ნეტგაზეთი • RU

მინისტრი:მაღალი რისკის პატიმრები გადმოგვყავს ბათუმში

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს ბათუმის №3 დაწესებულებაში იმყოფებოდა.  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონდიცირების ახალი სისტემის მონტაჟის სამუშაოები დაათვალიერა და პატიმართა სამედიცინო პრევენციულ გამოკვლევებს დაესწრო. „ბათუმელების“ კითხვებს მინისტრმა მე-3 დაწესებულებაში უპასუხა:

 

გიორგი მღებრიშვილი

პატიმრები რედაქციაში წერილებს გვწერენ მხოლოდ ბათუმის მესამე დაწესებულებიდან. ამბობენ,  რომ  არ აქვთ საჭირო მედიკამენტები, პრეტენზიები აქვთ ე.წ. ანტივანდალურ საკნებში განთავსებასთან დაკავშირებით… როგორ ფიქრობთ მე-3 დაწესებულებიდან რატომ იგზავნება ყველაზე მეტი წერილი პატიმრების, სადაც ძირითად ისინი ცუდ პირობებზე საუბრობენ?

ეს დაწესებულება არის მაღალი რისკის პატიმრებისთვის, ჩვენ ჩასაფრებულის პოზიციიდან არც ერთი პატიმრის მიმართ არ ვართ, პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ კომუნიკაცია გვქონდეს ამ ადამიანებთან. თუ ისინი ღირსეულად იხდიან სასჯელს, რაც სასამართლომ მიუსაჯა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ  და შევუქმნათ სასჯელის მოხდის ღირსეული პირობები. ამ დაწესებულებაში ფაქტობრივად არიან უმრავლესობა ის პატიმრები, რომლებიც მუდმივად არღვევენ რეჟიმს, რომლებიც მუდმივად არღვევენ სხვა პატიმრების უფლებებს. მერწმუნეთ, თითონ პატიმრებიც შეწუხებული არიან იმ კატეგორიის პატიმრებისგან, რომლებიც ახლა აქ იმყოფებიან. არ ემორჩილებიან დაწესებულების თანამშრომლების  კანონიერ მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს ამ ადამიანების იზოლირება ცალკე დაწესებულებაში.

 

ასეთი  მაღალი რისკის  პატიმრები გადმოგვყავს ბათუმში, სადაც ეს ადამიანები არიან იზოლირებულები სხვა დანარჩენი პატიმრებისგან და აქ იხდიან სასჯელს.  ის პირობები, რასაც თქვენ მეუბნებით, რომ არის სიცხე, არის უჰაერობა… ინდივიდუალურად, ყველა საკანში დავამონტაჟეთ კონდიცირების სისტემა, მაქსიმალურად ყოველ დღე ვცდილობთ  გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები. შევდივართ მათ მდგომარეობაში, სეზონზე მოგეხსენებათ ბათუმში ძალიან ცხელა, 10-12 კვადრატულ მეტრში მესმის რომ გაუსაძლისი ხდება ყოფა. მე მესმის მათი, ეს რომ გავითვალისწინეთ იმიტომ დავამონტაჟეთ კონდიცირების სისტემები და საშუალება მივეცით იმის, რომ პატიმრები სიცხემ აღარ შეაწუხოს. მგონია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია ის პრეტენზიები, რაც აქედან მოდის. ეს არის დაახლოებით თავდაცვა თავდასხმაო რომ იტყვიან, აი ასე გვესხმიან თავს არაფრის გამო. იმიტომ რომ მიიპყრონ სხვა საზოგადოების ყურადღება და შეიქმნან ტანჯულის იმიჯი. რეალურად ეს ასე არ არის.

 

როგორც  ვიცი, საუბარი იყო იმაზე, რომ ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან პატიმრების ნაწილის გადაყვანა იგეგმებოდა მე-6 დაწესებულებაში, ეს პროცესი დაიწყო?  მაინტერესებს ვისი გადაწყვეტილებით გადაჰყავთ პატიმრები ერთი დაწესებულებიდან მეორეში და კონკრეტული კრიტერიუმები თუ არსებობს, მაგალითად, ვინ შეიძლება მოხდეს სამარტოო საკანში?

მე გამოვეცი ბრძანება, [მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შმადგენლობის და უფლებამოსილების განსაზგვრის წესის დამტკიცების თაობაზე ბრძანება] რომელიც არეგულირებს რისკების მიხედვით პატიმრების გადანაწილებას დაწესებულებაში. ასე ვიღაცის ნებასურვილით პატიმარს მაგალითად ა პუნქტიდან ბ პუნქტში ვერ გადაიყვან. შეიქმნება მულტიდისიპლინური ჯგუფი, რომელიც გაითვალისიწნებს ამა თუ იმ პატიმრის ყველა რისკს  და ამის მიხედვით იქნებიან პატიმრები გადანაწილებული სხვადასხვა დაწესებულებში.

 

გვაქვს ოთხი რისკის: დაბალი, მაღალი, ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებები. მულტიდისიპლინური ჯგუფის წევრები წყვეტენ პატიმარი სად უნდა იხდიდეს სასჯელს და არა ინდივიდუალურად – პატიმრები დირექტორის ან  მინისტრის შეხედულებით არ არიან გადანაწილებული.

 

ვინ იქნებიან ამ ჯგუფის წევრები?

ჯგუფი შედგება  ფსიქოლოგისგან, სოციალური მუშაკისგან, რეჟიმისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისგან. ჯგუფის წევრი იქნება ასევე ექიმი. ესენი გადაწყვეტენ თუ სად უნდა მოიხადოს სასჯელი ამა თუ იმ პატიმარმა. დაახლოებით 11 ათასამდე პატიმარი იხდის სასჯელს ჩვენს დაწესებულებებში. 11 ათასი პატიმარი ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი და იმის მიხედვით იქნება გადანაწილება. ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი იმ საბჭოურ გადმონაშთს, რასაც ჰქვია ოპერატიული წერილების საფუძველზე პატიმრების გადაყვანა ერთი დაწესებულებიდან მეორეში.

 

ეს ბრძანება უკვე ამოქმედდა?

არა, ჯერ ახალია. ხელი მაქვს მოსაწერი ბრძანებაზე და მომავალ კვირას მოვაწერ ხელს.

 

სახალხო დამცველის ანგარიშში ეწერა, რომ ლგბტ თემის  პატიმრების ტრანსპორტირება იყო ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი, ნახსენები იყო ე.წ ფურგუნის ტიპის მანქანები, რომლის გაუქმებასაც მოითხოვდა ომბუდსმენი, ამ კუთხით ხომ არ შეცვლილა რაიმე?

მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მოძველებული ტექნიკით გადაჰყავდათ ეს ადამიანები სასამართლოებში თუ დაწესებულებიდან დაწესებულებაში, ვადაგასული და ამორტიზირებული დაჟანგუბული მანქანებით. ეს ტექნიკა შეუსაბამო იყო ადამიანების ტრანსპორტირებისთვის. ეს უკვე გამოვასწორეთ, ვიყიდეთ ახალი სპეცტექნიკა. ორი საბადრაგო მანქანა გვაჩუქა ჰოლანდიის მთავრობამ. მერსედესის ტიპის, დანარჩენი ვიყიდეთ.

 

სახალხო დამცველის შუალედურ ანგარიშში ასევე ეწერა, რომ  საკნებში ხშირად არ მოდის წყალი,  ამ დაწესებულებაში არის თუ არა ავზები?

კი, ავზები შეძენილია და ეს პრობლემა მოგვარებულია. გაძლევთ იმის პირობას, რომ უახლოეს მომავალში ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც აწუხებთ მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს  იქნება მოგვარებული. ჩვენ ვცდილობთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას პატიმრებისთვის. პრობლემები არის, მაგრამ ეტაპობრივად ვაგვარებთ, ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემა ვერ  გვარდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა