სიახლეები

დასაშვებზე მეტი ხმაური და პოსტსაბჭოთა ესტრადა ბათუმის ბულვარში

05.08.2015 • 1858
დასაშვებზე მეტი ხმაური და პოსტსაბჭოთა ესტრადა ბათუმის ბულვარში


„ჰილტონ ბათუმმა“ შეხვედრაზე წარმოადგინა სტუმრების მიერ გამოგზავნილი უკმაყოფილო წერილები, რომლებიც ასევე გამოქვეყნებულია tripadvisor.com-სა და booking.com-ზე საჯაროდ. საიტებზე გამოქვეყნებულ წერილებში ნათქვამია, რომ სტუმრები ვერ ახერხებდნენ დაძინებას და რეკომენდაციას არ გაუწევდნენ სასტუმროს (აღვნიშნავთ, რომ ამ საიტებით სარგებლობენ ტურისტები სასტუმროში ჩამოსვლამდე, ინფორმაციის მისაღებად). შეხვედრაზე მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საღამოს 11 საათზე მოსულიყვნენ სასტუმროში, კლუბ „სექტორ 26“-ის წარმომადგენლებთან ერთად და გაეზომათ მუსიკის სიხშირე“, – მსგავსი შინაარსის წერილი მიიღო „ბათუმელებმა“ სასტუმრო „ჰილტონის“ ადმინისტრაციისგან.

 

წერილს მართლაც ახლავს თან „ჰილტონის“ სტუმრების უარყოფითი ჩანაწერები, სადაც წერენ იმაზე, თუ როგორ შემაწუხებელია მუსიკის ხმაური ღამის 3-4 საათზე, რის გამოც მთელი ღამე დაძინება ვერ მოახერხეს.

 

სასტუმროს ადმინისტრაციამ დახმარების თხოვნით მიმართა ტურიზმის დეპარტამენტს. როგორც სასტუმრო „ჰილტონის“ მარკეტინგის მენეჯერმა ლინდა ბალაძემ განმარტა, დეპარტამენტის მხარდაჭერა გამოიხატა იმაში, რომ ბათუმის მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა: „შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, მერიის თანამშრომელი სოფიო მიქელაძე, „სექტორ 26“-ის წარმომადგენელი, კლუბ „ბუმ ბუმ ბიჩის“ წარმომადგენლები, „ჰილტონ ბათუმის“ წარმომადგენელი მარტინსი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ კაიკაციშვილი. შეხვედრაზე, რომელიც ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, განხილული იქნა კლუბ „სექტორ 26“-დან გამოსული ხმამაღალი მუსიკით გამოწვეული პრობლემები, რომელიც ყოველდღე დილის 4, 5 ან 6 საათამდე გრძელდება“.

 

ლინდა ბალაძის ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ, 10 ივლისს მართლაც მივიდნენ სასტუმროში. „გაზომეს სიხშირე და დაგვპირდნენ, რომ ორშაბათს, 13 ივლისს შეგვატყობინებდნენ შედეგს, თუმცა მათთგან ამ საკითხს გამოხმაურება არ მოჰყოლია და ჩვენს ზარებსაც აღარ პასუხობდნენ“, – ამბობს ლინდა ბალაძე, რომელიც ადასტურებს, რომ მას შემდეგ, დღემდე, არაფერი შეცვლილა და ხმაურით უკმაყოფილო სტუმრები კვლავაც წერენ შენიშვნებს.

 

„ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია ქალაქის მერიაში, რა გადაწყვეტილება მიიღეს ამ ერთ კონკრეტულ საჩივართან დაკავშირებით, მაგრამ მერიის პრესსამსახური საკითხის გარკვევით არ დაინტერესებულა. განმარტებების მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა მერიაში გამართული შეხვედრების მონაწილეებისგანაც. ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, სოფო გუჯაბიძის თქმით კი, მათი როლი ამ პროცესში შეხვედრის ორგანიზებით შემოიფარგლა, რადგან სამართლებრივად მათ სხვა ბერკეტი არ გააჩნიათ.

 

„ბათუმელები“ თავად ღამის კლუბ „სექტორ 26“ ხელმძღვანელს მამუკა გიორგაძეს დაუკავშირდა. მან თქვა, რომ „სექტორი 26“-ში მუსიკის ხმას დაუწიეს და ის აღარ არის შემაწუხებელი. „მაგრამ ერთიც არის, სეზონი სულ ორ თვეს გრძელდება. თუ ღამის კლუბები მუსიკას ვერ დაუკრავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბიზნესი დაიხურება. ჩვენ ვიწვევთ ცნობილ დიჯეებს, მათ თანხას ვუხდით. თუ არ მოვა ხალხი, რანაირად ვიმუშაოთ. აქ არის ზღვის სანაპირო, საერთოდ გავთიშეთ მუსიკა და როცა შევამოწმეთ ხმაური, მაინც დადგენილ ნორმაზე 50%-ით მაღალი ხმა დაფიქსირდა. რა ხმაზეც არ უნდა ჩავრთოთ მუსიკა, ხმაური მაინც იქნება. გარდა ამისა, ჩვენ მეზობლად არის ბუნგალო, სადაც ისეთი აპარატურა აქვთ დამონტაჟებული, მთელ საქართველოში სხვა მაგის მსგავსი არ არის. მისი ხმა ყველაფერს შთანთქავს“, – ირწმუნება მამუკა გიორგაძე.

 

ბოლო ორი წელია ხმაურის გარდა კიდევ ერთი ტენდეცია იკვეთება ბათუმის ბულვარის გასართობ დაწესებულებებში – ბევრი დაწესებულებიდან ისმის რუსული ესტრადის ვარსკვლავების სიმღერები. ამაზე საჯარო დაწესებულებებში ერთი შეხედულება აქვთ – „თუ უსმენენ ამ მუსიკას, ესე იგი, მოსწონთ“.

 

ღამის საათებში ხმაური კვალიფიცირდება როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. წესით, დარღვევაზე გარემოს ზედამხედველობის სამსახური რეაგირებს. „ბათუმელებმა“ სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება სცადა, თუმმცა უშედეგოდ. შესაბამისად, ვერ მოხერხდა იმის დადგენა, რამდენი სამართალდარღვევის აქტი აქვს სამსახურს ამ სეზონზე შედგენილი. 

 

გადაბეჭდვის წესი