სიახლეები

აჭარის ფინანსთა მინისტრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე: „უარი არ გამოვა“

08.04.2015
აჭარის ფინანსთა მინისტრი კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლზე:  „უარი არ გამოვა“

მინისტრ დავით ბალაძის ინფორმაციით, კომპანიამ პროექტში ცვლილება შეიტანა და სააგენტოს ახალი პროექტით მიმართა:

„რაც შეეხება ასეთი პროექტებისთვის უარის თქმას, მე ვფიქრობ, რომ ყველა გულისყურით უნდა მოეკიდოს  ინვესტიციას და უფრო მეტად ჩაერთოს, რადგან ასეთი პროექტებისთვის უარის თქმა არ გამოვა“.

სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის ინფორმაციით, ახალი პროექტით სააგენტოსთვის კომპანიას ჯერ არ მიუმართავს:

„საქმე ადმინისტრაციულ წარმოებაშია. მე უკვე მქონდა კონტაქტი კომპანიის წარმომადგენლებთან და ჩემი პასუხი იყო, რომ  უნდა ვიპალარაკოთ, მაგრამ ახალი პროექტი ჯერჯერობით არ არის სააგენტოში. სააგენტომ ერთხელ უკვე უთხრა უარი კომპანიას, მან გაასაჩივრა ეს უარი სამინისტროში. ერთხელ უკვე იყო ადმინისტრაციული მოსმენა, რაც გრძელდება“, – უთხრა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა „ბათუმელებს“.

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, #1 აფთიაქის ყოფილ შენობაში ინვესტორი 11 სართულიანი სასტუმროს და სამორინეს განთავსებას გეგმავს. მინისტრ დავით ბალაძის ინფორმაციით, ინვესტორი 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.

შპს „ჟასმინი“ 2011 წელს თურქეთის მოქალაქემ დააფუძნა. კომპანიასა და აჭარის მთავრობას შორის ყოფილი აფთიაქის შენობის ადგილას სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება 2012 წელს შედგა. ამის შემდეგ კომპანიას მშენებლობის ნებართვა უნდა მოეპოვებინა. შპს „ჟასმინი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც აჭარის მთავრობამ გასულ წელს საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.