სიახლეები

შეღავათები ინვესტორებს ბათუმის საკრებულოსგან

30.04.2015
შეღავათები ინვესტორებს ბათუმის საკრებულოსგან

 

საკრებულოს სხდომას ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი არ ესწრება, რაც „ერთიანი ნაციოალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ გააპროტესტა. კირთაძემ განაცხადა, რომ მართალია, ერმაკოვი ახლა მივლინებაშია, თუმცა მან საკრებულოს უმრავლესობის წევრებს სთხოვა, საკრებულოს სხდომა, რომელზეც გასული წლის ანგარიშის მოსმენა იყო დაგეგმილი, მერისთვის შეეთანხმებინათ: „გასულ წელს ქალაქის მერიამ 34 მილიონი ლარი ვერ დახარჯა, საფინანსო სამსახურის უფროსთან ჩვენ ამ თემაზე გვისმჯელია, დღეს საინტერესო იყო პოლიტიკური პასუხები ჩვენს კითხვებზე, ჩემი თხოვნის მიუხედავად, ქალაქის მერი სხდომას არ ესწრება“.

 

საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერის არმისვლას, მათ შორის ბიუჯეტის წარდგენის  ან ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენისას,  წინა მოწვევის საკრებულოშიც აპროტესტებდა ოპოზიცია. თუმცა საკრებულოს წევრების ეს მოთხოვნა ბათუმის მაშინდელ მერს რობერტ ჩხაიძეს არ გაუთვალისწინებია.   

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა ნოდარ დუმბაძემ კი ის გააპროტესტა, რომ ქალაქის მერი ისე უმეგობრდება სხვა ქვეყნის ქალაქებს, რომ ამის შესახებ საკრებულოს არც უმრავლესობისა და არც უმცირესობის წევრები ინფორმაციას არ ფლობენ:“მე ტელევიზიით უნდა ვგებულობდე ბათუმი რომელ ქვეყანას დაუმეგობრდა?“- იკითხა გიორგი კირთაძემ.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა კობა ჩხეიძემ კი „არამწიფე და გაუაზრებელი“უწოდა დღის წესრიგში  შეტანილ იმ საკითხს, რომლის თანახმაც გადასახადებიდან გათავისუფლდება ის ბიზნესმენი, რომელიც ბათუმში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს:“ეს არღვევს ბიზნესმენთა უფლებებს“.

კამათისას, იმსჯელებდნენ თუ არა საკრებულოს წევრები ამ საკითხის განხილვაზე, საკრებულოს თავმჯდომარეს კობა ჩხეიძემ ბალანსის დაცვისა და თვითცენზურისკენ მოუწოდა, არგუმენტით:“თქვენ თავმჯდომარე ხართ“.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ჯაბა ბერიძემ კი ბიუროსა და კომისიის  სხდომების ვიდეოჩანაწერების გაკეთება ითხოვა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა,  რომ ამის ვალდებულება არ აქვს  და ოპოზიციას რეგლამენტის დაცვისკენ   მოუწოდა: „თქვენ აჯობეთ ნაციონალურ მოძრაობას და ეს ამბავი მაკვირვებს“ – უთხრა „თავისუფალ დემოკრატებს“ ირაკლი ჭეიშვილმა.

ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდება ის ინვესტორი, რომელიც 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ საკითხზე მსჯელობისას ცვლილებებს ითხოვდა გიორგი კირთაძე და გადასახადებიდან ყველა იმ ინვესტორის გათავისუფლებას  ითხოვდა, ვინც ასნომრიან სასტუმროს ააშენებს. ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა სხდომაზე მყოფმა რვა დეპუტატმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა.


   

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: