სიახლეები

უსუფაშვილი – ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი მიიღებს ისეთ სახეს, რომელიც იქნება სასარგებლო სისტემისთვის

28.06.2015
უსუფაშვილი – ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი მიიღებს ისეთ სახეს, რომელიც იქნება სასარგებლო სისტემისთვის

 

“ჯერჯერობით ჩვენ რა შეფასებებიც მოვისმინეთ უცხოელებისგან თუ ადგილობრივი დაინტერესბეული პირებისგან, მათი უმეტესობა ეფუძნებოდა კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც იყო ინიცირებული რამდენიმე კვირის წინ. გუშინ პარლამენტმა კენჭი უყარა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ კანონპროექტს, რომელშიც ის ძალიან ბევრი შენიშვნა, მოსაზრება, რომელიც ჰქონდათ ქართველ თუ უცხოელ ექსპერტებს, არის ასახული და პარლამეტმა გამოთქვა მზადყოფნა იმისთვის, რომ პირველ და მეორე მოსმენას შორის კიდევ ერთხელ ყველა დაინტერესებულ პირთან ჩატარდეს კონსულტაციები და ყველა საკითხზე მიღწეულ იქნას კომპრომისი. ვიმეორებ, რომ პირვანდელ სახესა და გუშინდელ ვერსიას შორის, ძალიან სერიოზული განსხვავებაა. ყველა ის ძირითადი პრინციპული საკითხი, რომელზეც იყო დავა –  პროექტში ასე თუ ისე ასახულია, მაგრამ იგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.  დარწმუნებული ვარ, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი მიიღებს ისეთ სახეს, რომელიც იქნება სასარგებლო სისტემისთვის და არ იქნება გარკვეული სპეკულაციების საშუალება. ზოგადად, პოლიტიკური პროცესია ნებისმიერი კანონის განხილვა. აქ პოლიტიკურ ვნებათაღელვას ვერ ავცდებით, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება პროფესიული სტანდარტების დონეზე იყოს მსჯელობა და პოლიტიზირება არ იყოს არც ერთი მხრიდან, არც პროექტის მომხრეების და არც მისი მოწინააღმდეგეების მხრიდან” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბათუმში, შავი ზღვის მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

აღნიშნულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა მხარი გუშინ , 78 ხმით 1–ის წინააღმდეგ დაუჭირა და გუშინვე მიიღო აღნიშნული ორგანული კანონპროეტის თანმდევი კანონპროეტებიც.

 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას შეეხება, ვეტოს დაადებს –  “ბუნებრივია, როდესაც ნებისმიერი ტიპის ინიციატივა, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა, გაუარესებას გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, თავისთავად ცხადია, პრეზიდენტი ამას ვეტოს დაადებს,” – თქვა გიორგი აბაშიშვილმა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.