სიახლეები

რადიაციული ნაცარი ჭოროხზე ჰესების ასაშენებლად

17.04.2015 • 2132
რადიაციული ნაცარი ჭოროხზე ჰესების ასაშენებლად

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა, აღნიშნულია, რომ ნარჩენის იმპორტი უნდა განხორციელდეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის ბეტონის საწარმოებლად. 17 040 ტონა ნარჩენის იმპორტს თურქეთის რესპუბლიკიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელებენ.

აქროლად ნაცარს თურქეთიდან საქართველოში შპს “ჭოროხი-2009”შემოიტანს. ნაცარი  განკუთვნილია შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისთვის, რომელიც მდინარე ჭოროხზე ჰესებს აშენებს.

 

მშენებარე ჰესი მდინარე ჭოროხზე /ფოტო: მანანა ქველიაშვილი/

 

რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული ნარჩენი და ვინ უნდა განახორციელოს მასზე კონტროლი (ტრანსპორტირებისა და გამოყენების წესებზე, შემცველობაზე და სხვა)?

„ნაცარი შეიცავს ალუმინის ოქსიდს. ეს არის საშიში სასუნთქი არხებისთვის, ჩათვალეთ, საწამლავია.

 

ამასთან, ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი რადიოაქტიური შემცველობის ტვირთის შემოტანასა და ტრანზიტზე, სადაც წერია, რომ 370 არის ნორმა, ნაცარი შეიცავს 500-ს. შესაბამისად, რადიაცია აიწევს. როგორც კი ნაცარი იდება, ის ხდება აქროლადი ქართან ერთად. ანუ, ნებისმიერ ადგილას, სადაც დაიდება, გარემო იქნება დაბინძურებული“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ თამაზ ვაშაკიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის წარმომადგენელი.

 

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, როცა კანონში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა, განაცხადა: „ნაცარი, რომლის შემოტანასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩვენმა სამინისტრომ გაიტანა, არის „ევროპის ენერგეტიკულ მწვანე ნუსხაში“ შესული. არანაირი პრობლემა და არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, რომ ეს არის მავნე”.

 

„ბათუმელების“ შეკითხვის პასუხად, თუ რამდენადაა ეკოლოგიურად გამართლებული ამ ნაცრის შემოტანა ქვეყანაში და მისი გამოყენება, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომაც, იმის დასტურად, რომ უსაფრთხოა, „მწვანე სიაზე“ მიგვითითა.

 

ეს სია შემოსავლების სამსახურს ოფიციალურ ვებგვერდზე უდევს, სადაც აღნიშნულია: „დამოუკიდებლად იმისა, ჩართულია თუ არა ნარჩენები ამ ნუსხაში, მათი გადაზიდვა, როგორც მწვანე ნუსხაში ჩართული ნარჩენებისა, შეიძლება არ იქნეს დაშვებული, თუ ისინი დაბინძურებულია სხვა მასალებით ისეთი ოდენობით, რაც ზრდის ნარჩენებთან დაკავშირებულ რისკს იმგვარად, რომ იგი შეესაბამება ყვითელ ან წითელ ნუსხაში შეტანას; ან დაბრკოლებას უქმნის მის მეორეულ გადამუშავებას გარემოსათვის უსაფრთხო ხერხით“.

 

მწვანე სიაში 146 დასახელების ნარჩენია (მათ შორის აქროლადი ნაცარი) შეტანილი, ყვითელში – 80, ხოლო წითელ სიაში – 8 ნარჩენი.

 

საქართველოში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცრის იმპორტის დაშვების შემთხვევებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ დებულება 2013 წლის სექტემბერში, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს დამტკიცდა.

 

ამ დებულების მიხედვით, ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი შეიძლება მხოლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების შემთხვევებში, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

 

ნარჩენების ტრანზიტსა და იმპორტს არეგულირებს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად. ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების სფეროში ბაზელის კონვენციის (სახიფათო ნარჩენების ტრანსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ) მე-2 მუხლითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციებს კი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ასრულებს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების კოორდინატორის, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, როცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის შეხვედრაზე ეს საკითხები განიხილებოდა, სპეციალისტებმა ცალსახად განაცხადეს, რომ ჰესების მშენებლობისას არ იყო მიზანშეწონილი ასეთი ტიპის ნარჩენების გამოყენება.

 

„ბაზელის კონვენციით და შესაბამისი დებულების საფუძველზე რეგულირდება ნარჩენების იმპორტი. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოგვმართავს კომპანია, ვისაც შემოაქვს ნარჩენი, უნდა მოგვმართოს იმანაც, ვინც აგზავნის ამ ნარჩენს და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს“, – გვითხრეს გარემოს დაცვის სამინისტროში.

 

„ჭოროხი 2009“-ის წარმომადგენლის განცხადებით, ყველა იურიდიულ პროცედურას  – საჭირო დოკუმენტებს მოაგვარებს „აჭარ ენერჯი 2007“ და „შემდეგ შემოვიტანთ ნარჩენს, როცა დოკუმენტაცია იქნება მზად“.

 

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მშენებელს აქვს ლაბორატორიული დასკვნები, რომლითაც ჩანს, რომ საქართველოში წარმოებული ცემენტი არ არის ვარგისიანი ჭოროხზე ჰესის მშენებლობისთვის, ამიტომ კომპანიას შემოაქვს ცემენტი თურქეთიდან, რომელშიც ამ ნაცარს შეურევენ.

 

„გარემოზე ზემოქმედების შეფასება გაკეთებულია ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი შეფასების გაკეთება ნაცრის გამოყენებაზე არ არის სავალდებულო. ნაცრის გამოყენება ბეტონში არავითარ ზიანს არ აყენებს გარემოს“, _ განაცხადა „ბათუმელებთან“ „აჭარ ენერჯი 2007“-ის პასუხისმგებელმა პირმა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, სოფო ვარშალომიძემ.

 

მისივე თქმით, კომპანიას ნაცრის გამოყენება ორი რამისთვის სჭირდება: ნაკლები ცემენტის გამოყენებით მიიღონ ბეტონის სასურველი მარკა და მეორე, შეაჩეროს ალკანის სილიკის რეაქცია, რომლის მაჩვენებელი მდინარე ჭოროხში გაცილებით მაღალია, ვიდრე ვთქვათ, მდინარე აჭარისწყალში: `ჩვენ გაცილებით იაფი დაგვიჯდებოდა საქართველოში წარმოებული ცემენტი და ნაცარი გამოგვეყენებინა, მაგრამ ტესტირებით ვერ მივიღეთ სასურველი შედეგი”.

 

აჭარაში ჰიდროელექტროსადგურებს მდინარე აჭარისწყალზე კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიაც” აშენებს. როგორც კომპანიაში გვიპასუხეს, მათაც მშენებარე “შუახევი ჰესისთვის” ცემენტი საზღვარგარეთიდან შემოაქვთ. რაც შეეხება აქროლად ნაცარს, მას არ იყენებენ.

 

მოქმედი კანონმდებლობით იმპორტიორი ვალდებულია: ნარჩენი გამოიყენოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული გზით; უზრუნველყოს ნარჩენის გადაზიდვების მინიმუმამდე დაყვანა მათი გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული და ეფექტური მართვის გამოყენებით და ის განახორციელოს იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო დაიცვას მათგან უარყოფითი ზეგავლენისაგან;  უზრუნველყოს ნარჩენის შეფუთვა, მარკირება და მისი გადაზიდვა საყოველთაოდ მიღებული  საერთაშორისო წესებისა და ნორმების თანახმად; ნარჩენს თან დაურთოს სახიფათო ნარჩენთა გადაზიდვის დოკუმენტი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის საწყისი პუნქტიდან მისი განთავსების ადგილამდე; დაიცვას დადგენილი უსაფრთხოების ნორმები, სტანდარტები და სხვა შესაბამისი ნორმატივები.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მოწოდებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა საშუალებები [სხვადასხვა მარკის ცემენტი, მიკროსილიკა, სხვა პლასტიფიკატორები], რომლითაც შესაძლებელია მიღებული იქნას სასურველი შედეგები. ყოველი მათგანი დაკავშირებულია დამატებით დანახარჯებთან. ნაკლებ დანახარჯიანი გადაწყვეტა სწორედ ნაცრის გამოყენებაა.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მასალა მიეკუთვნება ნარჩენების კატეგორიას და მისი შემოტანა აკრძალულია, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის თანხმობით, დასაშვებია მისი შემოტანა“.

 

საქართველოს მთავრობამ სწორედ ასეთი გამონაკლისი დაუშვა და კომპანიას რომ ზედმეტი  ხარჯი არ გაეწია, მას მისცა უფლება აქროლადი ნაცარი თურქეთიდან შემოიტანოს.

 

 

მთავრობის დადგენილების განმარტებითი ბარათი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: