ბათუმი

ბათუმელი სტუდენტის წარმატება თეატრალურ ფესტივალზე

06.01.2015 • 2552
ბათუმელი სტუდენტის წარმატება თეატრალურ ფესტივალზე

„უნივერსიტეტში მივედი თუ არა ვიკითხე, თუ იყო თეატრალური დასი. მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ თავისუფალი დრო სწორად გამომეყენებინა. ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა, ვცდილობდი გამეგო, როგორი იყო ცხოვრება კულისებს მიღმა. მანამდე სცენაზე არ ვმდგარვარ. ჩემი აზრით, მსახიობობა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიაა, გიწევს სხვისი ცხოვრების გათავისება, ძალიან რთულია ზუსტი ხასიათის დაჭერა. მე, მოყვარულს, მიწევდა ღამეების გათენება რეპეტიციებზე, წარმომიდგენია როგორ ცხოვრობენ მსახიობები, ალბათ საკუთარი ცხოვრება უკანა პლანზე რჩებათ“, – ამბობს ნინო გაბეჩავა.

 

ნინო გაბეჩავა
ნინო გაბეჩავა

სპექტაკლ „ნაფტალინში“ ნინო ასრულებდა მარტოხელა, ქვრივი, პენსიონერი ქალის, ნუნუს როლს, რომელიც გადაწყვეტს ნათესავი იშვილოს. საბოლოოდ ქონებას დახარბებული ნათესავი ნუნუს მოკლავს. `ნუნუ სკოლის დირექტორია, კეთილი ქალი. ლელა (ნათესავი) არ დაელოდება ნუნუს ბუნებრივ სიკვდილს და მას მოტყუებით „ნაფტალინს“ ასმევს. ნუნუ ფიქრობს, რომ გული აწუხებს, სინამდვილეში კი „ნაფტალინით“ მოკლეს. ამის შემდეგ ნუნუ ჯოჯოხეთში ხვდება შეცდომით. საბედნიეროდ ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება, ნუნუს დედამიწაზე სიცოცხლის 80 წელს აჩუქებენ შეცდომის გამოსასწორებლად“, – გვიყვება ნინო მის მიერ შესრულებული როლის შესახებ.

 

„ნაფტალინში“ შესრულებული როლი ნინოსთვის რიგით მეორეა. აქამდე ნინომ ეპიზოდური როლი „ლივ შტაინში“ შეასრულა. იგი ამ როლისთვისაც იყო წარდგენილი სტუდენტურ ფესტივალზე, ქალის ეპიზოდური როლის შესრულებისთვის: „პრემიერა პირდაპირ ფესტივალზე გვქონდა, ძალიან ვნერვიულობდი, მაყურებლის წინაშე პირველად ვიდექი. მაშინ მივხვდი, რომ სცენაზე ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად უნდა გამოავლინო საკუთარი შესაძლებლობები. მაშინ ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ის, რომ ვიყავი წარდგენილი ერთ-ერთ ნომინაციაზე იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, გამარჯვებას უდრიდა. ფესტივალი „ნიღაბი 2014“ საერთაშორისო იყო, ბევრი ქვეყნის უნივერსიტეტებიდან იყვნენ ჩამოსული სტუდენტები, რვა ნომინაცია იყო წარმოდგენილი, გამარჯვებას ამჯერადაც არ ველოდი, გამარჯვებულად რომ გამომაცხადეს, მას შემდეგ არაფერი აღარ მახსოვს, ძალიან მაგარი იყო, კარგი პრიზები მივიღე, გადმომცეს ფესტივალის ლოგო, ფიტნესკლუბის ერთვიანი აბონიმენტი, ინგლისურის სამთვიანი მოსამზადებელი კურსი უფასოდ, პლასტიკურ-ქირურგიული ცენტრის ვაუჩერი და სხვა საჩუქრები“, – გვიყვება ნინო.

 

თეატრალურ ფესტივალზე გამარჯვების მიუხედავად ნინო არ ოცნებობს წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე. იგი ამბობს, რომ ყოველთვის მასწავლებლობა უნდოდა, სწორედ ამიტომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. ნინოს ლექტორობა და საკუთარი სკოლის გახსნა სურს: „როცა რამე გინდა, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ გამოვიდეს, იმიტომ, რომ მთელი სამყარო გეხმარება მიზნის მისაღწევად. გამარჯვება სტიმულის მომცემია, მაგრამ იმ გეგმებს, რომლებსაც წლებია ვაწყობ, ვერ შემიცვლის. ამბიციური მეჩვენება ჩემი მხრიდან, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად პროფესორობა მინდა, პროფესორი რომ ვიქნები, ჩემი სკოლაც მინდა მქონდეს, თანამედროვე სტანდარტების სკოლა. ჩემი ეს მიზანი დედაჩემის დამსახურებაა, ის არის პედაგოგი, მინდა, მასსავით წარმატებული ვიყო ამ სფეროში, საერთოდ, დედაჩემს მინდა ვგავდე, თუ ვინმეზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კუმირია, ეს დედაჩემია“, – ამბობს ნინო.

 

როცა ამინდი აძლევს საშუალებას, ნინო უნივერსიტეტში ველოსიპედით მიდის. არ გამორიცხავს, რომ პროფესორის ამპლუაშიც მისთვის ველოსიპედი შეუცვლელი ტრანსპორტი იქნება: „ველოსიპედი და ყურსასმენები ჩემთვის შეუცვლელი ატრიბუტია, ვუსმენ ყველაფერს და ვსეირნობ ზღვისპირას, ამ დროს საერთოდ არაფერი მედარდება. თავისუფალი ცხოვრება მომწონს, ევროპაში პიჯაკითა და ჰალსტუხით სხედან ველოსიპედებზე, მინდა აქაც დამკვიდრდეს ეს, უნივერსიტეტში მხოლოდ ოთხი სტუდენტი დავდივართ ველოსიპედით, ამ ასაკში, ვფიქრობ, სხვა ტრანსპორტს არ უნდა ვიყენებდეთ“.

 

ნინო ამბობს, რომ მას და მის ძმას ერთი საერთო ოცნება აქვთ: „გვინდა მსოფლიო მოვიაროთ, მე ჩინეთი მაინტერესებს, მინდა ყველაფერი გავიგო ამ ქვეყანაზე და ხალხზე. კიდევ გვინდა ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმოვხტეთ“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: