სიახლეები

ასოცირების ხელშეკრულების გამოწვევები

01.07.2015 • 1825
ასოცირების ხელშეკრულების გამოწვევები

 

 ვანო ჩხიკვაძე: პირველად მაქვს პატივი, ვიყო თქვენთან ერთად უნივერსიტეტში. დღეს ჩვენი საუბრის თემაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები. ეს თემა არის ძალიან საინტერესო და ასევე წინააღმდეგობრივი. შევეცდები მოგახსენოთ, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით საქართველოში და სად გვაქვს პროგრესი. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის ქვეყნის მოდერნიზაციის ერთგვარად განმსაზღვრელი, ასე ვთქვათ, ბიბლია. ასევე ეს არის საშუალება იმისა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა დაუახლოვდეს ევროკავშირს.

 

1200-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს ყველაფერს – მედიცინას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, მათ შორის არის მანქანების ტექნიკური დათვალიერებაც, რაც ძალიან აქტუალურია, რადგან საქართველოში ეს გაუქმებულია. ხელშეკრულებით საქართველო იღებს ვალდებულებას მომავალი ოთხი წლის მანძილზე ეს კანონი შემოიღოს. თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ითვალისწინებს ევროკავშირის 320-მდე რეგულაციისა და კანონის მიღებას საქართველოში.

 

სანამ ასოცირების ხელშეკრულებას საქართველო ხელს მოაწერდა, ძირითადი აქცენტი იყო იმაზე, თუ ვინ მოაწერდა ხელს მას. ნაკლებად იყო საუბარი იმაზე, თუ ვინ შეასრულებდა და როგორ შეასრულებდა ასოცირების ხელშეკრულებას. პირველი გამოწვევა, ეს არის ხედვის არარსებობა ხელისუფლების შიგნით, თუ როგორ უნდა შესრულდეს ასოცირების ხელშეკრულება. მეორე გამოწვევა – ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს გარკვეული რეგულაციებისა და ინსტიტუციების შექმნას. წინა ხელისუფლების პირობებში – 2004-2012 წლებში საქართველოში ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო დერეგულაციაზე – ეს ინსტიტუციები უქმდებოდა. გაუქმდა სურსათის უვნებლობის სამსახური, რადგანაც მიიჩნიეს, რომ ეს იყო კორუფციის წყარო. ასევე გაუქმდა შრომის ინსპექცია, რომელიც დაკავებული უნდა ყოფილიყო იმითი, რომ შეესწავლა, თუ რამდენად დაცულია მუშახელის უფლებები. ასოცირების ხელშეკრულების პირობებში ამ ყველაფრის თავიდან შექმნა გვიწევს.

 

ეს არ არის დოკუმენტი, რომლის შესრულებასაც ეყოფა ორი წელი, შესაძლებელია მის სრულად შესასრულებლად საჭირო იყოს შვიდი წელი; არის რეგულაციები, რომლებსაც სჭირდება 12 წელიც კი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც მოვა სათავეში, არ თქვას, რომ ეს მისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია. ყველაზე დიდი სირთულე არის ის, თუ რამდენად მზადაა დღევანდელი მთავრობა გაატაროს მტკივნეული რეფორმები, რაც ხშირ შემთხვევაში მოქალაქეების ჯიბეზე აისახება და მოსახლეობის მხრიდან მოითხოვს ამ რეგულაციების გაძლებას. ერთ-ერთი სირთულეა საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობაც. სამწუხაროდ, მისი სრულყოფილი რეფორმა საქართველოში არ მომხდარა და ასოცირების ხელშეკრულებაც ბევრი საჯარო მოხელისთვის არის დოკუმენტი, რომლის შესახებაც ცოტა იციან. კიდევ ერთი სირთულე ეს არის ფინანსური რესურსები და ცხადია, რომ ევროკავშირი ამ პროცესშიც გვეხმარება.

 

მე ვიტყოდი, რომ არის გარკვეული წინააღმდეგობა სიახლეებისადმი – ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არ არის ახალი რეგულაციები საჭირო, მაგალითად, შრომის ინსპექციის იდეას ბევრი არ უჭერს მხარს და მიაჩნიათ, რომ ამან შეიძლება გააძვიროს პროდუქცია. შრომის ინსპექცია ითვალისწინებს უსაფრთხოების ნორმებს, მაგალითად, ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად იღუპებიან ადამიანები, რისი ძირითადი მიზეზიც უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაა. სამწუხაროდ, ამ პროცესებში ცუდ როლს თამაშობს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის დევალვაცია. დიდი გამოწვევაა ასევე კომუნიკაცია ხელისუფლების მხრიდან, ერთხელაც არ მსმენია რაიმე კონკრეტული შედეგების შესახებ, რაც ასოცირების ხელშეკრულებამ მოგვიტანა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ძალიან სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობა ასოცირების ხელშელკრულების პროცესზე, – 10 თვის მანძილზე ერთი მოსმენაც არ ყოფილა, თუ როგორ სრულდება ეს ხელშეკრულება.

 

შიდა გამოწვევებს რაც შეეხება, პირველი _ მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ ეცემა და არის ევრაზიული კავშირის შექმნის მცდელობა, რომელსაც რუსეთი უდგას სათავეში, რომლის მხარდაჭერაც საქართველოს მოსახლეობაში 31%-ით გაიზარდა. საქართველოში არის პოტენციალი იმისა, რომ გაიზარდოს დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე, მაგალითად, იანვარ-აპრილის ოფიციალური მონაცემით, საქართველოს ექსპორტზე გაიყიდა დაახლოებით სამი მილიონი ბოთლი ღვინო და დაახლოებით 60% გავიდა რუსეთის ბაზარზე. ყველაზე დიდი ანტიევროპული პროპაგანდა ეს არის საუბარი მასზედ, რომ თითქოსდა „ქართველობას გვართმევენ“. მეორე _ ლიბერალური დემოკრატია, რუსეთი გვეუბნება, რომ შეხედეთ ევროპას, სადაც მაღალია უმუშევრობის დონე (ესპანეთის მაგალითზე). მოწოდება არის ის, რომ ევროპისკენ სვლა საფრთხეს უქმნის საქართველოს. ამის გავრცელებას კი ხელს უწყობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, პოლიტიკური პარტიები. სწორედ ეს საფრთხეებია, რის წინაშეც ვდგავართ და გველოდება სამომავლოდაც.

 

ია თავარდმანიძე, სტუდენტი: რატომ მოხდება ეს ყველაფერი პარლამენტში, რაზეც თქვენ ისაუბრეთ? მაინტერესებს ასევე ვიზებთან დაკავშირებით ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტი ადამიანი გავა ქვეყნიდან? ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაინტერესებს – ყველა ის რეგულაცია, რასაც მივიღებთ, იქნება თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გათვალისწინებული? რა სახის გრანტებს მივიღებთ, რომელიც სხვადასხვა პროგრამის განხორციელების საშუალებას იძლევა?

 

ვანო ჩხიკვაძე: ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას საქართველოს ევროკავშირის ასოცირების კომიტეტი. ერთი წელი დასჭირდათ, რომ ეს კომიტეტი შეექმნათ. არამდგრადობის გამო დღემდე ვერ შევქმენით ევროკავშირის ასოცირების სრულყოფლი კომიტეტი. თუ რას ნიშნავს ეს კომიტეტი და რა წერია ასოცირების ხელშეკრულებაში, საქართველოს პარლამენტში ცოტამ იცის. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენ პარლამენტში იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამ ხელშეკრულების აზრი ეცოდინებათ.
რაც შეეხება ვიზებს _ არის რისკი და ამას ევროკავშირი კარგად აფასებს. ოფიციალურ დოკუმენტებში ოთხ რისკზე უთითებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლასთან მიმართებაში. ერთ-ერთი რისკი არის ორგანიზებულ დანაშაულთა ჯგუფები.

 

ფორუმების მომზადების დროს დოკუმენტის ორი ვერსია განიხილებოდა. ეს პროცესი ბათუმში დაიწყო 2010 წელს. ან უნდა ჩაერთოთ ვინმე ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფალი ან უბრალოდ ყოფილიყო განაცხადი იმის შესახებ, რომ ეს ხელშეკრულება მანამ არ გავრცელებულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გადაწყდა, რომ ეს არ გავრცელებულიყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.
გრანტებს რაც შეეხება, არის სამი სფერო – მართლმსაჯულება, საგადასახადო და საჯარო სამსახურების რეფორმირება. ამის გარდა, არის სოფლის მეურნეობაში კოოპერატივების ხელშუწყობა და პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.
სალომე დუმბაძე, სტუდენტი: კონკრეტულად რა ვალდებულებები გვაკისრია და ამ ვალდებულებების არ შესრულების შემთხვევაში რა მოხდება?

 

ვანო ჩხიკვაძე: ასოცირების ხელშეკრულებას ვითხოვდით ჩვენ და ჩვენი ინტერესია, რომ ეს შევასრულოთ. თუ ჩვენ ამას არ შევასრულებთ, ეს იქნება ერთ-ერთი უამრავ საერთაშორისო ხელშეკრულებათაგან, რომელსაც არ შევასრულებთ.
ია თავარდმანიძე, სტუდენტი: ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ უნდა გავხდეთ ევროპული ქვეყანა. რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ ორ წელში ვიქნებით ევროკავშირის წევრი?

 

ვანო ჩხიკვაძე: საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს საქართველოში იქნება უვიზო მიმოსვლა, რაც არის მინიმუმ უპასუხისმგებლო განცხადება. 2008 წლის იანვარში არავინ იცოდა რა იყო მაპი, შემდეგ იყო მოლოდინი იმისა, რომ მაპს გვაძლევდნენ. ეს მოლოდინი შექმნა ხელისუფლებამ. შემდეგ მაპი საჯილდაო ქვად იქცა, ამის შემდგომ დავიწყეთ უვიზო მიმოსვლაზე საუბარი და დღეს ისევ იქმნება ეს მოლოდინი. არავინ ფიქრობს, თუ რა მოყვება ამ მოლოდინს შემდგომ.

გადაბეჭდვის წესი