Batumelebi | ბათუმში ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიის შეძენას „თიბისი ჰოლდინგი“ გეგმავს ბათუმში ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიის შეძენას „თიბისი ჰოლდინგი“ გეგმავს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიის შეძენას „თიბისი ჰოლდინგი“ გეგმავს

 

აჭარის მთავრობა ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიის გასხვისებას გეგმავს. ადგილით „თიბისი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი მოლ დეველოპმენტია“ დაინტერესებული. გადაწყვეტილებას ქონების გასხვისებაზე ბათუმის საკრებულოს გავლით მიიღებენ, რადგან ქონების მფლობელი თვითმმართველი ქალაქი ბათუმია.

 

 

აჭარის მთავრობა ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული 49319 კვ.მ  (საკადასტრო კოდი #5.27.05.014) და  27522 კვ/მ  (საკადასტრო კოდი: # 05.27.05.051) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს საპრივატიზაციოდ ამზადებს. თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის საკუთრებაში  ამ ქონების  გასხვისებისათვის გადასაცემად  აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ  ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს  წერილობით მიმართა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ერმაკოვი ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერია, მას საკრებულოს თანხმობის გარეშე მუნიციპალური ქონების აჭარის მთავრობაზე გადაცემის უფლება არ აქვს.  მიიღებს თუ არა  გიორგი ერმაკოვი თანხმობას საკრებულოსგან, ეს 19 მარტს დაგეგმილ სხდომაზე გამოჩნდება. საკითხი სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაშია შეტანილი.

 

 

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წერილის თანახმად ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიით შპს „ბათუმი მოლ დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მინისტრ დავით ბალაძის ინფორმაციით, კომპანია მზადაა ამ ტერიტორიაზე ააშენოს სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი, შექმნას 30.000 კვ/მ გასაქირავებელი ფართი, განახორციელოს დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დაასაქმოს 1000-მდე ადამიანი.

 

 

„ბათუმი მოლ დეველოპმენტი“ 2014 წელს „თიბისი ჰოლდინგმა“ დააფუძვნა. მაშინ კომპანიას „ბიჯი ტრანსფერი“ ერქვა, შემდეგ კი მას სახელი შეუცვალეს. შეივალა კომპანიის თავდაპირველი დირექტორიც. პაატა ასათიანი კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე ლევან ახვლედიანმა ჩაანაცვლა და კომპანიას დღემდე ის ხელმძღვანელობს. „თიბისი ჰოლდინგის“ ერთპიროვნული მფლობელი კი მამუკა ხაზრაძეა.

 

 

საკრებულოს  ნებართვის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო  მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიას კომპანიას, სავარაუდოდ, პირდაპირი წესით გადასცემს, რა ფასად – ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მანამდე კი, ქონების გასხვისების მიზნით მისი აჭარის მთავრობაზე უსასყიდლოდ გადაცემის ინიციატივა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, თუ წინადადება სარფიანია, ქონების გასხვისება მერიასაც შეუძლია. გარდა ამისა, ის ამ საკითხთან მიმართებაში საეჭვო გარიგებებსაც ხედავს და მიიჩნევს, რომ საკრებულომ საკითხს მხარი არ უნდა დაუჭიროს, ამაში კი განსაკუთრებით „რესპუბლიკელების“ იმედი აქვს.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, ახსენდება თუ არა საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბოლო წლების განმავლობაში მსგავს შემთხვევებში საკრებულოს პრინციპული პოზიცია დაეფიქსირებინოს და თავად გაესხვისებინოს მოთხოვნილი ფართობი იმ მიზეზით, რომ თანხა ბათუმის ბიუჯეტში შესულიყო? – ის პასუხობს:

 

„… მივხვდი რასაც მეკითხებით. ჩვენ ყოველთვის ხელს ვუწყობდით იმას, რომ ბრენდები შემოსულიყო. რაც შეეხება პრივატიზაციას, ამას ყოველთვის მერია ახორცილებდა, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში კი ასე არ ხდება.“

 

ბრენდების შემოსვლას ზუსტად ისე შეუწყო ხელი წინა მოწვევის საკრებულომ, როგორც ამ მოწვევის საკრებულო გეგმავს. ანუ, ქონების გასასხვისებლად მთავრობაზე გადაცემით. იყო შემთხვევებიც, როცა საკრებულოს  წევრებს ეგზავნებოდათ პროექტი არა კონკრეტული ინვეტორისა და განსახორციელებელი პროექტის შესახებ, არამედ ასეთი ჩანაწერით: „მისი ეფექტურად განკარგვის მიზნით.“

 

წინა მოწვევის საკრებულოში ამ მოწვევის საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე, „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი გასასხვისებელი ქონების მთავრობაზე გადაცემას ყოველთვის აქტიურად აკრიტიკებდა. 

 

„უთანხმდებიან მთავრობას და საკრებულოს შემდეგ მიმართავენ. გამოდის, რომ საკრებულოს მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია აქვს“, – ამბობდა ირაკლი ჩაბვლეიშვილი ოპოზიციაში ყოფნის დროს. რა პოზიცია ექნება მას ამჯერად, უკვე როგორც საკრებულოში უმრავლესობის მქონე კოალიციის წევრი პარტიის წარმომადგენელს, ეს 19 მარტს, საკრებულოს სხდომაზე გამოჩნდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე