მთავარი,სიახლეები

კერძო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურში გაიმარჯვეს, საჯაროს მოსწავლეებმა – ქართულში

16.12.2017 • 2532
კერძო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურში გაიმარჯვეს, საჯაროს მოსწავლეებმა – ქართულში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური ექვს საგანში ჩატარდა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისური ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

ოლიმპიადის შედეგების მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმარჯვეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და კერძო სკოლის მხოლოდ ერთმა მოსწავლემ.

ამ ოლიმპიადას ქართულში შვიდი გამარჯვებული ჰყავს – ბათუმის #4 და #8 საჯარო სკოლები, სოფელ ციხისძირის და სოფელ ჩაქვის #1 საჯაროს სკოლები (ქობულეთი); სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა (შუახევი); დაბა ხულოს საჯარო სკოლა; კერძო სკოლა “გორდა”.

რვა გამარჯვებული ჰყავს ინგლისური ენის ოლიმპიადასაც: ორი გამარჯვებული ჰყავს სკოლა „მასტერკლასს“, ასევე „ნერგებს“, „ევრო-2000“-ს, „თაობას“, “გორდას”, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლას. ერთადერთი საჯარო სკოლა, რომლის მოსწავლემაც ინგლისური ენის ოლიმპიადაში გაიმარჯვა, ბათუმის #8 სკოლაა.

ექვსი გამარჯვებული ჰყავს ოლიმპიადას მათემატიკაში – აქედან მოსწავლეები ხუთი კერძო და ერთი საჯარო სკოლიდან არიან: ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ (2 მოსწავლე), „გიმნაზია 21-ე საუკუნე“, „მასტერკლასი“ და „ნიკე“. ასევე ბათუმის #18 საჯარო სკოლა.

ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ოლიმპიადას თითო გამარჯვებული ჰყავს: ფიზიკაში გაიმარჯვა ბათუმის #5 საჯარო სკოლის მოსწავლემ; ქიმიაში – გიმნაზია „21-ე საუკუნეს“ მოსწავლემ, ხოლო ბიოლოგიაში სოფელ ცხმორისის (ქედა) საჯარო სკოლის მოსწავლემ.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობდა აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 757 მოსწავლე. სულ გამოვლინდა 24 გამარჯვებული – პირველ მეორე და მესამე ადგილის მფლობელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: