სიახლეები

გაუქმებული ხელშეკრულებები და ინვესტორები, რომლებსაც მთავრობა სასამართლოში უჩივის

09.08.2015 • 1760
გაუქმებული ხელშეკრულებები და ინვესტორები, რომლებსაც მთავრობა სასამართლოში უჩივის

ბათუმში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ”ნიუ ენერჯი” ახორციელებდა. ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან

შპს „ინვესტპროექტს“ ქობულეთის სოფელ ხუცუბანში მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების პირობით გადასცა. ინვესტორმა შესაბამის დოკუმენტს 2012 წელს მოაწერა ხელი. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ გადაცემულ ნაკვეთზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი გადიოდა და იქ სასათბურე მეურნეობის მოწყობა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მან მთავრობასთან ნაკვეთის გაცვლაზე დაიწყო მოლაპარაკება, რაც დადებითად გადაწყდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „ინვესტპროექტს“ 8 240 ლარის ამოღებაზე უჩივლა სასამართლოში. 2014 წლის მარტში ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მის სასარგებლოდ გადაწყდა, ინვესტორის თქმით, ის იძულებული გახდა საქმე შეეჩერებინა. „ტურინვესტპროექტი“ 2012 წელს რუსეთის მოქალაქემ ილია ხაჯმა და ქობულეთში მცხოვრებმა დალი მეგრელიძემ დააფუძნეს. ილია ხაჯი კომპანიის 75%-ს ფლობს. კომპანიის დირექტორის თანამდებობას კი ნუგზარ მეგრელიძე იკავებს. სასამართლო დავა მიმდინარეობს კომპანია „პორტო ფინ“-სა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს შორისაც. ამ შემთხვევაში კომპანია უჩივის სახელმწიფოს. ინვესტორი მიიჩნევს, რომ სამინისტრო მას უსამართლოდ აჯარიმებს, ამიტომაც სახელმწიფოსგან 999 960 ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს. უკრაინელ ინვესტორს, რომელმაც ბათუმში კომპანია „პორტო ფინი“ დააფუძნა, მიწის ნაკვეთი ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს (სადაც ადრე ყინულის მოედანი იყო განთავსებული), 900 000 ლარად, სასტუმროს მშენებლობისა და რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის განხორციელების მიზნით, ლევან ვარშალომიძემ გადასცა. „პორტო ფინის“ იურიდიულ მომსახურებას ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გელა მახარაძე უწევს. ის ამბობს, რომ ინვესტორმა მინისტრ დავით ბალაძეს ბატონობით არ მიმართა, რამაც მინისტრი გააღიზიანა: „პატარა კინკლაობა იყო, შემდეგ კი დაამტკიცა, რომ მაგარი ბიჭია [მინისტრი] და ხელშეკრულება გააუქმა“. დავა ამ ეტაპზე უზენაეს სასამართლოში გრძელდება.

კომპანიას სასამართლოს ორმა ინსტანციამ უარი უთხრა მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – კომპანიას 73 221 ლარი ზიანის ანაზღაურებისთვის დააკისრეს, ხოლო 73 200 აშშ დოლარი – პირგასამტეხლოს ნაწილში. სამინისტროს იურისტის, გელა ცინცაძის განმარტებით, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა: „გადაიტანა ყინულის სასახლე, რაშიც მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა შესყიდვის თანხა – 900 000 ლარი ვერ გადაიხადა, რის გამოც ხელშეკრულება მოიშალა. რაც შეეხება ბატონობით არ მიმართვას, არაფერი ვიცი. თუმცა, ცხადია, რომ კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა“. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 121 604 ლარით დააჯარიმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამედიცინო ცენტრი „სალვე“. კომპანიამ ჯარიმა ვერ გადაიხადა, რის გამოც სამინისტრომ სარჩელით სასამართლოს მიმართა. კომპანიას ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც ახლა სისხლის ბანკი გაიხსნა, კლინიკის მშენებლობისა და რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის ვალდებულება ჰქონდა აღებული. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის გელა გორგილაძის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად მათ ლევან ვარშალომიძემ გადასცა: `სინამდვილეში, ეს მთლად სიმბოლური ფასიც არ იყო – შეთანხმება გვქონდა, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მთავრობას სხვა ნაკვეთს გადავცემდით. გარდა ამისა, ახალ კლინიკაში, რომელსაც ავაშენებდით, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული დედათა და ბავშვთა ცენტრი უნდა გადმოსულიყო. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს საკითხები გაჭიანურდა. ისინი რაღაცებში ვერ დარწმუნდნენ და გაიპარა ვადები, ყოველ ვადაგადაცილებულ ერთ დღეზე ჯარიმა 2500 ლარია, რამაც საბოლოო ჯამში, მილიონზე მეტს მიაღწია და დაგვაჯარიმეს. შემდეგ რამდენჯერმე ვიყავით მოლაპარაკებაზე, ტენდერიც მოვიგეთ და სხვანაირად შემოგვხედეს“.

სამინისტროს იურისტის განმარტებით კი, კომპანიამ სახელმწიფოს დაპირებული, სანაცვლო ნაკვეთი ვერ გადასცა, რადგან ის იპოთეკით ჰქონდა დატვირთული. მთავრობამ ხელშეკრულება სწორედ ამის გამო მოშალა. სასამართლოსთვის არ მიუმართავს, თუმცა სამინისტრომ ხელშეკრულება „ნიუ ენერჯისაც“ გაუუქმა. შპს „ნიუ ენერჯი“ 2004 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის პირობებში ერთ-ერთი ფავორიტი კომპანია იყო. „ნიუ ენერჯი“ ყოველწლიურად მილიონობით ლარის ღირებულების სახელმწიფო შეკვეთებს იღებდა ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი ლუხუმ კაპანაძეა, რომელზეც ძებნა ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე გამოცხადდა, 30%-იანი წილისა კი – ნიკოლოზ შაქარიშვილი, რომელიც კომპანიის დირექტორიცაა. 2008 წლიდან ამ კომპანიის ბათუმის ფილიალის კონსულტანტის თანამდებობა ეკავა გიორგი გაბაიძეს, რომელიც ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე იყო.

2014-2015 წლებში პირგასამტეხლო აჭარის მთავრობამ სულ 35 ინვესტორს დააკისრა, აქედან ჯარიმა მხოლოდ 12-ს აქვს გადახდილი, რამდენიმეს გადასახდელი აქვს, უმეტესობას კი ვადები გაუგრძელეს ან ჯარიმები აპატიეს. მთავრობასა და ბიზნესს შორის ურთიერთობას არეგულირებს ერთი – კანონი „აჭარის ქონების მართვის შესახებ“. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ინვესტორს პატიობს ხელისუფალი ჯარიმას ან პირიქით – როცა აჯარიმებს, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პრინციპით უნდა სარგებლობდეს.

კითხვაზე, როგორ განსაზღვრავთ, ვის უნდა აპატიოთ და ვის უნდა უჩივლოთ? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ შეიძლება აპატიონ მას, ვისაც საპატიო მიზეზი აქვს. მან მაგალითად „ბაბილონი თაუერის“ მშენებელი კომპანია „ტამ ჯეო“ მოიყვანა, რომელსაც ბევრჯერ გაუგრძელეს ვადა და ბევრჯერ აპატიეს ჯარიმები. „მან მთლიანად საძირკველი შეცვალა“, – განმარტა მინისტრმა.

თუმცა საძირკვლის გასამაგრებლად გეოლოგიური კვლევის ჩატარება ანუ ანალოგიური მიზეზი, რაც ბათუმის სტადიონის პროექტის ტენდერში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ახლახან წარუდგინა სამინისტროს, საპატიებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, ხელშეკრულება მასაც გაუუქმეს. ხელშეკრულებაგაუქმებული კომპანიის დირექტორის მინდობილმა პირმა „ბათუმელებთან“ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მათ ტენდერში გაიმარჯვეს, სპეცსამსახურები მუდმივად დაკითხვებს უწყობდნენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტადიონის ტენდერში ესპანური კომპანიის გამარჯვების გამო ძალოვანი უწყების წარმომადგენლების კითხვებზე პასუხის გაცემა დავით ბალაძეს „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსაც მოუწია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: