სიახლეები

ანტიკური სამოსი ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისგან

09.06.2015
ანტიკური სამოსი ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისგან

 

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები

„ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“, – ასე ეწოდება პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხელოვნების უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის სპეციალობის შვიდმა მეორეკურსელმა 36 კოსტიუმი შეკერა. უნივერსიტეტის სახელოსნოში ჯერ კიდევ მუშაობენ დეტალებზე, ტანსაცმელს ახარისხებენ, აუთოებენ და დეტალებს ხვეწენ.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უზრუნველყოფის უფროსი, სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი ამბობს, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა, 20 ათასი ლარი უნივერსიტეტმა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული თავისუფალი პროექტების კონკურსში მოიგო.

„პროექტის განმახორციელებელი კი გახლავთ იენის უნივერსიტეტის პროფესორი, ანნეგრეტ პლონტკე-ლუნინგი, რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ პროექტში. დღე და ღამე სტუდენტებთან ერთად იყო. არ ვიცი, რა თანხა დახარჯა თავისი ჰონორარიდან ამ საქმისთვის. ქალბატონი ანნეგრეტი უზომოდაა შეყვარებული საქართველოზე, ძალიან კარგად იცნობს ჩვენს კულტურას, მსგავსი პროექტი მან რამდენიმე წლის წინ განახორციელა ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც. ამ თემაზე ბევრი აქვს ნამუშევარი და ხშირად იწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში, ამჟამად ოქსფორდში იმყოფება, თუმცა დეფილეზე ჩამოვა“, – ამბობს ქეთევან ვაჩეიშვილი.

სანამ უშუალოდ სამოსის შეკერვას დაიწყებდნენ, სტუდენტებმა მცირე კვლევებიც ჩაატარეს იმის შესახებ, თუ რა ტიპის სამოსს იცვამდნენ ანტიკურ სამყაროში. „ჩვენ მომავალი დიზაინერები ვართ და უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი, ძალიან გამიხარდა პროექტი რომ დაფინანსდა“, – ამბობს ქეთი გეგიძე, სტუდენტი. „ჯერ გავდიოდით თეორიას, ვიცით, როგორ იკერებოდა ეს სამოსი. მე, პირადად, რომაული ჩაცმულობა მომწონს ძალიან. ძალიან დიდი ტოგები იყო, არ არის მოსახერხებელი თანამედროვე ადამიანისთვის, მაგრამ ლამაზია. შევკერეთ თეთრი ტოგა, სულ ხუთი მეტრი ქსოვილი დაიხარჯა, გრძელია, ძალიან დიდი დრაპირებით, მთელს სხეულზეა მოხვეული ქსოვილი“, – ამბობს ქეთი.

რა ფერის ტანსაცმელს იცვამდნენ ანტიკურ ეპოქაში? ნანა ხალვაში ამბობს, რომ ტანსაცმლის ფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ვისთვის იკერებოდა ის. „დიდგვაროვნებისთვის უმეტესად კერავდნენ წითელ, ოქროსფერ, თეთრ, ლურჯი ფერის ტანსაცმელს. უფრო დაბალი სოციალური ფენისთვის კი მომწვანო, მოყავისფრო სამოსს, რაც მოსახერხებელი იყო და ადვილად არ ისვრებოდა. მე ყველაზე მეტად მონადირის მოსასხამი მომწონს“, – კაპიშონიან მოსასხამს ირგებს ნანა.

მადონა ასანიძე ამბობს, რომ ტანსაცმლის შეკერვაზე მუშაობა არ გასჭირვებიათ, ახლა უკვე ბოლო დეტალებზე მუშაობენ და ფიქრობენ, რომ კიდევ ერთ, 37-ე კოსტიუმის შეკერვასაც მოასწრებენ.

„ეს ტანსაცმელი, რა თქმა უნდა, უფრო მიმსგავსებულია, რადგან ჩვენ ისეთი ქსოვილები ვერ გვექნება, რაც მაშინ ჰქონდათ. დროში ჩავეტიეთ, რაც მთავარია“, – ამბობს მადონა.

 

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები

ნათია ბერიძე ამბობს, რომ სწავლის პროცესში არაერთ საინტერესო მასალას გაეცნენ, მათ შორის იმას, თუ როგორ მზადდებოდა ქსოვილები: „დიდ დაზგაზე ბევრი ადამიანი მუშაობდა ერთი ქსოვილის დასამზადებლად. კუბოკრული ქსოვილიც გამოიყენებოდა. ანნეგრეტმა ვიდეოში გვაჩვენა ეს ქსოვილები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა მოპოვებული. დაზიანებული იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ დიზაინერებისთვის ძალიან საინტერესოა. ასევე, ძალიან ლამაზი ორნამენტები იყო სამოსზე.“

სტუდენტებს უკვე შერჩეული ჰყავთ მოდელები, რომლებიც 12 ივნისს სამოსს მოირგებენ და თავადაც აპირებენ დეფილეში მონაწილეობას მათივე შეკერილი ტანსაცმლით. მათი ხელმძღვანელი ანნეგრეტი ათენას სამოსს მოირგებს, ხოლო ზევსი უნივერსიტეტის კანცლერი ჯემალ ბერიძე იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.