სიახლეები

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აქცია

06.05.2015 • 1541
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აქცია

საინფორმაციო აქციის საჭიროებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში იმით ხსნიან, რომ ძეგლების მესაკუთრეებს  მწირი ინფორმაცია აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამართლებრივი ნორმების შესახებ, ამიტომ სააგენტომ გადაწყვიტა ამ ფორმით მიაწოდოს მათ ინფორმაცია,  რომ თავიდან იქნეს აცილებული  სამართალდარღვევები.

აქცია პრევენციული ხასიათისაა და ის მომავალშიც გაგრძელდება. 

 „ხშირად მოქალაქეები, ძეგლის მესაკუთრეები, იქნებიან ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირები, არ იცავენ და არღვევენ კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ამის შედეგად ჩვენ ვიღებთ  კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებულ ძეგლებს. იმისათვის, რომ შევავსოთ საინფორმაციო დეფიციტი, საინფორმაციო კამპანიას ვატარებთ, ვურიგებთ მასალას მოქალაქეებს, რითაც კიდევ ერთხელ ვახსენებთ და ვინც არ იცის, ვაწვდით ინფორმაციას, რომ თვითნებური სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ძალიან მკაცრად ისჯება კანონით. ფიზიკური პირებისათვის ჯარიმა არის 5 000 ლარი, იურიდიული პირებისათის – 10 000 ლარი. ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ შევეცდებით ბათუმში არსებული ყველა ძეგლი დავფაროთ, ყველას მივაწოდოთ ინფორმაცია. ამის შემდეგ კიდევ გავაგრძელებთ სამუშაოებს, ეს პირველი ნაბიჯია, რასაც ვდგამთ იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს“ – განაცხადა მირანდა ჩარკვიანმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისი განმარტებით, იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე მესაკუთრემ რაიმე ტიპის მიშენების ნებართვა მიიღოს, საპროექტო დოკუმენტები უნდა მოამზადოს და სააგენტოს წარუდგინოს: „დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოგვიდგინოს რა ტიპის მშენებლობის განხორციელებას გეგმავს, ამის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საბჭო იმსჯელებს საკითხზე, ადგება თუ არა ამ სამუშაოებით ძეგლს ზიანი. თუ არ ზიანდება, მისცემს ნებართვას, თუ ზიანდება, ახსნის – რატომ და მოითხოვს შეცვლას ან საერთოდ, პროექტის გაუქმებას და ამის შემდეგ დაიწერება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის ბრძანება ნებართვაზე ან უარზე“ – აღნიშნა მირანდა ჩარკვიანმა.

აქციაში ბათუმის შოთა რუსთაველისა და ხელოვნების უნივერსიტეტების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

 „დღეს ვმონაწილეობთ აქციაში, რომლის მიზანია მოსახლეობას მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აუცილებლად სჭირდებათ ნებართვა მიშენების შემთხვევაში. ვარიგებთ ფლაერებს და ვაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას, რომ აუცილებლად  გააფრთხილონ სააგენტო  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რაიმე სახის მიშენებისას, რომ მათ არ აქვთ თვითნებურად მიშენების უფლება“  – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ია ბაკურიძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილე სტუდენტმა.

გადაბეჭდვის წესი