Batumelebi | ბათუმში ”ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ ბათუმში ”ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში ”ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ

 

დღეს, 22 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ კანონპროექტის პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. პაკეტს საქართველოს პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ჯგუფი, დაინტერესებული უწყებები და ექსპერტები განიხილავენ.  

 

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის მხარდაჭერით იმართება. 

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის თქმით, კანონპროექტში საუბარია იმაზეც, რომ მკურნალობის პერიოდში პაციენტს ფულადი დახმარება ექნება: “პაციენტს ექნება საშუალება იმკურნალოს და ამის პარალელურად, ის მიიღებს გარკვეული ფულად დახმარებას. გარდა ამისა არის გარანტიები, იყოს დაცული მისი შრომის უფლებები, რომ ის უკანონოდ არ გაათავისუფლონ სამსახურიდან” – აღნიშნა მინისტრმა.

 

USAID-ის ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების ოფისის დირექტორი, თამარ სირბილაძე ამბობს, რომ კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ მიზეზით, რომ ბოლო დროს საქართველოში მნიშვნელოვნად წამოიწია წინ მულტირეზისტენტული ანუ მდგრადი ფორმების ტუბერკულოზის პრობლემამ:  “ეს უკვე საჭიროებს ცალკე კანონმდებლობას, რადგან აღარაა საკმარისი ის, რაც არსებულ კანონმდებლობაშია საზოგადოებრივ ჯანდაცვასათან დაკავშირებით. ამიტომაც დადგა საჭიროება ცალკე კანონპროექტის შექმნის, რომელიც აუცილებელია ეფექტური პროგრამის დანერგვისა და განხორციელებისთვის და ასევე მიმართული იქნება ინდივიდუალური პაციენტის უფლებებსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებიც ახლავს ამ ძალიან რთულ გზას, რასაც ტუბერკულოზის მკურნალობა ჰქვია”. 

 

კანონპროექტში განხილულია არანებაყოფლობითი მკურნალობის საკითხიც.  “უნდა მოხდეს იზოლაცია იმ ავადმყოფების, რომლებიც ბაცილ-გამომყოფები არიან და საზოგადოებაში ავრცელებენ  ტუბერკულოზის მიკრობაქტერიას. რა თქმა უნდა ეს პროცესი უნდა ჩაჯდეს კანონის ფარგლებში, რომ არ დაირღვეს მათი უფლებები და ამასთანავე უნდა მოხდეს მათი მკურნალობაში ჩართვა იზოლირებულად, რათა არ მოხდეს დაავადების გავრცელება” – ამბობს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში დიმიტრი ცეცხლაძე. მისივე თქმით,  ავადმყოფთა ნაწილი, რომლებიც არიან  ბაცილგამომყოფი, არიან დიაგნოსტირებული, მაგრამ უარს ამბობენ მკურნალობაზე სხვადასხვა მოტივით – “ისინი საშიშროებას წარმოადგენენ მათი ოჯახის წევრების და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათი ყოფნა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაავადების გადადების მხრივ არის სახიფათო”.

 

2011 წლის მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებული იყო მოსახლეობის დაახლოებით 34%, რაც დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 500-550-მდე ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტია, რაც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, რეგიონში ყოველწლიურად არის 40-45 რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი, ხოლო მათ შორის  4-5 XDR ფორმით, ანუ კიდევ უფრო მძიმე ფორმით დაავადებული.

 

შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოცილაურ საკითხთა კომიტეტის წევრები შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, რეგიონალური ფთიზიატრიული დაწესებულებების ხელმძღვანელები და წამყვანი სპეციალისტები, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია ფრანგიშვილი