სიახლეები

ქართველი ქირურგი სტამბულში

05.04.2015 • 4190
ქართველი ქირურგი სტამბულში

მანანა ნაგერვაძე (მარცხნიდან მეორე) კოლეგებთან ერთად
მანანა ნაგერვაძე (მარცხნიდან მეორე) კოლეგებთან ერთად

ქალბატონო მანანა, როგორ გახდით ერთ-ერთი წარმატებული კლინიკის მთავარი ქირურგი სტამბოლში? 

 

 

ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური აკადემია დავამთავრე. შემდეგ სწავლა განვაგრძე უკრაინაში სამედიცინო უნივერსიტეტში. იქ ორი წელი ვისწავლე, მერე ჩავედი სტამბოლში. სწავლის გაგრძელებას გერმანიაში – ჰამბურგში ვაპირებდი, იქ ახლობლები მყავს და დახმარებას შემპირდნენ. სტამბულში რამდენიმე თვით მომიწია გაჩერება. აქ არის გერმანელების კლინიკა, სადაც კასტინგი ტარდებოდა. უძველესი საავადმყოფოა, 1852 წელს გაიხსნა და წლების განმავლობაში გერმანელები მართავდნენ. ექიმები სჭირდებოდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, უცხოელები არა, რადგან იმ წლებში თურქეთში კლინიკაში უცხოელი ექიმის აყვანა ნებადართული არ იყო. მაინც მივედი კასტინგზე. გერმანული ვიცოდი, სკოლაში ვისწავლე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მთავარ ექიმს ასისტენტი სჭირდებოდა, გავესაუბრე. მიმიღეს პირობით –  შევხედავთ, რა როგორ იქნებაო. გარდა იმისა, რომ როგორც ექიმს გამოსაცდელი ვადა მომცეს, მოქალაქეობის საკითხი უნდა მომეგვარებინა. ოპერაციაზე შესვლის შემდეგ შეიკრიბენ ექიმები და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ავეყვანე. 

 

მუშაობა დავიწყე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქირურგის ასისტენტად, ეს იყო 2004-2005 წლები. პარალელურად ვსწავლობდი. აქ მუშაობა რომ დაიწყო, გამოცდები უნდა ჩააბარო, `დეინკლიქსს~ ეძახიან. მაგისტრატურა გავლილი მქონდა, მაგრამ ხელახლა უნდა ჩამებარებინა გამოცდები. ასეთი წესია, თურქეთის მოქალაქეც რომ იყო, თუ საზღვარგარეთ გაქვს განათლება მიღებული, მაინც უნდა ჩააბარო გამოცდები, სამუშაო რომ დაიწყო. ეს გამოცდა ანკარაში ჰაჯიტეპის უნივერსიტეტში ჩავაბარე და დღემდე გულ-სისხლძარღვთა ქირურგად ვმუშაობ, ახლა ქირურგიული განყოფილების ერთ-ერთი მთავარი ექიმი ვარ.

 

 როგორია ახლა თქვენი, როგორც მთავარი ექიმის დღის განრიგი?

 

დილით ექვს საათზე ვდგები, ნახევარ საათში ვემზადები, საავადმყოფოს აქვს ექიმების მომსახურების სერვისი, ამ სერვისის ფარგლებშია მანქანით მომსახურებაც. მისვლისთანავე გვაქვს ვიზიტი ავადმყოფებთან, შემდეგ პატარა კონფერენცია. განვიხილავთ მძიმე ავადმყოფის მდგომარეობას, ერთმანეთს მოსაზრებებსა და ინფორმაციას ვუზიარებთ. ყველაზე ცოტა სამი ოპერაცია გვაქვს დღეში. საღამოს სამსახურიდან წასვლამდე ავადმყოფებს ისევ მოვინახულებთ. ექვს საათზე ვასრულებ მუშაობას.

 

როგორ აკონტროლებს სახელმწიფო სამედიცინო სფეროს მომსახურების ხარისხს?

 

 ძალიან მკაცრად. სახელმწიფო და კერძო კლინიკები ერთნაირად კონტროლდება. როცა პაციენტი გვეღუპება, არ გვაქვს უფლება ის გადავცეთ ოჯახს მანამ, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო მიზეზებს არ დაადგენს. გვამის სრული გამოკვლევა ტარდება. უნდა გაეცეს პასუხი კითხვებზე – რატომ, რისთვის, რა მიზეზით დაიღუპა ავადმყოფი. ეს ყველაფერი წერილობით უნდა იყოს დადასტურებული. 

 

ამბობენ, რომ თურქეთში სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია…

 

„ალმანასტანი“ კერძო კლინიკაა, ყველაფერს არ აფინანსებენ, მაგრამ კარდიოლოგიაში, კარდიოქირურგიაში 40-50 პროცენტით შემოდის სახელმწიფო, ნახევარს პაციენტი იხდის. სახელმწიფო საავადმყოფოში სრული დაფინანსებაა, მაგრამ პაციენტი რიგში ეწერება და თვეობით ელოდება. ჩვენთან რომ მოდის ავადმყოფი, იმ დღესვე შეგვიძლია მისთვის ოპერაციის გაკეთება ან სხვა სახის მომსახურება. მთავრობის საავადმყოფოში კარგ პროფესორთან რომ გაიკეთო ოპერაცია, მინიმუმ ორი თვე უნდა ელოდო.

 

 სახელმწიფო საავადმყოფოში მომსახურების ხარისხი იგივეა? ან ექიმების პროფესიონალიზმზე რას იტყვით?

 

 პროფესიონალები კი მუშაობენ, მაგრამ მომსახურება უფრო დაბალი დონისაა. 

 

 მართალია, რომ საქართველოდან ჩამოსული პაციენტების უმეტესობის დიაგნოზი არ დასტურდება?

 

 ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა, მაგალითად, ერთმა ოჯახმა ბავშვი ჩამოიყვანა. მამას ბინა გაეყიდა. საქართველოში დაუდგინეს სისხლის გათეთრება, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სჭირდებოდა, მაგრამ გამოკვლევამ სულ სხვა დიაგნოზი აჩვენა, ეს იყო ტრომბოციტოპენია, რომელიც არანაირ თანხვედრაში არ იყო დიაგნოზთან. ეს არის სისხლის ისეთი დაავადება, როცა სისხლი თვითონ გამოიმუშავებს. შეიძლება გენეტიკურიც იყოს, მაგრამ ამ ბავშვს გენეტიკურად არ აღმოაჩნდა. დაუნიშნეს მკურნალობა და კონტროლის ქვეშ განიკურნება.

პროცენტულად რომ განსაზღვროთ, მაინც რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები?

 

ასიდან ოთხმოც შემთხვევაში დიაგნოზი არ ემთხვევა. საქართველოში ჩემს დასაც სიმსივნე უთხრეს ოთხი წლის წინ, მაგრამ არანაირი სიმსივნე არ აღმოაჩნდა, უბრალოდ, კისტა იყო. ასევე პაციენტს, რომელიც საქართველოში დიალეზზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც ბავშვს თირკმელი გაეთიშა, აღმოჩნდა, რომ მილებში ჰქონდა კენჭები, გაუწმინდეს და ბავშვმა სამი დღის შემდეგ შარდვა დაიწყო.

 

 თქვენთან მომსახურება რა ღირს?

 

 ჩემს კლინიკაში ძალიან ძვირია მომსახურება, მხოლოდ საწოლი 1200-1500 თურქული ლირა ღირს. ხშირად მიკავშირდებოდნენ პაციენტების ახლობლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყველას ვეხმარებოდი. რამდენიმეს შევურჩიე პროფესორი სახელმწიფო საავადმყოფოში და იქ გავუკეთეთ გამოკვლევები, რადგან უფრო ნაკლები დაეხარჯებოდა. როდესაც ჩამოდის ავადმყოფი დიაგნოზით, პირველ რიგში, მას უდგენენ ნადვილად აქვს მას ეს დაავადება თუ არა. „პეტსკანით“ დგინდება ორგანიზმის სხვა ნაწილში აქვს თუ არა სიმსივნის უჯრედი ან მეტასტაზები. ეს ძვირი უჯდება პაციენტს -1500 დოლარამდეა. მთლიანად გამოკვლევა კი, სამიდან ხუთი ათას დოლარამდე ჯდება. ამის შემდეგ მას ექნება ზუსტი დიაგნოზი. შემდეგ ავადმყოფი თავად გადაწყვეტს, გააგრძელებს მკურნალობას, თუ არა.

 

ქართველებს, აზერბაიჯანელებს წლების განმავლობაში ვეხმარებოდი, დამყავდა კლინიკებში, ვურჩევდი კარგ ექიმებს. შემდეგ, რადგან ასეთი მოთხოვნა იყო, გადავწყვიტე ამ ადამიანების დახმარების მიზნით გამეხსნა ცენტრი. საავადმყოფოებთან ხელშეკრულებას დავდებდი და პაციენტებს უფრო ნაკლებ ფასად მკურნალობის საშუალება მიეცემოდათ. უკვე გვაქვს ხელშეკრულება სანკტ-პეტერბურგის რამდენიმე კლინიკასთან, ყაზანთან, საქართველოში „ავერსთან“ ვაპირებ თანამშრომლობას.

 

არ გეგმავთ სამომავლოდ საქართველოში იმუშაოთ?

 

 ჯერჯერობით სტამბოლში დავრჩები, პარალელურად ხარისხის დაცვას ვაპირებ. საქართველოს ამ წუთას ასე ვეხმარები. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაპირებ, მაგრამ ჯერჯერობით აქ ვარ. დღეს საქართველოს მოქალაქეც კი აღარ ვარ. მომავალში, რა თქმა უნდა, მინდა ჩამოვიდე და ჩემი გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო. 

 

 ანაზღაურება როგორია თქვენს კლინიკაში, თუ საიდუმლო არ არის?

 

 დამწყები ექიმის ხელფასი 7 ათასი თურქული ლირიდან იწყება. პროფესორის ხელფასი კი თვეში 22-25 ათასი ლირაა.

გადაბეჭდვის წესი