ნეტგაზეთი • RU

ხულოში, ქედასა და შუახევში ევექსის კლინიკები სახელმწიფო პროგრამაში აღარ მონაწილეობენ

 

ქედაში, ხულოსა და შუახევში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ კლინიკები მოსახლეობას სახელმწიფო დაზღვევით აღარ ემსახურება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ლევან გორგილაძის განმარტებით, „ევექსი“ სამივე რეგიონში სახელმწიფო პროგრამებიდან დროებით გამოვიდა და ამ ეტაპზე კლინიკები ქედაში, შუახევსა და ხულოში მხოლოდ ამბოლატორიული პრინციპით და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს იმუშავებს.  გეგმიურ სამედიცინო მომსახურებაში შედის მშობიარობაც და ამ მოცემულობით პაციენტი ან ბათუმში უნდა გადმოიყვანონ, ან ხულოში – სახელმწიფო დაფინანსების გარეშე ამშობიარონ. ადგილობრივი მოსახლეობა „ევექსის“ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 


 

 

”მათი გეგმის მიხედვით, 25 მაისისთვის „ევექსი“ ისევ შევა სახელმწიფო პროგრამაში, ხულოში უფრო გაძლიერებული საავადმყოფოთი, საოპერაციოებით, პერსონალით… ამ ეტაპზე სირთულე შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ გეგმიურ ოპერაციებში შედის მშობიარობა და რახან ისინი გამოვიდნენ ამ პროგრამებიდან, მათ აღარ აქვთ უფლება მოითხოვონ სახელმწიფო დაფინანსება მშობიარობაზე. ამიტომ არის ორი ვარიანტი: ან პაციენტმა უნდა გადაიხადოს შესაბანმისი თანხა იმისთვის, რომ იქ იმშობიაროს, ან უნდა წამოვიდეს ბათუმში არსებულ რომელიმე კლინიკაში” – განმარტავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე. 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ჯანდაცვის სამინისტროსა და ”ევექსს” შორის, რათა მათ მიიღონ ის პაციენტები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ სურთ ან არ შეუძლიათ ბათუმში მშობიარობა – მათი მკურნალობის ხარჯებს კი ისევ სახელმწიფო აიღებს საკუთარ თავზე. 


”დღეს მინისტრის მოადგილე სამივე რაიონს მოივლის, შეხვდება იქაურ მოსახლეობას,  საავადმყოფოების თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ მათ, ვინც ვერ მოახერხებს ბათუმში ჩამოსვლას თუნდაც იმიტომ, რომ არის სასწრაფო შემთხვევა, ან რაიმე სხვა გარემოება,  ფინანსური დანახარჯები არ ექნებათ.  ისინი წარმოგვიდგენენ ანგარიშფაქტურას და ჩვენ მოვუნახავთ  ანაზღაურების ფორმას” – ამბობს ლევან გორგილაძე „ბათუმელებთან“. 

 

”ევექსმა” განცხადება ხულოში, ქედასა და შუახევში არსებული კლინიკების სახელმწიფო პროგრამებიდან გამოსვლის შესახებ ორი თვის წინ სოციალური მომსახურების სააგენტოში შეიტანა, რაც 2007 წელს მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. 


”იურიდიულად ეს ფორმა მოწესრიგებულია. იმ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო არ დაეთანხმება. სამწუხაროდ, თავის დროზე არ გაითვალისწინეს ის მომენტი, რომ არის რეგიონები, სადაც მხოლოდ ერთი მომწოდებელია და ორი თვე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ალტერნატივა ვიპოვოთ. როცა რომელიმე რეგიონში ვიღაცას მონოპოლია აქვს, იქ ყოველთვის რთულდება საკითხი. არავინ ელოდა ასეთ ნაბიჯს. ეს, რა თქმა უნდა, დროებითია, მათ აქვთ თავიანთი მიმართულება და 25 მაისიდან ხულოში ისევ ჩაერთვებიან სახელმწიფო პროგრამაში, მაგრამ სირთულე აღმოჩნდა ის, რომ „ევექსი“ ერთადერთი კომპანიაა ამ რეგონებში. ეს არ გაუკეთებიათ მათ მხოლოდ აჭარაში, ასევე მოხდა იმერეთში და ზუგდიდშიც” – ამბობს ლევან გორგილაძე. 


ხულოში ”ევექსის” საავადმყოფოს მენეჯერმა რუსლან აბულაძემ „ბათუმელების“ კორესპონდენტთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ საავადმყოფოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს და აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი. ”ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს. კომპანიასთან დაკავშირებისთანავე „ბათუმელები“ მკითხველს აღნიშნულ თემაზე „ევექსის“ განმარტებას მიაწვდის. 


აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო მომავალში აუცილებლად შეეცდება, რომ არ დარჩეს რომელიმე მუნიციპალიტეტი ალტერნატიული სამედიცინო მომსახურების მომწოდებლის გარეშე. ამ ეტაპზე ხულოს, ქედისა და შუახევის გარდა აჭარაში ასეთი მუნიციპალიტეტი არ არის. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"