Batumelebi | კლასში ჩარჩენილები კლასში ჩარჩენილები – Batumelebi
RU | GE  

კლასში ჩარჩენილები

 

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ბათუმის საჯარო სკოლებში კლასში 273 მოსწავლე ჩარჩა. აქედან, 116 მოსწავლე ექსტერნის გამოცდაზე არ გავიდა, 157-მა კი გამოცდები ვერ დაძლია. სკოლებში აცხადებენ, რომ ჰყავთ სტატუსშეჩერებული მოსწავლეებიც. თუმცა, მათ შესახებ ზუსტი მონაცემები ბათუმის რესურსცენტრს ამ დროისთვის არ მოეპოვება. რესურსცენტრში განაცხადეს, რომ სტატუსშეჩერებული მოსწავლეების აღრიცხვა წლის ბოლოს დაიწყება. 

გაკვეთილი ბათუმის საჯარო სკოლაში. მანანა ქველიაშვილის ფოტო

რატომ გაიზარდა სკოლებში გაცდენების მაჩვენებელი და რა ინფორმაციას ფლობენ სკოლები იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებიც სამი თვის განმავლობაში გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ? მიზეზების გარკვევას რამდენიმე სკოლის მაგალითზე შევეცადათ.

ბათუმის მე-11 საჯარო სკოლაში ექსტერნის გამოცდაზე 42 მოსწავლე გავიდა. აქედან, გამოცდები თორმეტმა მოსწავლემ ვერ დაძლია – ისინი კლასში ჩარჩნენ. ჩარჩენილებიდან შვიდ მოსწავლეს მიმდინარე წლის თებერვალში სკოლამ მოსწავლის სტატუსი შეუწყვიტა, რადგან ისინი სკოლაში სამი თვის მანძილზე არ გამოცხადდნენ. სკოლის დირექტორის, მანანა მიქელაძის განცხადებით, მოსწავლეების სკოლაში გამოუცხადებლობის მიზეზი სხვადასხვაა:

„ზოგთან მიზეზი სოციალური მდგომარეობაა, არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც არ ემორჩილებიან არც სკოლას და არც მშობელს. ზოგი სპორტსმენია, ზოგი ცეკვავს და უგროვდებათ გაცდენები“.

მე-13 საჯარო სკოლაში მოსწავლის სტატუსი ოთხ მოსწავლეს შეუჩერდა, ერთი კი კლასში ჩარჩა. სტატუსშეჩერებული მოსწავლეები მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასელები არიან. „არ ვიცი, სად არიან ეს ბავშვები. როგორც მითხრეს, ქალაქში არ არიან და სამუშაოდ არიან წასული“, – ამბობს სკოლის დირექტორი დავით ჩხაიძე.

ცხრა მოსწავლე ჩარჩა კლასში ბათუმის პირველ საჯარო სკოლაშიც. დირექტორის – მედეა გვენეტაძის განცხადებით, მოსწავლეების მხრიდან გაკვეთილების გაცდენების მიზეზი სიზარმაცეა: „ჩემთან აკადემიური მოსწრების გამო არ ჩარჩენილან, სიზარმაცის გამო არ დადიოდნენ“.
დირექტორის თქმით, „არ“-ების დაგროვების მიზეზი ხშირად სისტემაა, რადგან მოსწავლეს „არა“ გაკვეთილზე რამდენიმეწუთიანი დაგვიანების შემთხვევაშიც ეწერება: „მოსწავლე ესწრება გაკვეთილს, მაგრამ რადგან დააგვიანა, „არა“ უკვე დაწერილია“.

დირექტორები ამბობენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო პროცესებში არასდროს ჩარეულა. ამ ინფორმაციას აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოშიც გვიდასტურებენ, ამიტომ უცნობია, რამდენი მოსწავლის განათლების მიღების უფლება დაირღვა სოციალური თუ სხვა მიზეზით.

„ჩვენ მშობლებს ვაფრთხილებთ და ისინიც ხელს აწერენ შეტყობინებას, მაგრამ ყველა ბავშვი არ არის მორჩილი“, – ამბობს მედეა გვენეტაძე.

რატომ აცდენენ მოსწავლეები გაკვეთილებს და სად იღებენ ისინი განათლებას? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად რამდენიმე მოსწავლეს გავესაუბრეთ.

მე-12 კლასელი მარიამი ამბობს, რომ მისი მხრიდან სკოლის გაცდენის მიზეზი უინტერესო გაკვეთილებია: „ერთი პერიოდი დეპრესია მქონდა, რადგან სხვა ქალაქში ვცხოვრობდი და ადაპტაცია სწრაფად ვერ მოვახერხე. ამიტომ, კაფეში მივდიოდი ან მეგობართან, ზოგჯერ ვრჩებოდი სახლში. სკოლაში თავს კარგად ვერ იგრძნობ, რადგან საინტერესო გაკვეთილები და საინტერესო მასწავლებლებიც იშვიათია“.

მარიამის აზრით, გაკვეთილები მონოტონურია და ინტერესს კარგავს: „არც სკოლის შინაგანაწესს ვეთანხმები, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მკაცრია. არ მაკმაყოფილებს მასწავლებლების განათლების დონე, ერთ მასწავლებელს ვერ იპოვი, რომ მასთან დისკუსია მოგინდეს. ხშირად სკოლა ცუდ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე, რადგან არის შემთხვევები, როცა ამოიჩემებენ რომელიმე „ცუდ“ მოსწავლეს და იძახიან, რომ მისგან არაფერი გამოვა და შემდეგ ყველა იმავეს იმეორებს“.

მარიამი ამბობს, რომ კითხვა უყვარს და გაკვეთილები საინტერესო რომ იყოს, მოსწავლეები ასე ხშირად არ გააცდენდნენ: „ჰარუკი მურაკამი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია, ამბობდა, რომ ერთადერთი, რაც სკოლაში ვისწავლე, არის ის, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი რაღაცები არ ისწავლება. ვფიქრობ, რომ სკოლაში მნიშვნელოვანს ვერაფერს ვიღებ“.

ერთ-ერთი სკოლის მე-9 კლასელი თანაკლასელის ხშირი გაცდენის მიზეზებზე გვესაუბრა. „ის ბიჭი თავიდან ძალიან კარგად სწავლობდა, თუმცა ბოლო დროს შეიცვალა. მეუბნება, რომ თუ სკოლაში არ ივლის, უფრო „მაგარი ტიპი“ იქნება და სხვა ბიჭებს დასცინის. დიდი ხანია არ გამოჩენილა, როცა მოდის, მაშინაც არ შემოდის გაკვეთილებზე. დამრიგებელი ნერვიულობს და ვიცი, რომ მშობლებსაც ეკონტაქტება, მაგრამ მშობელი ამბობს, მე რა ვუყო, გავუშვებ სოფელში და იქ ისწავლისო“.

კლასში ჩარჩენილი ქალაქელი ბავშვების სოფლის სკოლებში გადასვლის შემთხვევებს ბათუმის რესურსცენტრშიც ადასტურებენ. „ზოგს რცხვენია თანაკლასელების, რომ ჩარჩნენ და საბუთები სოფლის სკოლებში გადააქვთ. ზოგი საერთოდ აღარ აგრძელებს სწავლას, ზოგი ისევ სიაშია, მაგრამ მაინც არ დადის და ა.შ.“, – გვეუბნება რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე.

რას ნიშნავს, როცა მოსწავლე გამოცდებს ექსტერნად აბარებს და არ დადის გაკვეთილებზე, კარგავს თუ არა ამ დროს სკოლა თავის ფუნქციას? – ილიას უნივერსიტეტის განათლების მკვლევარის სიმონ ჯანაშიას შეფასებით, რამდენიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე: „ერთია ის, რომ სახელმწიფო ამ მოსწავლეებისგან ისეთ რამეს ითხოვს, რისი შესრულებაც სკოლაში შეუძლებელია. მაგალითად, მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარება სკოლის საფუძველზე, მაშინ როცა, გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის გაცილებით მეტი ცოდნა გესაჭიროება, ვიდრე სკოლაში შეიძლება მოგცენ.“

სიმონ ჯანაშიას თქმით, ის მოსწავლეებიც კი, ვინც საუკეთესო სკოლებში სწავლობენ, რეპეტიტორთან ემზადებიან. „სკოლაში დადიან მხოლოდ სოციალიზაციისთვის, რომ გაიცნონ მეგობრები, გახდნენ მოქალაქეები, შეისწავლონ ზოგადად ენა და ა.შ. რეპეტიტორთან კი დადიან კონკრეტული მიზნით. ბუნებრივია, ეს არ არის ნორმალური. სახელმწიფოს პრობლემა არის გამოცდების სისტემა, რომელიც მოსწავლეს განაწყობს, რომ სკოლიდან წავიდეს. სკოლებსაც აწყობთ ეს, რადგან ისინი ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ, რომ მათ მაღალი შედეგები აქვთ. ურჩევნიათ მოსწავლეს უთხრან `წადი~, ან `ჩაგტოვებ კლასში~ და მერე ექსტერნი შეგაფასებს, ვიდრე თავად აიტკიონ თავი“.

ჯანაშიას აზრით, პრობლემის მოგვარების გზა გამოცდების მიმართ სახელმწიფოს მიდგომების შეცვლაშია: „სახელმწიფო ქმნის უფრო და უფრო მეტ ბარიერს, რომელიც არაფრის მომტანია და მთელი ეს სისტემა ემსგავსება ბარიერების გადალახვის თამაშს. სახელმწიფოს ჰგონია, რომ თუ ბარიერს არ შემოიღებს, არავინ ისწავლის, ამ დროს კი, პირიქით ხდება“.

კანონის მიხედვით, მოსწავლეს, რომელიც 90 დღის განმავლობაში არ გამოცხადდება სკოლაში, სტატუსი უჩერდება. ხოლო მოსწავლე, რომელიც ერთ საგანში დათმობილი საათების 30 პროცენტს გააცდენს, მასწავლებლის მიერ არ ფასდება და გამოცდას ექსტერნად აბარებს. გასულ წელს გამოცდების ექსტერნად ჩაბარების მსურველი ათასამდე მოსწავლე დარეგისტრირდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე