
შეხვედრა პროექტის -“სუფთა მდინარეები-სუფთა ზღვა” -ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია დაეხმაროს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს წყლის დაბინძურების შემცირებაში.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიკო ახობაძემ თქვა, რომ შეხვედრის მიზანია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათი სფეროთი, მიაწოდონ ინფორმაცია შავი ზღვის მიმდინარე პროექტებისა და ეკოლოგიური თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ – “ჩვენი მიზანია მოვამზადოთ და გავაფორმოთ მემორანდუმი, ევროპის ქვეყნებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის, რომელთათვისაც ჩვენი სფერო არის ახლო. ჩვენი მიზანია ჩავრთოთ ისინი კვლევებში” – თქვა მან.
შეხვედრაზე ისაუბრეს შავი ზღვის აქტიურ პრობლემებზე, რომლებიც ეხება: კომერციული ზღვის ცოცხალი რესურსების დაცვას; შავი ზღვის საზღვაო და სანაპირო ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატის დაცვას და ზღვის წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. “შავი ზღვის დაცვის მთავარი მიზანი არის შავი ზღვის 60-იანი წლების ეკოლოგიური ვითარების მიღწევა” – თქვა სოფიკო ახობაძემ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა რისკის ქვეშ არსებული ზედაპირული წყლის ობიექტები. როგორც აღმოჩნდა ჭოროხი-აჭარის წყლის მდინარის აუზზე ყველაზე დიდი ზეწოლა ადამიანის მეურნეობით არის გამოწვეული, შემდგ სამეწარმეო ობიექტების საქმიანობით. ანგარიშში ნახსენებია ყველა ის გაცემული ლიცენზია რაც აუზიდან გრუნტისა და ხრეშის გაცემაზე გაიცა.
სოფიკო ახობაძის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია წყლის სააუზო მართვის ტერიტორიული ერთეულის შექმნა, რომელიც სავარაუდოდ აჭარაში განთავსდება.


