სიახლეები

როდის ექნებათ ბუკნარში წყალი?

11.04.2015
როდის ექნებათ ბუკნარში წყალი?

 

 

სულხან ევგენიძე

ბატონო სულხან, იცნობთ თუ არა ბუკნარის პრობლემას და რატომ არ აღდგა ერთი წლის განმავლობაში წყლის მიწოდება?

 

– ბუკნარელებს წყალი მიეწოდება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მილებს ჰაერი ხეთქავს და ეს არის მოსაგვარებელი. ახლა გამარტივებული ტენდერი გვაქვს გამოცხადებული და დამთავრდება ყველაფერი.

 

რა ხეთქავს მილებს, შეგიძლიათ აგვიხსნათ?

– თავიდან ეს წყლის სისტემა ჩინურმა კომპანიამ დააზიანა. თუმცა, ამ კომპანიამ გადაიხადა თანხა და დაზიანებული ადგილები გაკეთდა. აქ არის ორი ავზი, როცა წყლის მოხმარება იზრდება, მილში ჰაერი იპარება და ის აზიანებს მილებს. სპეციალისტები აყვანილი მყავდა სათავეში, დავაკვირდით და ავზიდან მეორე ავზამდე მონაკვეთში არსებობს პრობლემა. ტენდერის შემდეგ, წყლის მოსახლეობასთან მისვლამდე, უნდა გაკეთდეს 300-400-ლიტრიანი წყალშემკრები ავზი, რომ წყალი მუდმივად იყოს მასში და ჰაერი აღარ შევიდეს მილებში. ავზის გაკეთება 2 996 ლარი ჯდება და დაველოდებით ტენდერს.

 

როგორც მოსახლეობა გვეუბნება, წყლის მილები უხარისხოა და ამიტომ ზიანდება. ვინ ჩასვა წყლის მილები და რამდენად ხარისხიანია ის?

– მოსახლეობამ რა იცის წყლის სპეციფიკა, რადგან სკდება, ყველა ფიქრობს, რომ მილია უხარისხო. გავაკეთებთ წყალშემკრებს, დავამონტაჟებთ და აღარ იქნება პრობლემა. ხარჯთაღრიცხვა მზადაა, სამდღიანი ტენდერი გამოცხადდება და ვინც მოიგებს, ის გააკეთებს. თუ არ გამოჩნდება მსურველი, მაშინ ერთ პირთან მოლაპარაკებით გადავწყვეტთ.

 

დაზიანებული მილების აღდგენა საიდან დაფინანსდა, გამგეობის ბიუჯეტიდან?

– რაც დაზიანდა, იმის აღდგენაზე ჩინურმა კომპანიამ გადაიხადა თანხა, თუ არ ვცდები, 370 ათასი ლარი იყო იმ მონაკვეთზე, სადაც მაგისტრალი გავიდა. მაგისტრალის ქვეშ მოექცა მილი და რომ არ დარჩენილიყო, გარეთ გამოვიტანეთ.

 

ეს კონკრეტული მონაკვეთი ზიანდება?

– არა. მაქედან მილი მიდის პირველ ავზთან, შემდეგ წყალი მეორე ავზთან გადადის. ამ ორ ავზს შორის მონაკვეთში ზიანდება მილები, რადგან ავზი ძველია და გამოვცვლით ალბათ მაგასაც.

 

შეგიძლიათ გვითხრათ, რა დროში მომარაგდება ბუკნარი წყლით, შეფერხების გარეშე?

– მაქსიმუმ მომდევნო კვირიდან უნდა დაიწყოს სამუშაოები.

 

ერთი წელი გავიდა უკვე და ამდენ ხანს რატომ არ გადაწყდა ეს პრობლემა?

– ერთი წლის წინ მე არ ვიყავი გამგებელი და ხომ უნდა გამეგო რაში იყო პრობლემა. მილის გამო იყო დაზიანება თუ სხვა რამის, ხომ უნდოდა შესწავლა. მეც ადვილი მეგონა, მაგრამ ბევრი პროცედურა სჭირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.