აჭარის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, აჭარაში ვიზიტით ვინიცის ოლქის დელეგაცია იმყოფება. დღეს უკრაინელ ბიზნესმენებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმასპინძლა.
სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუმრებს რეგიონის საინვესტიციო კლიმატზე სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინეს. საუბარი შეეხო ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონასაც.
დელეგაციას ვინიცის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის გუბერნატორის პირველი მოადგილის მრჩეველი და „ვინიცის საქმიან ხალხთა კლუბის“ პრეზიდენტი ნადეჟდა ლისეცკაია ხელმძღვანელობდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე უკრაინელი ინვესტორები აჭარის რეგიონში ბიზნესის წარმოების რეგულაციებითა და გმირთა ხეივნის ტერიტორიით დაინტერესდნენ.
29-30 მაისს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასაც ეწვევიან. უკრაინელი ინვესტორები რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდებიან და აჭარაში ბიზნესის წარმოების თაობაზე მათ გამოცდილებას გაეცნობიან.