სიახლეები

რეაბილიტაცია პუშკინის ქუჩაზე 2016 წლამდე

17.04.2015 • 2383
რეაბილიტაცია პუშკინის ქუჩაზე  2016 წლამდე

 

„კონკრეტულად როდის დასრულდება სამუშაოები, არც ჩვენ ვიცით. ალბათ, ერთი თვე გაგრძელდებაო, ასე გვეუბნებიან“, – გვითხრა ქალმა, რომელიც პუშკინის ქუჩის გადაკეტილ მონაკვეთში არსებულ ერთ-ერთ მარკეტში მუშაობს.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პუშკინის ქუჩის გადაკეტილ ნაწილში საკანალიზაციო მილების ჩაწყობას მინიმუმ ორი კვირა მაინც დაჭირდება.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქ გერმანულ-ქართული ერთობლივი საწარმო „ფაიფერი და გზა“ ასრულებს.

 

საწარმოს დირექტორმა ალექსანდრე ბაღათურიამ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ „ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გაწერილია დროში, თუმცა ვადები ვერ იქნება ზუსტი, რაც, ამინდზე უფრო პროექტის ცვლილებებზეა დამოკიდებული. პროექტი, რაც ამჟამად გვაქვს, ერთია, მაგრამ რეალური მდგომარეობა მიწის ქვეშ, შესაძლოა სხვა იყოს. შედარებით ზუსტი პროექტი, სულ ცოტა, სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე დგება“.

 

საწარმოს დირექტორის თქმით, პროექტირება, ფაქტობრივად, სამ ეტაპს გადის. საწყისი პროექტის მიხედვით ითხრება ქუჩის გარკვეული მონაკვეთი, შემდეგ დგება კონცეპტური პროექტი, ეს თანხმდება სამუშაოების ზედამხედველთან, რომელიც ქალაქის მერიას ჰყავს დაქირავებული და შემდეგ უკვე სამუშაოები შესრულებითი პროექტის მიხედვით გრძელდება.

 

დღეს არსებული საწყისი პროექტის მიხედვით, უშუალოდ პუშკინის ქუჩის მონაკვეთებში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია ქვემოთ მოყვანილი თანმიმდევრობითაა გაწერილი, შესაბამისად გადაიკეტება:

 

აპრილის თვეში: ჯავახიშვილისა და პუშკინის კვეთა (მონაკვეთები: ჯავახიშვილის ქუჩა – გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე და პუშკინის ქუჩა – ჯავახიშვილიდან ლორიას ქუჩის დასაწყისამდე);

აპრილში გადაიკეტება ლერმონტოვისა და პუშკინის კვეთაც (მონაკვეთი:

ლერმონტოვის ქუჩა – გ. ბრწყინვალის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მისვლამდე);

ასევე, აპრილში გადაიკეტება ექვთიმე თაყაიშვილისა და პუშკინის კვეთა (მონაკვეთი: ე. თაყაიშვილის ქუჩა – გ. ბრწყინვალის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე).

(ჩაიკეტება ასევე გრიბოედოვის ქუჩა – პუშკინის ქუჩიდან გ. ბრწყინვალის ქუჩამდე მონაკვეთში ამ მონაკვეთში პუშკინის ქუჩის მხრიდან სამუშაოები უკვე დაწყებულია).

 

მაისში: პუშკინის ქუჩა – თაყაიშვილის ქუჩიდან ჰაიდარ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთი.

 

ივნისში: პუშკინის ქუჩა – ჰ. აბაშიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე.

 

ივლისში: პუშკინის ქუჩა – მელიქიშვილიდან ვაჟა-ფშაველამდე.

 

აგვისტოში: პუშკინის ქუჩა – ვაჟა-ფშაველადან თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში.

 

სექტემბერში: პუშკინის ქუჩა – თავდადებულის ქუჩიდან 9 მარტის ქუჩამდე; ასევე ჯორჯიაშვილის ქუჩიდან სულაბერიძის ქუჩის დასაწყისამდე და იმედაიშვილის ქუჩიდან სოხუმის ქუჩამდე მონაკვეთებში.

 

ნოემბერში: პუშკინის ქუჩა – ბერიძის ქუჩის ბოლოდან ჯორჯიაშვილის ქუჩის ბოლომდე და სოხუმის ქუჩის დასაწყისიდან შავშეთის ქუჩამდე (ავტოსადგურამდე) მონაკვეთებში.

 

თუმცა, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციით ქუჩის მოწესრიგების საკითხი არ მთავრდება, შემდეგ უნდა მოწესრიგდეს სხვადასხვა კომუნიკაციის ქსელები: გაზი, წყალი, ელექტროენერგია, სანიაღვრე არხები.

 

„როცა კანალიზაციის მილები ჩაიდება, ამას შემდეგ მოყვება სხვა კომუნიკაცია და ბოლოს მოასფალტება. სხვადასხვა კონტრაქტორი მუშაობს – ეს აიღებს თავის დამცავ ჯებირებს და გადავა სხვა მონაკვეთზე, იქ კი სხვა კონტრაქტორი, ამა თუ იმ  კომუნიკაციის მფლობელი მოვა და დაიწყებს სამუშაოებს. აქედან გამომდინარე ქუჩის მონაკვეთები საჭიროებისამებრ გადიკეტება. თუმცა, შესაძლოა ამა თუ იმ კომუნიკაციის რეაბილიტაციამ, ჩაკეტვის აუცილებლობა არც მოითხოვოს“, – აცხადებს ბათუმის მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუში.

 

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ბათუმში 2007 წლიდან მიმდინარეობს, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხის ხარჯზე ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც სამ ფაზად იყოფა. სესხის მთლიანი მოცულობა 82 367 382 ევროა, პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი დამატებული ღირებულების გადასახადის ნახევარი იფარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი ნახევარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

გარდა დღგ-ისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ასევე დამატებითი პროექტი 10 194 104 ევროს (დღგ-ს გარეშე) ოდენობით, იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც არ ფინანსდება სესხიდან, მაგრამ პროექტის პარალელურად უნდა განხორციელდეს.

ყველა დროის „აქილევსის ქუსლს“ – მიწისქვეშა კომუნიკაციებს გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში – კი, ვერც ქალაქის ამჟამინდელი მთავრობა გადაურჩა. ეს მონაკვეთი (სასტუმრო ლ-ბაკურსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ) 2015 წელს კიდევ ერთხელ გადაითხრება, რის გამოც შარშან მერიამ აქ ახალი ასფალტის საფარი არ დააგო. ხელახლა გადათხრის მიზეზი მრავალგზის შეკეთებული საკანალიზაციო სისტემაა, რომელიც, სხვათა შორის ბოლოს, ამავე პროექტის ფარგლებში შეკეთდა „კაპიტალურად“. ეს საკანალიზაციო მილები აქ კვლავ შესაცვლელია, რასაც ამჯერად „ფაიფერი და გზა“ გრაფიკის მიხედვით, მიმდინარე წელს, დეკემბერში დაიწყებს და 2016 წლის მარტამდე უნდა დაასრულოს.

გადაბეჭდვის წესი