სიახლეები

ბათუმელი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ

06.05.2015 • 1278
ბათუმელი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ

 

ნინო ბაციაშვილი
ნინო ბაციაშვილი

ნინო, გქონდათ თუ არა მოლოდინი ნაკრებში, რომ მსოფლიო ჩემპიონები გახდებოდით?


ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდით, რადგან ჩვენმა პირველმა ნომერმა, ნანა ძაგნიძემ, რომელიც მსოფლიო მოჭადრაკეთა რეიტინგის ხუთეულში [ფიდეს ბოლო მონაცემებით ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა რეიტინგში მეოთხე ადგილზეა] შედის, ბავშვი გააჩინა და ვერ წამოვიდა ჩემპიონატზე. დანარჩენი შემადგენლობით ვიყავით და ვფიქრობდით, რომ სამეულში მოხვედრა იქნებოდა კარგი შედეგი, მაგრამ ყველაფერი გამოვიდა. 

 

რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა ჩემპიონატში?

 

 ეს დახურული ტურნირია და ათი საუკეთესო ქვეყანა მონაწილეობდა, ოლიმპიადის ხუთეული და სხვადასხვა კონტინენტის ჩემპიონები.


ამჟამად მერამდენე ადგილი გიკავიათ მსოფლიო რეიტინგში?


 28-ე ადგილზე ვარ მსოფლიო რეიტინგში.


რა ადგილი ეკავათ თქვენს კონკურენტებს მსოფლიო ჩემპიონატზე ?


 ძირითადად ტოპმოჭადრაკეები თამაშობდნენ, მაგალითად, კონერუ ინდოეთიდან, რომელიც მესამე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში, ანა მუზუჩუკს ძალიან დიდი რეიტინგი აქვს, [მეხუთე ადგილი ფიდეს რეიტინგში] ასევე მის დას, მარიას უკრაინიდან, რომელიც წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი ინდივიდუალურ შეჯიბრებებში. ყველა ტოპ-მოჭადრაკე თამაშობდა სხვადასხვა ნაკრებში. 


ვის მიიჩნევდით ყველაზე რეალურ კონკურენტად? 


 რუსეთი იყო ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც კუდში მოგვყვებოდა, ასე ვთქვათ. ორი ქულით გავუსწარით ყველა მდევარს, რვა მოგება და ერთი ფრე გვქონდა. სულ 17 ქულა ავიღეთ. 


 პირველ რიგში ვის შეატყობინეთ საქართველოში, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა?


ყველამ გაიგო მგონი თავისით. ჩვენ ზურაბ აზმაიფარაშვილი გვახლდა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტიც, გიორგი გიორგაძეც, რომელსაც ყოველ წუთს ურეკავდნენ მატჩის მსვლელობისას, იმიტომ, რომ ბოლო ტური არ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, რაღაც მოხდა „ფიდეს“ ვებგვერდზე, ლაივი გაითიშა და ყოველ წუთას ურეკავდა მათ ხალხი, რომ გაეგოთ ინფორმაცია.


რამდენ დღეს გრძელდებოდა ჩემპიონატი?


ათი დღე. ეს იყო 24-საათიანი შრომა, მთელი გუნდი ერთად ვმუშაობდით, ერთმანეთს ვეხმარებოდით, რომ არ გაგვპარვოდა არაფერი. დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელს, ელიზბარ უბილავას, რომელმაც მართლა შეუძლებელი შეძლო და ძალიან კარგად მოგვამზადა. მადლობა ასევე დამხმარე მწვრთნელს დათო ჯოჯუას, რომელიც ჩვენი კაპიტანი იყო. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ ეს გაგვეკეთებინა.


რა პრიზი გადმოგეცათ ჩემპიონატზე?


პრიზი ამ ჩემპიონატზე არ იყო გათვალისწინებული, როგორც ვიცი, საქართველოში არის პრიზი გათვალისწინებული, მაგრამ რადგან გუნდში ხუთი წევრი ვართ, ეს ძალიან მიზერული თანხაა. 


თქვენთვის ეს წელი განსაკუთრებით წარმატებულია, ხართ 2015 წლის საქართველოს ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების წევრი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ახლა რა გეგმები გაქვთ, რა ტურნირისთვის ემზადებით?


18 მაისიდან ჩაქვში ტარდება ევროპის ჩემპიონატი, იმ დღეებში, რაც დამრჩა, შეძლებისდაგვარად მოვემზადები ჩემპიონატისთვის და შევეცდები საუკეთესო შედეგი ვაჩვენო. 


 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ნაკრების ყველა წევრს და მის ხელმძღვანელობას მიანიჭა სპორტის რაინდის წოდება. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თქვენთვის? 


ჩვენთვის ეს საპატიოა, მადლობა ლევან ყიფიანს [სპორტის ყოფილი მინისტრი], რომელიც პირადად დაგვხვდა აეროპორტში და მოგვანიჭა სპორტის რაინდის წოდება, უმაღლესი წოდება სპორტში. 


 ნაკრებს გამარჯვება მიულოცეს: ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძემ, ნანა ალექსანდრიამ. პირადად თუ შეხვდით ნაკრების წევრები მათ? 


 ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს ლეგენდები გვგულშემატკივრობდნენ. ქალბატონი ნონა თავად ტურნირზეა და არ არის საქართველოში. ქალბატონი ნანა ალექსანდრია კი, პირადად დაგვხვდა აეროპორტში ყვავილებით, დიდი მადლობა მას, ჩვენთვის ეს დიდი სიხარული იყო, მაია ჩიბურდანიძემაც მოგვილოცა.

გადაბეჭდვის წესი