Batumelebi | საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა – Batumelebi
RU | GE  

საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა

 

უჩა ნანუაშვილი კანონის ამ ნორმას ჯერ კიდევ მაშინ ასაჩივრებდა, ვიდრე ის სახალხო დამცველი გახდებოდა,  მასთან ერთად საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქე მიხეილ შარაშიძე  უჩიოდა.  საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პარლამენტი  ვალდებულია, უზრუნველყოს ამომრჩეველთა თანაბარი მონაწილეობა საარჩევნო კოდექსით ისე, რომ დაცული იყოს ხმათა თანაბრობის პრინციპი და კონკრეტულმა კანონმა არ უგულვებელყოს ამომრჩეველთა გავლენა საარჩევნო პროცესზე. 

 

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია

 

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. კერძოდ, სადავო ნორმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი, თბილისის გარდა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, ხოლო თბილისში იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად, თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.

 

მოსარჩელეების მოსაზრებით, მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები არ იყო თანაბარი ძალის მქონე. კერძოდ, საარჩევნო ოლქებში არ იყო რეგისტრირებული თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თანაბარი გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე.

 

მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 128 545 ამომრჩეველი ირჩევდა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, იმ დროს, როდესაც, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა მხოლოდ 5 810 ამომრჩეველი. ამდენად, ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 22-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე საბურთალოს საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა, რაც აშკარად მეტყველებდა სისტემის დისკრიმინაციულობაზე. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ამომრჩეველთათვის არათანაბარი შესაძლებლობების მინიჭება, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, – საარჩევნო უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა საყოველთაო საარჩევნო უფლების მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ იგი, თავისთავად, არ მოითხოვს რომელიმე კონკრეტული საარჩევნო სისტემის მოდელის ჩამოყალიბებას, თუმცა აუცილებელია, არსებულმა საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს ხალხის ნების თავისუფალი და თანასწორი ასახვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირების პროცესში. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მოდელები და თავისებურებები იმ პირობით, რომ ამ პროცესში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებისას, წარმოიშობა ფაქტობრივი სირთულეები და, შესაძლოა, შეუძლებელი აღმოჩნდეს საარჩევნო ოლქების იმგვარი გადანაწილება, რომ ამომრჩევლების ხმებს აბსოლუტურად იდენტური „წონა“ ჰქონდეს. თუმცა, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ასეთი უთანასწორობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ამასთანავე, სასამართლომ არ გამორიცხა, რომ გარკვეული რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონმდებელმა შემოიტანოს ტერიტორიული წარმომადგენლობის ელემენტები, ასევე, საარჩევნო ოლქების მუნიციპალურ ერთეულებზე მიბმა, შესაძლოა საარჩევნო ოლქების საზღვრებით მანიპულირების საფრთხის პრევენციასაც ისახავდეს მიზნად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს იმგვარი უთანასწორობა, რომ გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხმების გავლენა ზომაზე მეტად შემცირდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმების მიღებით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დაუკავშირა მუნიციპალიტეტებს, ისე, რომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა. საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული იყო ამომრჩეველთა მკვეთრად განსხვავებული რაოდენობა. შესაბამისად, საარჩევნო ოლქები და მანდატები იმგვარად იყო გადანაწილებული, რომ ერთ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა რამდენჯერმე უფრო მეტად „ფასობდა“ ვიდრე – მეორე ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი გადახრა ხმათა თანაბრობის პრინციპიდან და არათანაზომიერად დაამცრო ამომრჩეველთა დიდი ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (თანასწორობის უფლება) და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან (საყოველთაო საარჩევნო უფლება) მიმართებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა