სიახლეები

ბათუმის ციხეში ორმა პატიმარმა ფრჩხილის საკვნეტი გადაყლაპა

09.06.2015 • 1357
ბათუმის ციხეში ორმა პატიმარმა ფრჩხილის საკვნეტი გადაყლაპა

 

აღნიშნულ თემაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პასუხს “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ: 


“N3 დაწესებულება არის მაღალი რისკისა და  მკაცრი რეჟიმის, სადაც შესაბამისი კატეგორიის პატიმრები არიან განთავსებულნი. აქ  ხშირია მსჯვარდებულთა თუ ბრალდებულთა მხრიდან პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოვლინების ფაქტები, როცა ისინი თავიანთი არალეგიტიმიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რიგ ინსინუაციებს მიმართავენ და შედეგად, მათ მიერ მედიასთან დეკლარირებული განცხადებები რადიკალურად განსხვადება მათი რეალური მოთხოვნებისგან.

 

სამინისტრო მოქმედებს პატიმართა უსაფთხოების სტანდარტების გათვალისწინებით კანონით განსაზღვრული წესით. საგულისხმოა, რომ აღნიშნულზე ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. სისტემა, უწყების სპეციფიკის გათვალისწინებით, მაქსიმალურად გახსნილია და ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე, რისი ერთ-ერთი გამოვლინება ისიცაა, რომ მათი წერილები, განცხადებები და სურვილები დაუბრკოლებლივ მიდის ადრესატამდე და მათი კომუნიკაციის უფლება, კანონის გათვალიწინებით, შეუზღუდავად ხორციელდება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მსჯავრდებულებზე ზრუნა  მაღალ სტადარტებს პასუხობს და ეს არაერთმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ აღიარა.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ   სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში  მსჯავრდებულებმა გ. მ. და კ. მ.  უცხო სხეული გადაყლაპეს, რომლებსაც ისინი საკანში არსებული  ინვენტარიდან და ნივთებისგან ამზადებენ.


აღნიშნული პიროვნებები თანასაკნელები არიან და როგორც წინასწარი საგამოძიებო მასალებიდან იკვეთება, შეთანხმებულად მოქმედებენ. მსჯავრდებულები პროტესტის მიზეზად სამედიცინო სერვისების მიუწოდებლობას ასახელებდნენ.


მოგახსენებთ, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვამდე, თითოეულ მათგანს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების მიერ გაეწია კონსულტაცია, ჩატარებული ჰქონდათ სხვადასხვა სახის გამოკვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური და დანიშნული ჰქონდათ შესაბამისი მკურნალობა.

 

უცხო სხეულის გადაყლაპვის შემდეგ მსჯავრდებულებს  შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. მოხდა მსჯავრდებულთა გაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რენტგენოლოგიური კვლევისა და ქირურგის კონსულტაციის მიზნით. 


ამჟამად მსჯავრდებული გ. მ. გადაყვანილია  სასჯელაღსრულების N19 დაწესებულებაში, ხოლო მსჯავრდებული კ. მ. რჩება  სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და  ისინი იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ, და საჭიროებისამებრ, მომავალშიც გაეწევათ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზადაა, მსჯავრდებულების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს მათთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ. საგულისხმოა, რომ თითოეულ მსჯავრდებულზე გაწეული სამედიცინო სერვისის ოდენობა საკმაოდ დიდია და სახელმწიფომ მათ სამკურნალოდ სოლიდური თანხა გაიღო. “

გადაბეჭდვის წესი