ბათუმი

ბათუმის მერობის კანდიდატების მესიჯები წინასაარჩევნოდ

10.05.2014 • 2605
ბათუმის მერობის კანდიდატების მესიჯები წინასაარჩევნოდ

 

  

37 წლის გოჩა გუგუნავა არც ერთი პარტიის წევრი არ არის. “მხოლოდ ცოტა ხნით შევედი ქართულ ოცნებაში, მაგრამ იმედი გამიცრუვდა და მალევე დავტოვე”, _ ამბობს ის. პროფესიით სამართალმცოდნეა, თუმცა მისი სამუშაო გამოცდილება ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. ბათუმის მერობის შემთხვევაში მისი პრიორიტეტი ქალაქის იმ უბნების აღმშენებლობის წამოწყება იქნება, რომლებსაც ამ დრომდე ყურადღება ნაკლებად ექცეოდა.

გოჩა გუგუნავა

“ქალაქს უნდა მართავდეს კარგი მენეჯერი. მე, პირადად, მიმუშავია მენეჯერად და ფინანსურ მენეჯერადაც. ვიცნობ ყველა ქუჩისა და ოჯახის პრობლემას, ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ კანდიდატებიდან, რომლებიც მერობისთვის იბრძვიან, მე უფრო მეტი სიკეთის მოტანა შემიძლია ქალაქისთვის”.

 

კითხვაზე, რა აკავშირებს სალომე ზურაბიშვილთან და მის პარტიასთან, გოჩა გუგუნავა პასუხობს, რომ მისთვის ამ პარტიის მიმართულება “ევროპისაკენ”  მისაღებია.

რაც შეეხება გამოცდილებას, გასულ წელს მან სამშენებლო კომპანია “ჩეო-თრანსი” და საქველმოქმედო ორგანიზაცია “ბათუმი” დაარსა. 1996-2002 წლებში საექსპორტო კომპანია შპს “აჭარის” დამფუძნებელი და დირექტორი იყო. უფრო ადრე, 1996-1999 წლებში კი _ ასლან აბაშიძის შვილის გიორგი აბაშიძის სამშენებლო კომპანიის “აღორძინება-მ-ის ფინანსური დირექტორი.
კონკურენტებზე ამბობს, რომ “ღირსეული კანდიდატები გამოჩნდნენ” და იმედოვნებს, `კიდევ გამოჩნდებიან.

 

გოჩა გუგუნავა დარწმუნებულია, რომ დღეს საქართველოში არჩევნები აღარ გაყალბდება, ახლა მისთვის მთავარია “თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირდეს ისეთივე აქტივობა, როგორიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო “.

 

სალომე ზურაბიშვილის პარტიის მიერ დასახელებული ბათუმის მერობის კანდიდატი უსამართლოდ მიიჩნევს თვითმმართველობის ახალ კოდექსში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც საკრებულოს ერთ მესამედს ხალხის მიერ არჩეული მერის გადაყენების უფლება ექნება.
ბათუმის მერობისთვის “ხალხის პარტიიდან”  პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე იბრძოლებს.

 

“ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, მერიას ჩავაყენებ ქალაქის სამსახურში, მასზე დაქვემდებარებულ სამსახურებს კი პოლიტიკური წნეხისგან გავათავისუფლებ. საკადრო შერჩევისას მთავარ აქცენტებს პროფესიონალიზმზე გავაკეთებ და არა პარტიულ კუთვნილებაზე. ყველაზე მთავარი, რაც გამარჯვების შემთხვევაში უნდა გავაკეთო, არის ის, რომ ბათუმს დავუბრუნებ ბათუმელებს. წინა ხელისუფლებამ ბათუმი გადააქცია ართვინის გუბერნიად. ორჯონიკიძის ქუჩა რიზეა, გონიო _ ტრაპიზონი… ამ ყველაფერს მე წერტილს დავუსვამ”, _ ამბობს ჯუმბერ თავართქილაძე “ბათუმელებთან”.

 

ჯუმბერ თავართქილაძე

კითხვაზე, თქვენი განცხადება დისკრიმინაციული ხომ არ არის? მერობის კანდიდატი პასუხობს: `დისკრიმინაცია რაში გამოიხატება? ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ? _ მე ვარ იმ ერის შვილი, რომელმაც დაწერა “სტუმარ-მასპინძელი” და მასპინძლობას ნურავინ მასწავლის, მაგრამ სტუმარმა უნდა იცოდეს სტუმრის ადგილი”.

 

ჯუმბერ თავართქილაძე პროფესიით მშენებელი და იურისტია, სხვადასხვა დროს ის ბათუმის “სახლმშენ კომბინატის” მუშად, მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს ინჟინრად და შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის სპეციალისტად მუშაობდა.
მერობის შემთხვევაში ჯუმბერ თავარქილაძის გეგმებში ბათუმში მცხოვრები იმ პირების მოქალაქეობის საკითხის გადახედვაც შედის, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ის ამბობს, რომ სასამართლოს გავლით შეძლებს იმის დადგენას, კანონიერადაა თუ არა გაცემული ამა თუ იმ პირზე ორმაგი მოქალაქეობა.

 

მერობის კანდიდატი უკვე დაასახელეს “ლეიბორისტებმაც”, ამ პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი პროფესიით ფილოსოფოსი ნუგზარ ჩხაიძე იქნება. “ჩემი მერობის შემთხვევაში შეწყდება ქალაქში უსახური მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა და დაიწყება დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა. სამსახურში დავაბრუნებთ უკანონოდ დათხოვნილ თანამშრომლებს”.
ნუგზარ ჩხაიძე ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორია. ის 1991 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი მოწვევის წევრი იყო, პარტიიდან “მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო.”
ნუგზარ ჩხაიძე უპარტიოა და “ლეიბორისტული პარტიის”  მოსაზრებებს ნაწილობრივ იზიარებს.

 

ნუგზარ ჩხაიძე

 

 ყოფილი მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი საკრებულოს მოქმედი წევრი, პროფესიით ექიმი ტრავმატოლოგი გია დიასამიძე იქნება.

 

გია დიასამიძე

ყოფილი მმართველი პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატის თქმით, დასაქმება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. ამისთვის თვითმმართველობამ უნდა შექმნას პირობები, მოიზიდოს ინვესტიციები, უნდა ამუშავდეს გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
“თუ გავხდები მერი, აუცილებლად დავაყენებ საკითხს, რომ ბოლოს და ბოლოს მრავალჯერ დაანონსებული სახელმწიფო საავადმყოფოს აშენების საკითხიც დაიძრას”, _ ამბობს გია დიასამიძე “ბათუმელებთან”.

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვია.

 

გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობას 2013 წლის თებერვლიდან ასრულებდა, (თანამდებობიდან ის 8 მაისს გადაგადგა.) მის მოადგილედ დანიშვნას ყოფილმა მერმა ჯემალ ანანიძემ თავად მოაწერა ხელი. ერმაკოვის დანიშვნიდან მალე კი მან თანამდებობა დატოვა. მანამდე ცოტა ხნით ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი ერმაკოვის ბათუმის მერად დანიშვნის დირექტივა საკრებულომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო.

 

გიორგი ერმაკოვი

მერიაში დანიშვნამდე გიორგი ერმაკოვი შპს “თეგეტამოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად მუშაობდა. მერობის შემთხვევაში ის მთავარ პრიორიტეტად ქალაქის გარეუბნების ინფრასტრუქტურის შეცვლას ასახელებს.

 

მერობის კანდიდატების თქმით, წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არც ერთ მათგანს არ დაუწყია. საარჩევნო პროგრამების პრეზენტაციას თითოეული მათგანი უახლოეს დღეებში გეგმავს.

 

გადაბეჭდვის წესი