სიახლეები

დემოკრატიის ინსტიტუტი აჭარის მთავრობას უკანონოდ შესახლებულთა პრობლემის დროულად გადაჭრისკენ მოუწოდებს

18.03.2015
დემოკრატიის ინსტიტუტი აჭარის მთავრობას უკანონოდ შესახლებულთა პრობლემის დროულად გადაჭრისკენ მოუწოდებს

 

„2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები ასობით ოჯახმა თვითნებურად დაიკავა. უკანონოდ აშენდა ფიცრულები და კაპიტალური სახლები. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ არაერთი კომისია შექმნა, რამდენჯერმე შეისწავლა ’’შესახლებულები’’, მათი იქ ყოფნის მიზეზები და საჭიროებები, სამწუხაროდ, დღემდე არ არის მიღებული გადაწყვეტილება ამ ოჯახების სამომავლო ბედის შესახებ.


მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ უმოკლეს ვადაში უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უნდა გამოსცეს აქტი, რომლითაც დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახებისათვის თავშესაფრის გამოყოფის მიზნით;

– ’მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვროს თავშესაფრის გარეშე დარჩენილთათვის გასაწევი დახმარების ფორმები, ვადები და რესურსები. მათ შორის დეტალურად განისაზღვროს გრძელვადიანი (კაპიტალური შენობა-ნაგებობა) და მოკლევადიანი (არაკაპიტალური, დროებითი კონსტრუქცია) თავშესაფრის მოწყობისთვის უმოკლეს დროში განსახორციელებელი ღონისიებები;

 მთავრობამ მუნიციპალიტეტების მონაწილეობით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მათთვის უკვე ცნობილი თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტის მიზნით (შესახლებულები და სხვა პირები);

მთავრობამ საჯაროდ განაცხადოს, თუ რა პროცედურით უნდა მიმართოს თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა ოჯახმა დახმარებისათვის (იმის მიუხედავად, სადმე შესახლებულია, თუ არა);

მთავრობამ  უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყველა დაინტერესებული სუბიექტის (თავშესაფრის გარეშე დარჩენილი/სტატუსის მაძიებელი) საკითხის ინდივიდუალურად განხილვა და მათი მონაწილეობის შესაძლებლობა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში;

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესის მონაწილე ყველა პირს ’’მთავრობის’’ გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს წერილობითი ფორმით და განემარტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა;


მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე თავშესაფრის გარეშე დარჩენილ პირებს გადაწყვეტილების მიღებისთანავე გამოეყოთ თავშესაფარი (გრძელვადიანი, მოკლევადიანი), ხოლო ამ პროცესის დასრულებისთანავე ხელისუფლებამ დროულად უზრუნველყოს ყველა უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოთავისუფლება.

 

აუცილებლად მიგვაჩნია, უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობით ინიციატივით მოეწყოს გადაწყვეტილების მიმღები დაწესებულებებისა და საკითხზე მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების სამუშაო შეხვედრა და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ზემოთაღნიშნული მეთოდით თავშესაფრის გარეშე დარჩენილთა მხარდაჭერის მიზნით.

 

აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაში აუცილებლად უნდა მონაწილებდნენ:

 

– აჭარის არ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
– აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარე;
– აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი;
– აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (მოადგილე);
– ბათუმის მერი; ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს გამგებლები;
– შსს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი;
– საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები;
– სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.



დემოკრატიის ინსიტუტი მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო და სამოქალაქო ორგანიზაციასთან თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახებისათვის უმოკლეს ვადაში, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე მხარდაჭერის მიზნით“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 


გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.