სიახლეები

აჭარის ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს მედეა ვასაძეს, გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური კულტურა

15.04.2015 • 1367
აჭარის ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს მედეა ვასაძეს, გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური კულტურა

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით სრული უფლება ჰქონდა მინისტრის მოადგილეს წარედგინა გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში, უმაღლესი საბჭოს ბიურომ მაინც არჩია, რომ ანგარიში მინისტრისგან, დავით ბალაძისგან ჩაიბარონ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, 15 აპრილს, გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანგარიშის წარდგენის საკითხის, ასე ვთქვათ, ჩავარდნაში დეპუტატი მედეა ვასაძე „დაადანაშაულა“.

 

„ბათუმელები“ მედეა ვასაძეს ვერ დაუკავშირდა. ბიუროს წევრმა აკაკი ძნელაძემ კი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ  „არა მხოლოდ მედეა ვასაძე, ერთგვარი პრეტენზიები იყო სხვებისგანაც… ეს საკიხი არ არის ისეთი საჩქარო, ამიტომ, ბიუროს წევრები შევჯერდით, რომ ანგარიში მინისტრმა წარმოადგინოს“.

 

„უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემ უარი განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მიერ ანგარიშის წარდგენაზე, შესაბამისად საქართველოში დაბრუნებისთანავე, დეპუტატების სურვილის შემთხვევაში, დავით ბალაძე მზადაა 2014 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში თავად წარადგინოს უმაღლეს საბჭოში. აქვე აღვნიშნავთ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი არაერთხელ წარმდგარა საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით და ეს საკითხი პრობლემატური არასოდეს გამხდარა. სამინისტრო მოუწოდებს დეპუტატ მედეა ვასაძეს, გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური კულტურა და პირადი ინტერესებისთვის არ მოახდინოს საკითხის ხელოვნური პროვოცირება” – აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ამა წლის 18 აპრილამდე ოფიციალური ვიზიტით, აჭარის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, კანადის მთავრობის მიწვევით, მონრეალში, კანადაში იმყოფება. მინისტრი კანადაში კვებეკის პროვინციის სამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაცია „Invest in Quebec“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ესწრება“.

 

უმაღლესი საბჭო 16 აპრილს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მაინც მოუსმენს. რამაზ ბოლქვაძე დეპუტატებს წარუდგენს [პირველი მოსმენა] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს – ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: