სიახლეები

თორმეტი კომპანია ბათუმში მშენებლობის ნებართვას ითხოვს

05.04.2015 • 2805
თორმეტი კომპანია ბათუმში მშენებლობის ნებართვას ითხოვს

„ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველ კომპანიათა წინადადებებს შერეული სამთავრობო კომისია სწავლობს. კომისიის მუშაობაში ჩართულია ბათუმის მერიაც, რომლის უმთავრესი ფუნქციაა წარდგენილი პროექტების პროგრამის მიზნებთან შესაბამისობის დადგენა, შემდგომ კი, პროგრამაში მონაწილე დეველოპერებზე მშენებლობის ნებართვების გამარტივებული წესით გაცემა (ვადების მინიმალიზაცია) და ასევე, მათი გათავისუფლება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მოსაკრებლისგან.

აღნიშნული მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაზე ამ დროისთვის ბათუმის მერიას უკვე მიმართა რვა კომპანიამ:

„ჯევერს დეველოპმენტმა“, რომელიც მშენებლობას ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N50-52-54-56-ში განახორციელებს;

„მარდი თაუერმა“, მშენებლობის ადგილი –  ფარნავაზ მეფის ქუჩა N110-112;

„ბათუმი ბილდინგმა“, მომავალი მშენებლობის ადგილი – ს. ხიმშიაშვილის N15-17ა;

„MჟM გრუპმა“, მშენებლობის ადგილი მისამართზე – მელიქიშვილის ჩიხი N5;

„ბი აი სი ბათუმმა“, რომელსაც მშენებლობის დაწყება სურს მისამართზე – ფარნავაზ მეფის N109, ფარნავაზ მეფის/ჰ. აბაშიძის N107-109, 9/111, 9/117;

„ბმბ ჯგუფმა“, მშენებლობის ნებართვას ითხოვს მისამართზე – ერას ქუჩა N61 თაყაიშვილის ქუჩა N12-14-16;

„ახალმა ერამ“, რომელიც მშენებლობის ნებართვას ითხოვს მისამართზე – დუმბაძის ქუჩა N12-14ა;

და „Best Building Group”-მა, ის მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას ბათუმში, მისამართზე – მელიქიშვილის N10-12/ ფარნავაზ მეფის N98-ში გეგმავს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჯერჯერობით არც ერთ მათგანზე არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა და არც K2-ის გადახდისგან გათავისუფლებულა რომელიმე კომპანია. სამთავრობო კომისიაში ამბობენ, რომ მათი წინადადებები სრულად აკმაყოფილებენ პროგრამის მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობისა და, შესაბამისად, პროგრამაში ჩართვის სურვილი „საქართველოს ბანკმა“ გამოხატა, რომელთანაც აჭარის მთავრობას მემორანდუმიც აქვს გაფორმებული. თუმცა, პროგრამაში ჩართვის უფლება ნებისმიერ ბანკს ან საფინანსო ორგანიზაციას აქვს.

დაინტერესებულ მშენებელ კომპანიას (ინვესტორს) ბანკისგან ერთი პროექტის განხორციელებისთვის არაუმეტეს 3 მილიონი დოლარის ექვივალენტის აღება შეუძლია ლარში. ამასთან, ბანკი სესხის გაცემის დროს აჭარის მთავრობისგან უზრუნველყოფილი იქნება გარანტიით.
გარდა აღნიშნული რვა კომპანიისა, პროგრამაში ჩართვის სურვილი აქვს კიდევ ოთხ კომპანიას: „ბათუსი ჯგუფს“, „ნიუ სთაილის“, „სახლი პიაცასთან“ და „ელიტა ჯგუფს“. პროგრამის ფარგლებში კი სახლები შემდეგ ადგილებში უნდა აშენდეს: ძველ ბათუმში; გუდიაშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში; რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან – პუშკინისა და ჯავახიშვილის კუთხეში და ერთიც ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარედ.

„მოსახლეობა, თითქმის ყველა ცდილობს, რომ მაქსიმუმი მიიღოს, რაც აფრთხობს ასე, ვთქვათ, ინვესტორს და ჭირს ხოლმე მოლაპარაკების გაგრძელება. თუმცა არის რამდენიმე კომპანია, რომლებმაც ნახეს საერთო ენა მოსახლეობასთან“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში კომისიის წევრმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ ძნელაძემ.

თუ კომპანიას ქალაქის ტერიტორიაზე (რომელიც არანაკლებ 500 კვ/მ-ია, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების 75% არის ბარაკული, ამორტიზებული, უსახური და ა.შ.) უნდა მშენებლობის დაწყება, ის მიმართავს კომისიას, რომელიც შედის შუამდგომლობით მერიაში, უხსნიან K2 გადასახადს და თუკი ბანკიც დააფინანსებს მას (ანუ გასცემს სესხს), კომპანია იღებს მშენებლობის ნებართვას და გარანტირებულად იწყებს სახლის მშენებლობას.

თუ მშენებლობის დასრულების შემდეგ დარჩება გაუყიდავი ბინები და სესხი არ იქნება დაფარული, აჭარის მთავრობა ყიდულობს ამ ბინებს თვითღირებულებით და ფარავს ბანკის სესხს.

იმ შემთხვევაში კი, თუ ინვესტორმა აიღო სესხი, დაიწყო მშენებლობა და რაიმე მიზეზით მიატოვა, ამ დროს ბანკი იღებს სახლის მშენებლობის გაგრძელებისა და ექსპლუატაციაში შესვლის ვალდებულებას.

ნუგზარ ძნელაძის თქმით, მთავრობას აქვს ორი მთავარი ინტერესი, „ერთი, რომ ბარაკებისგან გათავისუფლდება ქალაქი და მოქალაქეებს შეექმნებათ ნორმალური საცხოვრებელი გარემო; და მეორე – ქალაქში არ დარჩება დაუმთავრებელი მშენებლობა, რომელიც, თავის მხრივ, არაერთ პრობლემას ქმნის, მათ შორის სოციალურს“.

რაც შეეხება ბინების გამოსყიდვას მთავრობის მიერ, ნუგზარ ძნელაძე ამბობს, რომ მოხდება ვალდებულებების შესრულება და თუ თავისუფალი ფართობები დარჩება, „ალბათ მთავრობა აუქციონზე გაიტანს. ან, თუ იქნება რაიმე სოციალური პროგრამა, რაღაც ნაწილს ამ პროგრამისთვის გამოიყენებს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ზემოაღნიშნული კომპანიები მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში ააშენებენ მრავალბინიან (ძირითადად 12-14 და ერთ 16-სართულიან) საცხოვრებელ კორპუსებს. ნუგზარ ძნელაძის განცხადებით, კი აქ არ არის საუბარი სართულებზე, თუ სად რამდენსართულიანი სახლი აშენდება, საუბარია კონკრეტულ ტერიტორიასა და პროექტზე: „გამონაკლისია ერთი კომპანია, რომელსაც სურს მშენებლობის ნებართვის მიღება ძველ ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩის მიმდებარედ, სადაც შეზღუდვაა რეგულაციებში და აქ მაქსიმალური სიმაღლეა 15 მეტრი. აქედან გამომდინარე, აქ არც K2-ის გადასახადი მოქმედებს“.

რაც შეეხება K2 მოსაკრებელს, კომპანიები მისი არგადახდით საკმაო შეღავათს მიიღებენ. ეს მოსაკრებელი (ტერიტორიის სიდიდის, შენობის მოცულობისა და არსებული კოეფიციენტის გათვალისწინებით) საშუალოდ 100 ლარია 1კვ/მ-ზე.

იმ ზონაში, სადაც ეს მოსაკრებელია გადასახდელი, შვიდი კომპანიაა მოხვედრილი, რომლებიც პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, მისი გადახდისგან გათავისუფლდებიან.

აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 11 ივნისს დაამტკიცა. პროგრამის, რომელიც მომდევნო წლებშიც უნდა გაგრძელდეს, მიზნებია: ბათუმში არსებული „ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობების მქონე შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა; მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; ქალაქის განაშენიანების განვითარება; ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება“.

აქვს თუ არა ბათუმის მერიას ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოყოფილი ისეთი ტერიტორიები (ე.წ. არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისი ადგილები), სადაც აღნიშნული პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი და რასაც შესთავაზებენ დეველოპერებს? – მოთხოვნის მიუხედავად ამ კითხვაზე პასუხი მერიისგან ვერ მივიღეთ.

უსახური შენობები და ბარაკები ქალაქის გარეუბნებშიც მრავლადაა, თუმცა ზემოაღნიშნული კომპანიები, როგორც ჩანს, ძირითადად ქალაქის ცენტრალური უბნებით დაინტერესდნენ. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, ყველა მაღლივი კორპუსის აშენების ნებართვას ითხოვს, რაც ბუნებრივია, კომპანიისთვის მეტი სარგებლის მოტანას ნიშნავს. ბათუმის ისტორიულ ზონაში მშენებლობის ნებართვის მიღებას კი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანხმობაც სჭირდება.

ბათუმი, ბარაკის ტიპის დასახლება. ფოტო 'ბათუმელების' არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი