სიახლეები

სახალხო დამცველი: ციხეში სუიციდის მცდელობის ფაქტებმა იმატა

08.04.2015 • 1353
სახალხო დამცველი: ციხეში სუიციდის მცდელობის ფაქტებმა იმატა

ანგარიშში წერია, რომ პრობლემურია არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვა, ვინაიდან ისინი, ხშირ შემთხვევაში, იმავე დაწესებულებაში რჩებიან, სადაც, სავარაუდოდ, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები დაფიქსირდა. სახალხო დამცველის შეფასებით, იკვეთება არასათანადო მოპყრობის სისტემური პრობლემა და აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. მონიტორინგმა ცხადყო, რომ პრობლემურია დაწესებულების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა, რასაც ემატება კონკრეტულ ვითარებაში სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა არაადეკვატური მოქმედება ან უმოქმედობა, არასათანადო რეაგირება საჩივრებზე და სერვისების შესახებ პატიმართა ნაკლები ინფორმირება. არასაკმარისია თანამშრომელთა ცოდნისა და კვალიფიკაციის დონე. ამ ფონზე ხშირია პატიმართა შიმშილობისა და თვითდაზიანების შემთხვევა. ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში პატიმართა ხშირი გადაყვანის მზარდი ტენდენცია 2014 წელსაც შენარჩუნდა.

სახალხო დამცველის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას, შეისწავლოს გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, რადგან, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სახალხო დამცველს განუმარტა, გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის საიდუმლო წერილი, რომელიც შეიცავს ოპერატიულ ინფორმაციას, ხოლო ამ ტიპის ინფორმაციაზე დაშვება სახალხო დამცველს არ აქვს. საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში, ხშირ შემთხვევაში, პატიმრები გადაჰყავდათ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან დასავლეთ საქართველოში მდებარე დაწესებულებებში და პირიქით. შედეგად, პატიმრებს უჩნდებათ ოჯახისა და ადვოკატთან კონტაქტის შენარჩუნების პრობლემა და განიცდიან ახალ გარემოსთან ადაპტაციით გამოწვეულ დამატებით სტრესს.

პატიმრების გადასაყვანად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების შედეგად პრევენციული ჯგუფი მივიდა შემდეგ დასკვნამდე: ტრანსპორტირების პირობები დიდ დისკომფორტს უქმნის პატიმრებს. აღმოჩნდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში ცალკე არის გამოყოფილი მცირე ზომის მეტალის კაბინა (დაახლოებით 0,3 კვ.მ. ფართობის). კაბინაში არის სივიწროვე, უჰაერობა და სრული სიბნელე. ამ კაბინას უმეტესად ქალი პატიმრებისა და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების გადასაყვანად იყენებენ. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, აღნიშნულ კაბინაში პატიმრის მოთავსება არის დამამცირებელი მოპყრობა და აუცილებელია ამ კაბინის დემონტაჟი. პრობლემებს შორის აღსანიშნავია: დაწესებულებების ძირითად საცხოვრებელ, საკარანტინო და სამარტოო საკნებში სათანადო ხელოვნური ვენტილაციის უზრუნველყოფა; არასაკმარისი ბუნებრივი განათება-ვენტილაცია; დახურულ დაწესებულებებში პატიმართა სუფთა ჰაერზე ყოფნის ხანგრძლივობა და ვარჯიშის შესაძლებლობა; დაწესებულებების სასეირნო ეზოებში საჭირო ინვენტარისა და პირობების არარსებობა; ხანგრძლივი პაემნის ინფრასტრუქტურის არარსებობა. საანგარიშო პერიოდში დისციპლინარული სახდელების გამოყენების შემთხვევათა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით გაორმაგდა. პოზიტიურად აფასებს სახალხო დამცველი პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმას.

საანგარიშო პერიოდში გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობამ 2013 წელთან შედარებით იმატა. 2014 წელს 27 პატიმარი გარდაიცვალა. ასევე გაიზარდა სუიციდის შემთხვევათა რაოდენობა. დაფიქსირდა სუიციდის 7 ფაქტი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში სხეულის დაზიანებით შესახლებულია 1040 ბრალდებული, რომელთაგან 136-მა ბრალდებულმა დაზიანება მიიღო დაკავებისას, 853-მა – დაკავებამდე, 48 ბრალდებულმა – დაკავების შემდეგ, 3-მა ბრალდებულმა დაზიანების წარმოშობის მიზეზი არ დაასახელა. 2014 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხეულის დაზიანება მიიღო 3169 პატიმარმა, რომელთაგან 2261 თვითდაზიანებაა, 755 – საყოფაცხოვრებო ტრავმა, 53 – არ აკონკრეტებს და 100 – სხვა პირის მიერ.

2014 წლის განმავლობაში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამედიცინო პერსონალი სათანადოდ არ ასახავს პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებებს: ხშირ შემთხვევაში არ არის მითითებული დაზიანების აღმოჩენის დრო და წარმომავლობა, არ ფიქსირდება ექიმისა და პატიმრის ხელმოწერა. პრევენციის ეროვნული მექანიზმმა დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც სამედიცინო პერსონალმა დოკუმენტურად საერთოდ არ ასახა პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებები.

 

აღმოჩნდა, რომ მე-3 დაწესებულებაში პატიმრების მიღების პრაქტიკა შეუსაბამობაში იყო სამედიცინო შემოწმების კონფიდენციალურ სტანდარტთან. ქალი პატიმრის სხეულს ვიზუალურად ექიმის ნაცვლად დაწესებულების თანამშრომელი ათვალიერებდა, რომელიც ამავე დროს მას ჩხრეკდა. მორიგე ექიმს სწორედ იგი აწვდიდა ინფორმაციას პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ. მამაკაცი პატიმარს კი ექიმი ამოწმებდა დაწესებულების თანამშრომლების თანდასწრებით, რომლებიც პარალელურად ატარებდნენ ჩხრეკას, პროცესს ესწრებოდნენ ბადრაგები, რომლებმაც პატიმარი მიიყვანეს დაწესებულებაში.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში მე-3 დაწესებულებაში შესახლებული ბრალდებულებიდან სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა 43-ს: მათგან მხოლოდ ოთხმა მიუთითა დაზიანების წარმომავლობის შესახებ, ხოლო სხვებმა თავი შეიკავეს ექიმისთვის რაიმე ინფორმაციის მიწოდებაზე. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის ინტერესები და ახსოვდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება. მაგრამ, ამავე დროს, ექიმს უჩნდება მორალური საფუძველი არასათანადო მოპყრობის გამოაშკარავების სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი თანახმაა არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ექიმი ვალდებულიც კი არის, გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს. თუ პატიმარი უარს აცხადებს ამა თუ იმ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ექიმმა უნდა აწონ-დაწონოს რა უფრო მნიშვნელოვანია, პოტენციური საფრთხე პაციენტისთვის, თუ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნებით მიღებული სარგებელი ყველა პატიმრისათვის.

სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-3 დაწესებულებაში შემოწმების ჩატარებისას აღმოაჩინა, რომ ორ შემთხვევაში დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ასევე არასათანადო მოპყრობად შეაფასა 2014 წლის 23-24 ოქტომბერს სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის დროს, დაწესებულების სამარტოო საკნებში მოთავსებულ პატიმართა მდგომარეობა. შემოწმების დროს სამარტოო საკნებში შეუძლებელი იყო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, იდგა აუტანელი სუნი, პატიმრებს არ ჰქონდათ ლეიბი და თეთრეული, უწევდათ ნარზე წოლა, სიცივისაგან დასაცავად ერთ-ერთ პატიმარს ტანზე, ტანსაცმლის ქვეშ ტუალეტის ქაღალდი ჰქონდა შემოხვეული. სამარტოო საკანში მოთავსებული პატიმრები არც სუფთა ჰაერზე გაჰყავდათ.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 24 გეგმური და 364 არაგეგმური ვიზიტი განახორციელეს, მოინახულეს 3040 პატიმარი. 2014 წელს გამოძიების დაწყების მოთხოვნით სახალხო დამცველმა გააგზავნა 18 წინადადება (2013 წელს – 9 წინადადება). სახალხო დამცველის ანაგრიშის მიხედვით, არც ერთ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

გადაბეჭდვის წესი