სიახლეები

გამოცდები მასწავლებლებისთვის

20.03.2015 • 1430
გამოცდები მასწავლებლებისთვის

 

ახალი სქემით პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი ყველა არასერტიფიცირებულ მოქმედ მასწავლებელს მიენიჭა.
საგნობრივი გამოცდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში ჩატარდება. გამოცდის ჩაბარება მოუწევს საბაზო საფეხურის (I-VI კლასები) ყველა არასერტიფიცირებულ მასწავლებელს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ასევე ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები).
VII-XII კლასების მასწავლებლები გამოცდას ჩააბარებენ შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია (სამოქალაქო განათლება. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ქართული, როგორც მეორე ენა). მასწავლებლებმა გამოცდა უნდა ჩააბარონ ესთეტიკური აღზრდის საგნებში: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი სქემით, საჯარო სკოლებში მომუშავე ყველა არასერტიფიცირებული მასწავლებელი ფლობს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს. იმისათვის, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა იერარქიულ კიბეზე ერთი საფეხურით აინაცვლონ და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღონ, საჭიროა კრედიტქულების დაგროვება. საგნობრივი გამოცდის ჩაბარება ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სავალდებულოა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მასწავლებლები მიიღებენ 10 კრედიტქულას. იმისთვის კი, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღონ, 19 კრედიტქულაა საჭირო. დანარჩენი 9 ქულის მიღება კი საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებით (4 კრედიტქულა) და პროფესიული განვითარების კურსის (5 კრედიტქულა) გავლითაა შესაძლებელი.

 

პროფესიული განვითარების კურსები, რომელიც პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უნდა გაიაროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა დაწესებულების მიერ უნდა იყოს ორგანიზებული. სხვა დაწესებულების მიერ განხორციელებული პროფესიული განვითარების კურსი აუცილებელია იყოს აკრედიტებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად, კრედიტქულები ოთხი წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს.
იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი სამი წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს საგნის გამოცდას, ან ჯამში ვერ დააგროვებს 19 კრედიტქულას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გაწყვიტოს მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია.

 

ახალი სქემით მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეუძლია ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ნებისმიერ პირს.

 

მასწავლებლობის მსურველებს მიღებული უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი. ამასთან მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად უნდა ჰქონდეთ გავლილი მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამის გავლის შემდეგ მასწავლებლობის მსურველებს შეუძლიათ სკოლაში მუშაობის დაწყება უფროსი მასწავლებლის სტატუსით, ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: