სიახლეები

რატომ გაქრა ვიდეოარქივი ბათუმის საკრებულოს ვებგვერდიდან

13.06.2015 • 1525
რატომ გაქრა ვიდეოარქივი ბათუმის საკრებულოს ვებგვერდიდან

 

მეტი საჯაროობის უზრუნველყოფის მოტივით 2013 წელს წინა მოწვევის საკრებულომ ტელე და რადიოსიგნალის მიმღები აპარატურა ელექტრონული ტენდერით 22 000 ლარად შეისყიდა. გარდა ამისა, საკრებულოს ბიუჯეტიდან 7684 ლარი დახარჯეს ე.წ. სერვერისა და ქსელის მარშუტიზატორის შესაძენად. ამის შემდეგ საკრებულომ სხდომების პირდაპირი ტრანსლირება დაიწყო საკრებულოს ვებგვერდზე: www.batumicc.ge სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში კი გადაღებულ მასალას ვებგვერდზე ტვირთავდნენ.

 

ბათუმის საკრებულოს მხრიდან ამ ინოვაციის დანერგვამ საზოგადოებაში მოწონება დაიმსახურა, საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი კი, რომელიც ახლა თავმჯდომარის მოადგილეა, ანგარიშის ჩაბარებისას ჟურნალისტებთან ამ სიახლით თავს ყოველთვის იწონებდა და საკრებულოს მუშაობის გამჭვირვალობაზე მიუთითებდა. 

 

სხდომების ვიდეოარქივის შევსება ახალი მოწვევის საკრებულომაც გააგრძელა. თუმცა სამ თვეზე მეტია, რაც ახალი სხდომის ვიდეოჩანაწერს საიტზე აღარ ათავსებენ.

 

დაახლოებით ორი თვის წინ ამ საკითხით დაინტერესების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის დავალებით “ბათუმელებს” საკრებულოს სხდომის ვიდეოჩანაწერი პროგრამისტმა მიაწოდა. მაშინ სხდომის ვიდეოჩანაწერის ვებგვერდზე განუთავსებლობის მიზეზად სამსახურში პროგრამისტის არყოფნა დაასახელეს. მას შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა არათუ ახალი სხდომის ჩანაწერი არ აუტვირთავთ, არამედ ძველი ჩანაწერები, საკრებულოს ვიდეოარქივი საერთოდ წაშალეს.

 

„თავისუფალი დემოკრატები“ რეგლამენტზე მუშაობისას მოვითხოვდით არამარტო სხდომების, არამედ კომისიისა და ბიუროს სხდომების ეთერში ტრანსლირებასაც. სამწუხაროდ, ამ ინიციატივას უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი იმ არგუმენტით, რომ კომისია სამუშაო პროცესია და მოქალაქეებს არ დააინტერესებთ კომისიაზე გამოთქმული შეხედულებები. მაშინ ითქვა, რომ კომისიებს აქვთ საშუალება, თავად გადაწყვიტონ სხდომის ეთერში ტრანსლირების შესახებ. რაც შეეხება საკრებულოს სხდომების ვიდეოარქივის განთავსებას საიტზე, ეს ბუნებრივად უნდა ხდებოდეს და ხდებოდა. სამწუხაროა, რომ საკრებულოს სხდომების მიმართ გაზრდილი ინტერესის მიუხედავად, აღარ არსებობს სხდომათა ვიდეოარქივი. „ქართული ოცნება“ ერთგვარ კარჩაკეტილობას იწყებს“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ კობა ჩხეიძემ „ბათუმელებთან“.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი ჩავლეიშვილს კი ინფორმაცია არ აქვს, თუ რატომ შეწყვიტა „მისი წამოწყების“ – სხდომის ვიდეოჩანაწერის ატვირთვა საკრებულოს აპარატმა. ინფორმაცია ამის შესახებ არც საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, თამაზ თურმანიძეს ჰქონდა: „გავარკვევ და ხვალ დამირეკეთ“.

 

მეორე დღეს თამაზ თურმანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ვებგვერდი განახლების რეჟიმშია და მისი დასრულების შემდეგ ვიდეოჩანაწერების ატვირთვა გაგრძელდება“. იგივე ინფორმაცია აქვს საკრებულოს აპარატის უფროსს პაატა მგელაძესაც.

 

კითხვაზე, რატომ დასჭირდა ამდენი დრო ვებგვერის განახლებას? – საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე სულხან მეფარიშვილი განმარტავს, რომ ვებგვერდის სერვერი გადაიტვირთა: „საიტი რეიტინგული გახდა, პირდაპირი ტრანსლირების დროს ჭედავდა და ითიშებოდა. სილქნეტმა, რომელთანაც ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, წერილი მოგვწერა, რომ განახლება აუცილებელია. ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული“.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა, რომელიც ასევე ბათუმის საკრებულოს საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს წევრიცაა, მიიჩნევს, რომ საკრებულომ როგორც სხდომის ტრანსლირება, ასევე ვიდეოჩანაწერის ატვირთვა უნდა გააგრძელოს, მითუმეტეს, როცა ეს მეტ საჯაროობას უზრუნველყოფს და ამომრჩეველსაც მოსწონს.

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელის ასლან ჭანიძის თქმით კი, ვიდეოჩანაწერის ატვირთვა უნდა გაგრძელდეს, რადგან ის დანახარჯს საერთოდ არ უკავშირდება. ეს იმ პირებს, ვინც მოუცლელობის მიზეზით სხდომებს ვერ ესწრება და ვერც ტრანსლირებას ადევნებს თვალს, სხდომის ჩანაწერის მოგვიანებით ნახვის საშუალებას აძლევს.

 

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თქმით, ვებგვერდის განახლებას ორი თვე დასჭირდება.

 

ბათუმის საკრებულოს ვებგვერდის სქრინშოტი

 

 

 

გადაბეჭდვის წესი