სიახლეები

ვინ არიან ისინი, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” გაუქმებას ითხოვენ

25.03.2015 • 1756
ვინ არიან ისინი, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” გაუქმებას ითხოვენ

 ბათუმი, 12 მარტი, აქცია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან

ვინ არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ენმ-ის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) გაუქმებას ითხოვენ? რატომ აქტიურდებიან ისინი ერთდროულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა თუ თბილისში და თანაც სწორედ მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ქუჩის აქციების სამზადისშია? რა არის მათი შემოსავლის წყარო? რა კავშირი აქვთ მათ ხელისუფლებასთან, ძალოვან უწყებებთან? რა პროექტებს ახორციელებენ ისინი?

ბოლო დროის ერთ-ერთი პროექტი – პრიალა ფურცელზე დაბეჭდილი ფოტოკოლაჟი, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება, ფურცლის ხარისხის მიხედვითა და გავრცელების არეალით თუ ვიმსჯელებთ, იაფი არ უნდა დამჯდარიყო. ამ პლაკატების მომზადება დააფინანსა ორგანიზაციამ სახელწოდებით – “ყველა თაობა საქართველოსთვის”. ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია 2014 წლის 24 თებერვალს, პოლიტპატიმრებს აერთიანებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი – მერაბ თორია ამბობს, რომ არ ახსოვს რამდენი ერთეული პლაკატი დაბეჭდეს ან რა დაჯდა მისი გავრცელება. “დოკუმენტებში უნდა ჩავიხედო და გეტყვით”, – უთხრა მან “ბათუმელებს”.
მერაბ თორიას თქმით, მას არც ენმ-ის მამხილებელი ფილმის ჩვენებისთვის გახარჯული თანხის ოდენობა ახსოვს.

“ყველა თაობა საქართველოსთვის” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათ ორგანიზაციას ბიზნესი აფინანსებს. “ქართველები არიან დონორები, ბიზნესშემოწირულობები, ზოგი მცირე შემოწირულობაა, ზოგი ცოტა უფრო მეტი”, – ამბობს მერაბ თორია. ორგანიზაციას ხუთი დამფუძნებელი ჰყავს. ინტერნეტსივრცეში არსებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ორგანიზაცია მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მუშაობით არის დაკავებული. მათ წესდებაში, სხვადასხვა მიზანთან ერთად, ერთ-ერთ უმთავრესად მითითებული აქვთ “ღირსებით აღსავსე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების ხელშეწყობა”.

ენმ-ის ყველაზე აქტიურად მაინც ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” ებრძვის. ორგანიზაციას ოთხი დამფუძნებელი ჰყავს, მათ შორის გამოკვეთილი ლიდერი ვლადიმერ სადღობელაშვილია. ორგანიზაციას არ აქვს ვებგვერდი, შესაბამისად, არც იმის შესახებ არის ცნობილი, რა პროექტებს ახორციელებს, ან ვინ არის მისი ფინანსური მხარდამჭერი. წესდების მიხედვით, ამ ორგანიზაციის მიზნებია: საქართველოს მასწავლებლების, პროფესორ-მასწავლებლების, მოსწავლეების, სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვა ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ასევე, ზემდგომ ორგანოებს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულება; მოსახლეობაში ქრისტიანული მართლმადიდებლობის ღირებულებების დაცვა და განმტკიცება; ზრუნვა ქართული ენის, დამწერლობის პოპულარიზაციასა და მათ მიმართ პატივისცემის დამკვიდრებაზე”.

“თავისუფალი თაობა” დაფუძნდა 2014 წლის 13 ნოემბერს. ორგანიზაციას ოფისი აქვს ბათუმშიც. ვლადიმერ სადღობელაშვილმა ოფისი ბათუმში სამჯერ გახსნა – პირველად რეგიონში ხელმძღვანელად ჯემალ დუაძე გამოაცხადა, ხოლო შემდეგ – ვახტანგ მითაიშვილი. ვახტანგ მითაიშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ორგანიზაციას ბათუმში 100-ზე მეტი წევრი ჰყავს.

“აქედან შვიდი-რვა ადამიანი ვიღებთ ხელფასს, მათ შორის მეც ვიღებ ხელფასს. რაც შეეხება ოფისის იჯარას – ყოველთვიურად 1 000 ლარს ვიხდით”, – ამბობს ვახტანგ მითაიშვილი, რომელიც მისივე თქმით, ბათუმის მერიის ერთ-ერთ სამსახურში სპეციალისტად მუშაობს. რაც შეეხება ორგანიზაციის ბათუმის ოფისის ზოგად ბიუჯეტს, ვახტანგ მითაიშვილის თქმით, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სახის აქციებს მართავენ და რამდენად მასშტაბურია ესა თუ ის აქცია.

ვახტანგ მითაიშვილი ირწმუნება, რომ მათ ორგანიზაციას ფინანსურად მხარს უჭერენ ის ბიზნესმენები, “რომლებიც ნაციონალურ მოძრაობაზე გაბრაზებულნი არიან”.

ვახტანგ მითაიშვილი ბოლო პერიოდში აგორებული სკანდალების გამო სამსახურიდან, ამ შემთხვევაში ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოდან წასვლას არ აპირებს. ის სააგენტოში სპეციალისტად მუშაობს. მითაიშვილი ამბობს, რომ სამსახურთან შეუფერებელი არაფერი გაუკეთებია (გასულ კვირას ვახტანგ მითაიშვილმა და მისმა მეგობრებმა აქცია გამართეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – ჯემალ ფუტკარაძის სახლთან, რასაც დეპუტატმა შეურაცხმყოფელი უწოდა).

გასულ კვირას მერიის კიდევ ორი სამსახურის სამი თანამშრომელი, როგორც მოძალადე, ისე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბათუმის მერიის ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურის უფროსი გიორგი თუშმანიშვილი, ამავე სამსახურის თანამშრომელი მერაბ ღოღობერიძე (ინციდენტის შემდეგ ღოღობერიძემ სამსახური დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე) და მერიის კულტურის ცენტრის თანამშრომელი გუჯა აგირბა. სამივე მოხელე “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” თავს დაესხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს პეტრე ზამბახიძეს.

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ შეურაცხყოფენ დეპუტატს, მათ შორის ფიზიკურადაც, შს სამინისტრო ამ დრომდე აცხადებს, რომ “ფაქტზე მოკვლევა არ დამთავრებულა”. ბათუმელების ინფორმაციით კი, რომელიც ინფორმირებულ წყაროებს ეფუძნება, შს სამინისტრო აპირებს პეტრე ზამბახიძეზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა და კვერცხების დაშენის ფაქტი განიხილოს როგორც გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, თავდამსხმელებს პრაქტიკაში დამკვიდრებული 100 ლარითაც კი არ დააჯარიმებენ.

 

უმაღლესი საბჭოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, პეტრე ზამბახიძეს კვერცხები ესროლეს
უმაღლესი საბჭოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, პეტრე ზამბახიძეს კვერცხები ესროლეს

მედიით გავრცელებულ კადრებს დეპუტატზე თავდასხმად არც ბათუმის არჩეული მერი მიიჩნევს. ის ამბობს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ქცევაზე პასუხის მოთხოვნის უფლება იქიდან გამომდინარე არ აქვს, რომ ინციდენტი არც სამუშაო საათებში მომხდარა და არც სამუშაოს ტერიტორიაზე. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი განათლებით იურისტია, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ლექციებსაც კითხულობდა თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. შესაბამისად, გამორიცხულია არ იცოდეს ბათუმის მერმა კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, რომლის 78-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტში დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით პირდაპირ წერია: “ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ”.

გიორგი ერმაკოვის სიტყვებს “ბათუმელებთან” უცვლელად იმეორებს კულტურის ცენტრის უფროსი ჯონი საბაშვილი. კითხვაზე – აპირებს თუ არა გაათავისუფლოს სამსახურიდან თანამშრომელი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც ძალადობრივი აქცევის მონაწილე, ამბობს რომ – არა. ჯონი საბაშვილი თავის მოტივაციას ასე აკონკრეტებს: “მაგას რამე დანაშაული რომ ჰქონოდა, პოლიციამ წაიყვანა და გამოუშვა. ესე იგი, არაფერი დანაშაული არ ჩაუდენია, ხომ?”

გიორგი თუშმანიშვილი და გუჯა აგირბა, როგორც თავად ამბობენ, დღემდე არიან “ქართული ოცნების” ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.

რას ნიშნავს ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის, მისი თანამშრომლების ეს განცხადებები ან შს სამინისტროს მიერ ღია ძალადობის ფაქტზე “ხანგრძლივი მოკვლევა”? – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია ადამიანის უფლებებზე მუშაობენ, ეს მიდგომა აშფოთებთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობრივი ქმედება და მასზე ოპერატიული რეაგირების უქონლობა, ჰგავს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის შეთანხმებას, არ დაისაჯოს გარკვეული სახის ძალადობა, უფრო მეტიც – ის იქნას წახალისებული.

 

ზუგდიდი, აქცია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან
ზუგდიდი, აქცია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან

მართლაც, დეპუტატ ზამბახიძის მიმართ ჩადენილი ძალადობიდან დროის გასვლის შემდეგაც, გიორგი თუშმანიშვილი ამბობს, რომ ის, რაც მან გააკეთა, თავდასხმა არ ყოფილა და არც სამსახურიდან წასვლას აპირებს. კითხვაზე – “ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ დეპუტატ პეტრე ზამბახიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდათ სუს-მა, იქნებ გვითხრათ, საიდან გაიგეთ, რომ პეტრე ზამბახიძე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმყოფებოდა, გიორგი თუშმანიშვილი ამბობს:

“სპეცსამსახურების მითითებები ყოველგვარ საზიზღრობებს თვითონ აკეთებდნენ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იყო პეტრე ზამბახიძე, ჩვენ შევიტყვეთ ქალაქიდან”.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ენმ-ის მუშაობის აკრძალვაა, “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის” სახელწოდებით არის ცნობილი. ორგანიზაციას ხუთი დამფუძნებელი ჰყავს, ლიდერი კი – გოდერძი ოთარაშვილია. მისი თქმით, “ორგანიზაციას ჰყავს სადროშოები ქვეყნის მასშტაბით, რომელიც, ჯამში, რამდენიმე ათას წევრს აერთიანებს და დაპირისპირების შემთხვევაში, რეგიონებიდან 6 ათასი ადამიანის მობილიზება შეუძლია”. კითხვაზე, თუ ვინ აფინანსებს ორგანიზაციას, ოთარაშვილი პასუხობს – “არიან ადამიანები ჩვენ შორის და ჩვენი შრომით ვაგროვებთ და ასე გაგვაქვს თავი”. წესდების მიხედვით, ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანი სახელმწიფოში სამართლიანობის აღდგენის განვითარებაა.

ენმ-ის გაუქმებაზე თუ აკრძალვაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაერთიანების სახელწოდებაა “ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისთვის”, რომელსაც მოგვიანებით კოალიცია “ერთსულოვნება”ეწოდა.

კოალიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მიხეილ ანდღულაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ კოალიციაში 300-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული:

“ჩვენთან არის დაახლოებით 60-70-წევრიანი სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი რეზო ჩხეიძე. არის უხუცესთა საბჭო. არის სასულიერო დასი, მამაოები არიან ჩაბმული ჩვენს სივრცეში, არის ახალგაზრდული ფრთა. არის საზოგადოებრივი კოლეგია, რომელშიც 60-მდე მეცნიერი და აკადემიკოსია შემოსული. ისინი უშუალოდ, დოკუმენტურად ადგენენ იმ საბუთებსა და საფუძველს, რომელზედაც ჩვენ ვართ, არის მმართველობითი რგოლი, რომელიც ძირითადად თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და სამსახურების ხელმძღვანელებით არის და ასევე არის რეგიონული სტრუქტურა საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 53 რაიონში გვყავს წარმომადგენლობა”.

კოალიცია “ერთსულოვნების” ხელმძღვანელი მიხეილ ანდღულაძე ამბობს, რომ მათი საქმიანობის მთავარი მიზანი ენმ-ის გაუქმებაა: “სააკაშვილის უმსგავსოების გასაპროტესტებლად 2012 წლის 11 ნოემბერს ჩამოყალიბდა ჩვენი კოალიცია, პირველი კონფერენცია მაშინ გვქონდა. საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები შეიკრიბნენ და წარმოაჩინეს, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ ეს კოჰაბიტაციური ხელისუფლება იყო დამანგრეველი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და მით უმეტეს, კიდევ ის, რომ საკონსტიტუციო ვადის ამოწურვის მიუხედავად, პრეზიდენტი აპირებდა პრეზიდენტობას კიდევ 10 თვის განმავლობაში.

ამიტომ დავიწყეთ ჩვენ მისი გადადგომის მოთხოვნა. მილიონ-ნახევარი ხელმოწერა შევაგროვეთ საქართველოს მასშტაბით, რათა ეს უმსგავსობა არ განხორციელებულიყო, მაგრამ არ დაგვიჯერა ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ჩვენი შეძახილი. ახლა უკევ არც არავინ არ დავობს და ის კი არა, ბრალდებებიც აქვს წაყენებული ამ ადამიანს ამ უმსგავსოების შედეგად გაფლანგული ბიუჯეტის სახსრებისა და მილიარდებია გატანილი საქართველოდან”.

მიხეილ ანდღულაძე ვარაუდობს, რომ ახლა მაინც დაუგდებს ყურს მათ ხმას ხელისუფლება: “ასეთივე შეძახილით ვაცხადებთ დღესაც, რომ ნაციონალური მოძრაობა არის გასაუქმებელი”.

რაც შეეხება კოალიციის ფინანსურ წყაროს, მიხეილ ანდღულაძე ირწმუნება, რომ მათი კოალიცია წევრების შემოწირულობებით არსებობს: “ეს არის ინდივიდუალურ საწყისებზე, ვინც რასაც შევძლებთ და რასაც წარმოვადგენთ… ყველა წევრს ვერ ჩამოვთვლი, შორს წაგვიყვანს ამაზე ლაპარაკი – გაწევრიანებული არის საქართველოს ავღანელთა კავშირი, საქართველოს ჩოხოსანთა დარბაზი, საქართველოს უხუცესთა დარბაზი, ქალთა მოძრაობა მანდილიონი, კავკასიის ხალხთა ანსამბლი”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილ არაერთ ორგანიზაციას უწოდებს, როგორც ხელისუფლებისგან მართულს. ბოლო წლებში დაფუძნებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია განსაკუთრებით ორგანიზებულად ენმ-ს ებრძვიან თბილისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. კახეთში, სამცხეთ-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე ჟურნალისტებმა “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მსგავსი მიზნების არასამთავრობო ორგანიზაციები ამ რეგიონებში ჯერ არ არსებობს.

გადაბეჭდვის წესი