სიახლეები

50-დან 500-ლარამდე ჯარიმა ბულვარის დანაგვიანებისთვის

30.06.2015 • 1596
50-დან 500-ლარამდე ჯარიმა ბულვარის დანაგვიანებისთვის

 

გიორგი ზირაქაშვილი, ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან
გიორგი ზირაქაშვილი, ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან

ბატონო გიორგი, როგორ განსაზღვრეთ ვინ რამდენით უნდა დააჯარიმოთ ნარჩენების დაყრის შემთხვევაში და გასულ წელთან შედარებით რა შეიცვალა?


ტარიფი კანონმდებლობაში არსებული ნორმებით განვსაზღვრეთ. გასულ წელს 2 კილოგრამამდე ნარჩენების დაყრისთვის ჯარიმა იყო 50 ლარი, წელს 80 ლარია. ჩვენი ჯარიმების 90% ძირითადად მოდის ორ კილოგრამამდე ნარჩენებზე, თუ იურიდიული პირია, ჯარიმა 500 ლარია. ტერიტორია, სადაც დამსვენებელი მოძრაობს, ძირითადად დანაგვიანებულია ცივი სასმელების ქილებით, ბოთლებით, სიგარეტის ნამწვავით ან მზესუმზირით.

 

სანაპირო ზოლი საკმაოდ გრძელია, როგორ აპირებთ მის გაკონტროლებას?


შარშან მონიტორინგის სამსახური შევქმენით, 7-კაციანი ჯგუფია, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარტო ადამიანების დაჯარიმებაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, – ადამიანის ცნობიერება უნდა გაიზარდოს აუცილებლად. გარდა ამისა, ვამზადებთ სარეკლამო რგოლს, რომელიც საჯარიმო სანქციებთან ერთად, წესით, იმუშავებს.

 

აღსრულების რა მექანიზმები არსებობს, ეს გასულ წელს საკმაოდ პრობლემური იყო…


როცა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი ხედავს დანაგვიანების ფაქტს, ოქმს წერს, რომელიც იგზავნება სასამართლოში და შემდეგ მას გამოაქვს განაჩენი. არის შემთხვევა, როდესაც არ ემორჩილება პიროვნება ჯგუფის წევრს, ამიტომ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული დაცვის სამსახურთან, პრობლემები რომ გამოვრიცხოთ. რაც შეეხება სასამართლოს, ის ან გაფრთხილებით შემოიფარგლება, ან დაჯარიმებით. ეს სასამართლოს პრეროგატივაა.

 

გასულ წელს ტენდენცია როგორი იყო – სასამართლო უფრო იზიარებდა თქვენს მიერ დაწერილ ოქმებს თუ პირიქით?


როგორც მახსოვს, შარშან  დაახლოებით 93 ოქმი შევადგენეთ და აქედან დაახლოებით 15-20 საჯარიმო ქვითარი გააუქმა, ანუ გაფრთხილებით შემოიფარგა – დანარჩენ შემთხვევაში დატოვა ჯარიმა.

 

პირის მიერ ჩადენილი დარღვევის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულების შექმნა იგეგმება თუ მხოლოდ ოქმები იქნება?


კამერებს გულისხმობთ? – ამ ეტაპზე არ იგეგმება ასეთი რამის გაკეთება. საჯარიმო ოქმში ფიქსირდება დრო, ადგილი, პიროვნების სახელი-გვარი, ეს პიროვნებაც აწერს ხელს ოქმს. კამერას ასე პირდაპირ ადამიანებს ვერ მივცემთ, არ იქნება სწორი.

 

გასულ წელს სანაპიროს ასუფთავებდა მობილური ჯგუფები. წელს რას აპირებთ?


წელს სანდასუფთავებასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. ეს კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ სეზონზე, დღის განმავლობაში, ბულვარი და პლაჟი დღეში ორჯერ დაალაგოს. როცა პიკს აღწევს სეზონი (ივნისი-აგვისტოში) ოთხჯერ ალაგებს. გარდა ამისა, თუ რაღაც ისეთი ხდება, მაგალითად, თუ ზღვა ღელვის შედეგად დაანაგვიანებს სანაპიროს, ჩვენც სანდასუფთავებასთან ერთად ვმუშაობთ დასუფთავებაზე.

 

ამის მიუხედავად გასულ წელს სანაპიროზე, განსაკუთრებით ღამის საათებში ნაგვის გროვებიც კი იდგა. წელს რას აპირებთ ეს რომ აღარ მოხდეს?


ადამიანების ცნობიერება თუ არ შეიცვალა, ჩვენ მარტო ვერაფერს გავხდებით – როცა ნაგვის ურნები  დგას და 10 მეტრის გავლა არ უნდათ, რომ ცარიელ ურნაში ჩააგდონ ნარჩენები… ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად ცნობიერების შეცვლაზეც უნდა ვიმუშავოთ. ჩვენი მხრივ, ცხადია, წელს უფრო მეტი ძალისხმევის გაღებას ვაპირებთ იმისათვის, რომ ნაკლებად დანაგვიანდეს ტერიტორია – ადამიანებზე ზემოქმედებისთვის ვაპირებთ  საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას და საჯარიმო სანქციების გამოყენებას. 


ბულვარი
ბულვარი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: