სიახლეები

ხანძარმა ქობულეთში სოციალურად დაუცველების სახლი გაანადგურა

02.04.2015 • 1654
ხანძარმა ქობულეთში სოციალურად დაუცველების სახლი  გაანადგურა

 

დამწვარი სახლის მესაკუთრე ხვიჩა შაინიძე ამბობს, რომ ხის სახლი, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ოთხი წლის წინ ააშენა. „მიწა სიდედრმა მომცა. სოციალურად დაუცველი ვართ. ხანძრის დროს გამგებელი მოვიდა და გვითხრა, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ მერე გვითხრეს, რომ სახლი უკანონოდ მაქვს აშენებული და ვერ დაგვეხმარებიან“, – ყვება ხვიჩა შაინიძე.

 

ხვიჩა შაინიძე ამბობს, რომ სახლის დაწვის შემდეგ მეზობელთან ცხოვრობენ – „ერთი საძინებელი მოგვცა და იქ ვიძინებთო“.

 

ბოლო ორი წელია აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ეხმარებიან. შაინიძეების ოჯახის შესახებ ინფორმაცია ქობულეთის გამგეობამ უნდა შეაგროვოს, რასაც შემდგომ აჭარის მთავრობას მიაწვდის. სწორედ ამის შემდეგ მსჯელობს მთავრობა დაეხმარება თუ არა დაზარალებულს – პროცედურის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე აწვდის.

 

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ამბობს, რომ იცის სოფელ გელაურში მომხდარი ხანძრის შესახებ, მაგრამ ვიდრე შს სამინისტრო არ გასცეს შესაბამის ცნობას, მანამ შაინიძეებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს აჭარის მთავრობას ვერ წარუდგენს. „ეს დასკვნა ჯერ არ გვაქვს“, – ამბობს გამგებელი.

 

თუმცა, შაინიძეები ამბობენ, რომ ქობულეთის პოლიციიდან სათანადო ცნობა მათ უკვე მისცეს, რასაც შს სამინისტროშიც ადასტურებენ. „მოქალაქემ მიმართა ქობულეთის პოლიციას აღნიშნული ცნობისთვის გუშინ. ცნობა, რომელიც მას სჭირდებოდა გამგეობაში წარსადგენად, დაუყოვნებლივ გაიცა“, – განმარტავენ შს სამინისტროს პრესცენტრში.

 

ხვიჩა შაინიძის თქმით, პოლიციიდან გაცემული ცნობა და ნახანძრალ ადგილზე გადაღებული ფოტოსურათები ქობულეთის გამგეობაში გუშინვე მიიტანეს.



გადაბეჭდვის წესი


ასევე: