შსს-მ და შემოსავლების სამსახურმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე თბილისის აეროპორტში დააკავეს, ხოლო საქართველოს მოქალაქე – სარფის ტერიტორიაზე. ამოღებულია 9 კილო და 700 გრამი გამომშრალი მარიხუანა და 560 აბი Actifed.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ნომახოსა პუმლა ვინიფრედ ნ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საბაჟო პროცედურების გავლისას დააკავეს.
დადგინდა, რომ დაკავებულს ხელჩანთაში სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი, საიდანაც ქართველმა სამართალდამცავებმა 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამოღებული ნარკოტიკი გამომშრალი მარიხუანაა და მისი საერთო წონა 9 კილო და 700 გრამია. დაკავებული საქართველოში დოჰა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
560 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი აღმოაჩინეს მგზავრის ბარგში საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა. 28 ივლისს „სარფის“ ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქე მ.ა.-ის რისკის პროფილის საფუძველზე პირადი დათვალიერებისას, მათ 560 აბი Actifed უპოვეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.