა მაღალმთიან რეგიონში ქალები არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მათ ნაცვლად ქმრებს ან მამამთილებს მიაქვთ ხოლმე საარჩევნო ბარათები უბანზე და ეს ფაქტი გამორიცხავს მათ თანამონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არის მენტალური პრობლემებიც, რომელიც არსებობს როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. მაგალითად, ბევრი ვერ აცნობიერებს იმას, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა ეს არის ჩაგვრის ერთ-ერთი სახე,“ – ამბობს ნატა.

ამიტომ, ნატას აზრით, „ქალთა კლუბის“ არსებობა არ იქნება გამართლებული თუ მათი საქმიანობა მხოლოდ ბათუმზე იქნება იროენტირებული: „მე ვიცი ბევრი ოჯახი ქალაქში, რომლებიც იტანჯებიან სტიგმებისა და სტერეოტიპების გამო. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ სტერეოტიპებისგან ჩვენი ქალაქი არის თავისუფალი“.

ნინოს აზრით, კლუბმა უნდა იმუშაოს ნაადრევი ქორწინებების პრობლემაზეც. „ამისთვის აუცილებელია შეხვედრები მოზარდებთან, მშობლებთან, რომ მათ მეტი ინფორმაცია მიიღონ თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევმა ქორწინებამ. მათ ექიმის მხრიდან შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო ინფორმაცია, ჩემგან კი, როგორც იურისტისგან, სამართლებრივი ინფორმაცია“, – ამბობს ნინო.

რა იქნება მათი პირველი აქტივობა, „ქალთა კლუბის“ წევრები ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ, რადგან მათი აზრით, ეს საკითხი გამგეობის წევრებთან ერთად უნდა გადაწყდეს. კლუბი სამოქმედო გეგმაზე მუშაობას სექტემბერში დაასრულებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე