სიახლეები

როგორ მუშაობს ბათუმის მერის წარმომადგენელი აეროპორტის უბანში

21.04.2015 • 2135
როგორ მუშაობს ბათუმის მერის წარმომადგენელი აეროპორტის უბანში

7 აპრილს, სამშაბათს, ბათუმის მერიის აეროპორტის უბანში, ტერიტორიულ ორგანოში არც მერის წარმომადგენელი და არც მისი თანაშემწე არ იმყოფება. ერთ-ერთი ოთახის კარზე რწმუნებულის, მისი ორი თანაშემწის სახელი-გვარი და ტელეფონის ნომერია მითითებული. ოთახის კარი ღიაა, სადაც მხოლოდ რამდენიმე მაგიდა და სკამი დგას. რწმუნებული ტელეფონით გვეუბნება, რომ „უბანზეა გასული, მერის დავალებას ასრულებს“. დავალება – ტერიტორიული ორგანოს ფარგლებში კომერციული ობიექტების აღწერაა.

20 წუთში რწმუნებული სამსახურში ბრუნდება და „ბათუმელების“ კითხვებზე პასუხების გასაცემად მერიის პრესსამსახურთან შეთანხმებას ითხოვს. რწმუნებული ამბობს, რომ საუბრის პრობლემა არ აქვს, თუმცა საქმის კურსში უნდა იყოს სამსახურის უფროსი თეკლა ჩიჩუა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალოვანი უწყების თანამშრომლების გარდა, მსგავსი ღია აკრძალვა მედიასთან ურთიერთობაზე თითქმის აღარ გვხვდება. ბათუმის მერია გამონაკლისთა შორისაა.

თეკლა ჩიჩუა „ბათუმელებს“ ტელეფონით უხსნის, რომ რწმუნებულს ლაპარაკის უფლებას პრესსამსახური არ უზღუდავს. რომან დუმბაძე ჩაწერას თეკლასთან ზარის შემდეგაც არ თანხმდება, ის ტელეფონით თავად უკავშირდება, სავარაუდოდ, ქალაქის მერს, რის შემდეგაც ისევ უარზეა: რწმუნებულმა პირად საუბარში განმარტა, რომ ის მერის რწმუნებულია და არა მერიის. `თქვენს უფროსს მოეწონება, შეთანხმების გარეშე რომ გააკეთოთ კომენტარი?“ – კითხულობს ის. და ამბობს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, რადგან საამისოდ არაკომპეტენტურია.

აქვს თუ არა მერის რწმუნებულს უფლება, უპასუხოს ჟურნალისტის შეკითხვას? – კითხვას ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებს“ 8 აპრილს სასტუმრო „რადისონში“, ერთ-ერთ, შეხვედრაზე უპასუხა:

„ნებისმიერ მოქალაქეს, რწმუნებული იქნება ეს თუ სხვა, აქვს უფლება ჩაეწეროს, მაგრამ თუ ის არ არის კომპეტენტური იმ საკითხებში, რომელსაც მას უსვამენ და სჭირდება კომპეტენტურ პირთან კონსულტაცია, რომ გაგცეთ ნორმალური პასუხი, რაშია აქ პრობლემა? – ამისთვის არსებობს პრესსამსახური და უნდა შეათანხმოთ. პრესსამსახური თუ გეუბნებათ, რომ ეს საკითხები გავლილია და არ არის პრობლემა, მაშინ რას ამბობს რწმუნებული, საუბარს მიკრძალავენო? ასე არ არის.“

არის თუ არა კომპეტენტური, რა მოვალეობა აქვს მერის რწმუნებულს? – ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეა, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი ( ამ პროცედურასაც კანონი არეგულირებს), შესაბამისად, მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობასაც მერი ახორციელებს. საკრებულოს დებულების მიხედვით, მერის წარმომადგენელი უზრუნველყოფს მერიის სამსახურებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, ასევე მოსახლეობასთან ურთიერთობას; ორგანიზებას უწევს მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეებისა და მერიის საჯარო მოხელეების მოსახლეობასთან შეხვედრებს; სწავლობს თავის უბანში არსებულ მდგომარეობას და ინფორმაციას აწვდის მერს, ვიცე-მერს… მას ევალება ასევე მოსახლეობის ინფორმირებულობა მერიის მუშაობაზე; მერის რწმუნებული თავის სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულში ასრულებს მერიის, მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციების მოთხოვნებს კანონით დადგენილი წესით; ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების დავალებებს.

აეროპორტის უბანი ბათუმის მერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. ამ უბანში 2600 ოჯახი – 11 500 პირი ცხოვრობს. 

 „ბათუმელებმა“ მერის რწმუნებულთან ინტერვიუს ჩაწერის შეთანხმება პრესსამსახურისგან მეორე დღეს, 8 აპრილს მიიღო. იგივე აინტერესებდათ 8 აპრილსაც – ვარ თუ არა შეთანხმებული პრესსამსახურთან.

 რომან დუმბაძის თქმით, მისი სამუშაო დღე დილის ცხრა საათზე იწყება: „გასული დღის შედეგებს ვაჯამებთ. ჩვენს ტერიტორიაზე ბევრი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს. დღეში ოცამდე განცხადება შემოდის ერთჯერადი მატერიალური დახმარების თხოვნით. თანხას ძირითადად მედიკამენტების შესაძენად ითხოვენ. ასევე ითხოვენ შუამდგომლობას სამედიცინო ოპერაციის დასაფინანსებლად.“

აეროპორტის უბანში მატერიალური პრობლემების შემდეგ აქტუალური ინფრასტრუქტურული პრობლემებია: „სანიაღვრეები მოსაწესრიგებელია, რამდენიმე ქუჩა მოასფალტებას საჭიროებს. რიგ ადგილებში გარე განათების საკითხებიც დგას დღის წესრიგში. მაღლივი კორპუსებიდანაც მოდიან ეზოს ან წყლის პრობლემებით. შესაბამის სტრუქტურებს ვუკავშირდები და ვცდილობ, დავეხმარო მოსახლეობას“, – ამბობს რომან დუმბაძე.

რწმუნებულის თქმით, მის საქმეში ყველაზე დიდი სირთულე უნებართვო მშენებლობების კონტროლია: „თითქმის ყოველდღეა საჭირო შემოვლა, რომ არ გამოგეპაროს. პირველ ჯერზე ვცდილობთ გაფრთხილებით შემოვიფარგლოთ, შემდეგ ვუკავშირდებით ზედამხედველობის სამსახურს.“

რწმუნებულის თქმით, მასთან ხშირად მიდიან ადამიანები, რომლებიც ტერიტორიულ ორგანოს სასოფლო საბჭოს ეძახიან, ის კი გამგებელი ჰგონიათ და სთხოვენ მიწის დაკანონებას, კომლად გამოყოფას ან ელექტროენერგიის გადასახადის ვერგადახდის გამო დახმარებას: მათ ვაკვალიანებ, მერიას აქვს სარეზერვო ფონდი, მაგრამ ელექტროენერგიის გადახდას არ ითვალისწინებს.“

რომან დუმბაძე პროფესიით იურისტია, მერიაში დასაქმებამდე პოლიციელი იყო, თუმცა გვარწმუნებს, რომ სამსახურებრივად ასევე ყოფილ პოლიციელ გიორგი ერმაკოვთან შეხება არ ჰქონია: „მაშინ არც ვიცნობდი.“ კითხვაზე – შეასრულებდა თუ არა მერის დავალებას, თუ ის უკანონო იქნებოდა, რომან დუმბაძე პასუხობს, რომ – არა. ის მიიჩნევს, რომ მსგავს დავალებას გიორგი ერმაკოვისგან არასდროს მიიღებს.

რომან დუმბაძეს საკუთარი მანქანა არ აქვს და არც სახელმწიფო მანქანა ემსახურება. ხანდახან მანქანას თანაშემწისგან თხოულობს. რწმუნებულის ხელფასი დარიცხვით 1200 ლარია, ხოლო თანაშემწის ხელფასი – 800 ლარი.

გადაბეჭდვის წესი